ოთარ ჭილაძე - შენ ხარ ჩემი ჯილდოც

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე არხლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი.”

გიორგი საჯაია - წვიმს

წვიმს. ზეცას მკერდი მთვარის ქიმზე გაუსერია,
სადღაც ისროლეს! - თუ არ ვცდები, მაუზერია.

წვიმს. ნაცნობ ქუჩით ღამის აჩრდილს ფეხდაფეხ მივსდევ,
სადღაც მოთქვამენ... (შეეწიე, უფალო ქრისტევ).

წვიმს. ბედმა ისევ უდარობას არ ამარიდა.
სადღაც სიკვდილი იზმანება ცივ სამარიდან.

წვიმს. მკვლელობათა მაგონდება მთელი სერია...
ისევ ისროლეს! - ექოზე ვცნობ, მაუზერია.

გიორგი საჯაია - წერილი ბოთლში

გამოუვალი წვიმებია. ასეთ დღეებში
მთაში მივდივარ, სადაც ტყეა, ტყეში ქოხია,
ქათმის ფეხებზე შემომდგარი; ქოხში სხვენია,
სხვენში სკივრია დამალული, სკივრში - კურდღელი,
კურდღელში - იხვი, იხვში - კვერცხი და კვერცხში - ნემსი,
რომლითაც ასეთ ძნელ ამბებში ტუჩებს ვიკერავ,
რომ უცებ რამე არ წამომცდეს, დარდის მაგვარი.

გიორგი საჯაია - ცენტრიფუგა

შენ, ერთი უბრალო ბროშურა 
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე, 
რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს, 
რომელიც, თავის მხრივ, ასევე, 
ეკუთვნის სადაფის ამბუშურს, 
რომელსაც უმზეო ტაროსში 
აბოლებს, კითხულობს პასტერნაკს, 
დროდადრო - ბობროვს ან ასეევს. 

დროდადრო ყველაფრის ახლიდან 
დაწყებას ცდილობს და ალაგებს 
ჩანთას და გარბის და გაჭრილი 
ვაშლივით ჰგვანან და მისდევენ 
ერთმანეთს ქუჩები, სახლები, 
სახლები, ქუჩები - ქალაქი, 
რომელიც ყელში აქვს გაჩრილი 
და სიმსივნესავით იზრდება. 

გიორგი საჯაია - ჩემო იარალი

ვერაფერ ახალს ვერ გთავაზობ. არათუ
ახალს, ძველიც კი არაფერი არ დამრჩა
სათქმელი. ჩუმად მივუყვები ნარატივს,
სადაც ვიცხოვრეთ, გვიყვარდა და გადავრჩით

ამდენად, სიკვდილს, სასწაულით, რამდენჯერ?!
სოფლით, ორღობით, ლილოჭრილით... გამაშით,
ჩაფხუტით, ჩექმით, იარაღით, ფარაჯით,
ბაბთით, ცილინდრით, მოკასინით, და ა. შ.

მხარდამხარ, მედგრად, თავგანწირვით, უშიშრად,
ზამთრით, სიცივით, პურის რიგით, კუპონით,
შიმშილით, არყით, ოპიუმით, ჰაშიშით,
უღვთოდ, უდროოდ, უსამშობლოდ, უგონოდ -

რამდენჯერ, ჩემო იარალი?! არათუ
ახალს - ძველიც კი არაფერი არ დარჩა,
სათქმელი. უხმოდ მივუყვები ნარატივს,
ანდანტე... პრესტო... მოდერატო... ვივაჩე...

გიორგი საჯაია - შემოდგომის ინსომნია

აღარაფერი აღარ დარჩა ძველი განძიდან,
დუმილის ოქროც განიავდა და სიტყვის ვერცხლიც.
ღამის პეპელა სტრიქონებით ვაპურებ მერცხლებს,
სიცარიელით ჩემი სული როგორ დამძიმდა.
რადგან რაც იყო გასაზიდი, ჟამმა გაზიდა
და ახლა დროის უზარმაზარ საცერში გაცრილს,
სექტემბრის ქარი სხეულიდან ფოთლებს-ღა მაცლის,

მე, ასეთ ბებერს, ასეთ ხმელს და ასეთ გატოტვილს
მათში, ვინც მოდის და ფესვებზე თეთრ ბატკანს მაბამს.
შემოდგომაა. ინსომნია. ტრაგიკულ ამბავს,
წიგნის თაროზე შემომჯდარი, ყვება ბალმონტი -
როგორ დედდება სისხლძარღვებში ქაღალდის წებო...
ჩემი დაღლილი თვალებიდან ღამე გადმოდის
და ჩემს მაგიერ ტანთ იხდის და ლოგინში წვება.

გიორგი საჯაია - ღმერთების მტერი

იცი, როგორ ვარ? ქარბუქი რომ თავს დაატყდება 
სოფელს და ყველა მიატოვებს. სიცარიელე 
ისე იზრდება ამ სოფელში, წლების მანძილზე, 
საკუთარ მკერდში რომ ვაშენე, ჩემი მფარველი 
სულებისთვის, რომ ცოტა ხანში არათუ სამ-ოთხ 
ტყის სულს, არამედ, ზუსტად ვიცი, მთელი სამყაროს 
მხეცებს დავიტევ, ჭეშმარიტი შამანივით და 
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ 

იცი, როგორ ვარ? კატას სარზე რომ წამოაგებ 
და უცქერ, როგორ საცოდავად ფართხალებს. უცქერ 
და ამაყი ხარ, კმაყოფილი, იმით, რომ ასე 
იოლად არ ხარ მისაწვდომი, ასე მარტივად 
გასაგები და თავს იმშვიდებ იმით, რომ შეგწევს 
ძალა ბრძოლის და ძალა თქმის და ძალა გაქცევის 
ბოლოს და ბოლოს - შენს ხელთაა შენი ბედიც და 
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ 

გიორგი საჯაია - ქუჩის მუსიკოსი

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით - ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.

გიორგი საჯაია - ქარი არის

ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.

გიორგი საჯაია - ფიკუსები

სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი.
ვარ ერთი დარბეული სიმაგრის მეციხოვნე,
საკუთარ მარტოობის დარაჯი უნიათო.

ოთახში (კვადრატული მეტრია ოციოდე),
რომ არა მიმოწერილ ლირიკულ კანტატებით
კედლებზე, შიგადაშიგ, ჩრდილების მოციონი,
საერთოდ, როგორც წესი, დუმილის ანდანტეა.

ძველებურ სავარძელში ძალიან კომფორტულად
ვზივარ და უძილობის ორდენის კავალერი,
წვიმებით ამოჭმული ფანჯრების ოფორტიდან
გადმოსულ ლოკოკინა ღამეებს ვამარილებ

და ვუყრი შესაწოვად ქოთანში მარადმწვანე
ფიკუსებს, ვუხალისებ ნიადაგს ეროზიულ,
რომ ერთად გადავლახოთ როგორმე ფოთოლცვენა,
ასეთი ყვითელი და ასეთი - ციროზივით.

და უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი...

გიორგი საჯაია - ფანტასმაგორია

(თამო ჩხეიძეს)

შენი ოცნება დუბლინია,
თამ,
ჩემი - უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე...
აზაზელი...
გკითხულობ:
"...იცი? ირლანდია,
რამდენი წვეთი დავითვალე..."
მთვარეა,
ცაა,
გირლანდები...
ფეიერვერკი...
ბარბიტალი,
თვითმკვლელის დოზით –
სიგიჟეა!
შეშლა, პოზაა გროტესკული...
მგონი სიკვდილი მივიჩვიე,
მგონი სიცოცხლე პროტესტია,
თამ...
და ოცნება დუბლინია...
თბილისი - უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე...
აზაზელი...

გიორგი საჯაია - უღელტეხილი, 8 აგვისტო

გვირაბს გამოვცდით, -
შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, -
შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.

გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.
ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი.
შენ თქვი: ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მან თქვა: ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მე ვთქვი: რთულია სიყვარული. და არა - წერა.

" უკეთუ გინდეს შემოდგომად მისდა - უარყავ! "
ვაშლის დახლები, სხვა დახლები, დახლები ნიყვის...
შენ თქვი: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მან თქვა: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მე ვთქვი: კარგია საქართველო... როდესაც გიყვარს.

გიორგი საჯაია - უმისამართო სონეტი

ერთხელ, როცა წასული, ჩემგან, ქმართან დაწვები,
ჰკითხე მთვარის ბაღებზე გადმოვლებულ იბისებს,
წითლად როგორ ენთება ფერმიმკრთალი ღაწვები
ევას, როცა ადამი მის სიწმინდეს იფიცებს.

თუმცა, ვიცი ვერასდროს - ასე იყო მარადის -
ფერით უხერხულობის შენ ვერ შეიმოსები,
შენს ნერვს ვერ აათრთოლებს მწარე გესლი ღალატის,
ქმარზე მეტად გხიბლავენ როცა ჩემი გლოსები.

და დადიხარ ცით-ცამდე გადადებულ ხიდეზე,
როგორც წმინდა სელენე - ღამეთა დედოფალი!
ოცნებობ შარლ ბოდლერზე და მოპასან გი დეზე...

და რადგანაც ჰესპერი მხოლოდ ისე ციალებს,
ვით შენს მკერდზე ბნეული მარტოხელა ოპალი,
შეგნებულად არ ვაწერ სონეტს ინიციალებს...

გიორგი საჯაია - ტრიოლეტი

მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა,
ზეცა - უძირო და ლურჯი სივრცე 
(ბოლოს მას უნდა მეც სული მივცე). 
მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა. 
ფიქრმა ნისლებით სული შენიღბა 
და მთელ ამ ქაოსს დრო იხვევს თითზე... 
მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა, 
ზეცა - უძირო და ლურჯი სივრცე. 

გიორგი საჯაია - სიყვარულის კამიკაძე

ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",
გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!

მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად
იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.

გიორგი საჯაია - სერიული თვითმკვლელი

რა შორს მიდიხარ?! შემოდგომის ამ პირველ ფოთოლს
უამბე... ამ სკვერს, ამ შადრევანს, ამ – მოკლედ, რა შორს
მიდიხარ?! ღეჭავ სიგარეტის ფილტრს, ანუ ფითილს,
ანუ კბილებში, კვამლთან ერთად, ყოველგვარ კავშირს

ცრი, მასთან, რასაც ცოტა ხნის წინ კავშირი ერქვა
შენს და ღმერთს შორის და ყველაზე მარტივ გზას ირჩევ,
როცა მიდიხარ... და გველივით ტყავს, ანუ მერქანს
იძრობ და ხელში ცარიელი ბოთლით და სირჩით,

მიდიხარ, როცა პოეტი ხარ, ანუ თუ იცი,
რომ ყველა წასვლა ნაცადია და ის-ღა გაკლდა,
რომ სერიული თვითმკვლელივით მორიგ სუიციდს
უძღვნი ამ ფოთოლს, ამ შადრევანს, ამ სკვერს, ამ... მოკლედ,

უტევებ ცოდვებს პილატეს და ბანგას მარიაჟს,
უწვეულებოდ, უნადიმოდ და უტრაპეზოდ,
ირგებ სხეულზე, ტოგასავით, ღამეს, ბარეჟის
და ვენებს იხსნი, მარმარილოს ცივ კანაპეზე.

გიორგი საჯაია - სასაცილო ხარ

სასაცილო ხარ... ლაპარაკობ გაუთავებლად,
ყველ-არა-ფერზე, გაფუჭებულ რადიოსავით,
არაფერს ტოვებ უთქმელად და გაუტარებლად.
ვილაპარაკოთ - კეთილი და პატიოსანი.

რაზეც გენებოს, დაწყებული სტრატოსფეროდან,
დამთავრებული ნაწილაკით ელემენტარულ,
(ბედი შენი, რომ მე დუმილის დიდოსტატი ვარ
და ვიფარგლები მხოლოდ ენით არავერბალურ...)

ვილაპარაკოთ, მაგრამ კრინტი არ დაძრა ღმერთზე! -
წინაშე შენი სათნოების, ერეტიკული,
მე ანგელოსი ვიქნებოდი, რომ არა ერთი
პატარა ნაკლი - პოეტი ვარ, გენეტიკურად.

გიორგი საჯაია - რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვახსოვს"... "არ გვიქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი -
მზერა, რომელიც ავარიდეთ...
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.

გიორგი საჯაია - პელიკანი

თავდაპირველად, ისე მოხდა,
რომ მეგობარი დავკარგე.
იმ დღეს ყველა ტიროდა.
ყველა - უპატრონო ძაღლებიც კი, ცარიელ ქუჩაში.
მე კი, ვთქვი, დღეს ცუდი დღე არის-მეთქი,
მარჯვენა ხელი მოვიგლიჯე
და აყმუვლებულ ძაღლებს გადავუგდე საჯიჯგნად.
ხელი, რომელიც მეგობრისთვის
საშველად უნდა გამეწოდა და ვერ შევძელი.

მერე მამა დავკარგე. იმ დღეს თოვდა.
მთელი კვირა თოვდა.
და მე ვთქვი, რომ ცუდი კვირაა-მეთქი.
ვთქვი და მარცხენა ხელი მოვიჭამე, სიმწრისგან.

მერე სამშობლო დავკარგე.
ვთქვი, ცუდი თვეა-მეთქი,
მარჯვენა ფეხი მოვიგლიჯე,
რომელიც ომიდან გაიქცა
და მტერს გადავუგდე, დროებით თავშესაქცევად.

გიორგი საჯაია - პარასკევი, 13

აი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი
ეშხით და სამი მეოთხედით და მთელი სიგრძე-
სიგანით. აი შენი ყანა და შენი "ჩელა",
მთელი ცხოვრება დროდადრო რომ ასხვისებ, იძენ,
ასხვისებ, იძენ. აი შენი სოფელი, შენი
ნამუსი – შენი გაჩეხილი ვენახი. აი
შენი ორწვერი, ქამარჯინა, ლიჯე, ხდე, შინო,
შენი საყდარი, შენი მიწა და "აი-ია",
რომელსაც თითით მიჰყვებოდი და აი ქოხი,
რომელშიც ენა აიდგი და რომელშიც წერა
დაიწყე. შენი სამოსახლო და აი მუხა
რომელსაც მუმლმა გამოსჭამა სამ დღეში ძირი.
აი ჰალსტუხი, აი მიშა - და კიდევ კარგი
ეს ყველაფერი იმდენია, ყელამდე გაძღე
შეგიძლია და რასაც ზოგჯერ პოულობ, კარგავ...
პოულობ, კარგავ, მოთმინებას, თავს, კავშირს, საზღვარს,
დროს, სახეს, იმედს, დედამიწას, სამყაროს, მეტიც,
რწმენას, რამეთუ სხვა რა გზაა და იმ გზას თელავ,
რომელზეც ფეხი მიგიწვდება და ამის დედაც!
მოვტყან - იტყვი და გააბოლებ ერთ ღერ სიგარეტს -
შენი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი
ეშხით და სამი მეოთხედი სიგრძე-სიგანით.

გიორგი საჯაია - ნუ დამიბედებ

დღეს ბედობაა... აუხდენელი ოცნებების,
ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს...
თვახედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში!
და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს...
მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში...
ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის...
და ამ ორიდან გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი!
და ერთადერთმა ღმერთმა იცის, ალბათ - რომელი...
ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს! მე ვარ დემონი...
მე ვარ სატანა... ვოლანდი ვარ და ბელზებელი...
ლუციფერი ვარ... ქვესკნელების ვარ ჰეგემონი
და სივრცეებში მიმოფანტულ ქართა მპყრობელი...
პლანეტები ვარ გადამწვარი... მათი მზეები...
და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ...
ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს, ქრისტეს გაფიცებ, -
იქნებ როგორმე გადამირჩე - ღმერთის გულისთვის!
დღეს ბედობაა... დაიბედენ ჩემზე არფიქრი!
ანგელოზები დაიბედე... სამოთხეები...

გიორგი საჯაია - ნირვანა

ვზივარ და - არაფერი. ვზივარ და ფაიფურის სიდჰარტას
სიჩუმეს ვუზიარებ, გაჟღენთილს არომატულ კამპარით.
სიდჰარტას ვუზიარებ სიჩუმეს - არაფერი. ვზივარ და
თვალებით, სიგარეტს და უშაქრო ყავას შორის ვაპარებ
წლებს, როცა ერთმანეთი შეშლილი სიყვარულით გვიყვარდა.

და ისე შეველიეთ ერთმანეთს, იოლად და მარტივად,
რომ ბუდამ ნერვიულად ფანჯრიდან საკუთარ თავს გაასწრო,
თორემ მე არა მიშავს... ვზივარ და ნოემბრიდან მარტამდე
დრო ისე იწელება, უამრავ უშენობას მოვასწრებ,
ჭირივით აუტანელ, ნესტიან ამინდებში, გადამდებ.

გიორგი საჯაია - მოძრაობის ილუზია

განგრევს მოძრაობის ილუზია,
გახრჩობს უძრაობის ანაკონდა.
შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნია
წლების ფრაგმენტული ამარკორდი.

ისმენ უღმერთობის რაფსოდიებს,
ბედთან უმიზეზო შედავებით.
იცი - ყველაფერი აფსურდია!
გულიც აღარ გწყდება, შედარებით...

აღარც თბილისური სანაპირო
გხიბლავს... მით უმეტეს ნარიყალა.
გინდა გადახვეწა განაპირას,
სადმე დედამიწის - დაიღალე!

გიორგი საჯაია - მონატრების გაკვეთილები

აქ უნდა ავუხვიო და მერე გზა იყოფა.
რა მაგის პასუხია და შენი მისამართი:
ჯერ უნდა გავიარო ბეტონის ალაყაფი
და მერე სკამი არის, ჩეროში მისავარდნი.
არც ისე ულამაზო ჩრდილი აქვთ კვიპაროსებს,
ჩრდილების კვალობაზე - არც ისე უხეირო.
საერთოდ ზღაპარია, თუ ახლოს პაპიროსის
ღერი და შამპანურის ბოთლია, ნახევარი.
მე ვიჯდე, შემიძლია, ამ სკამზე საათობით.
რამდენად შეიძლება - ეს კიდევ სხვა თემაა...
ვფლობ შენზე ექსკლუზიურ უფლებას საავტორო,
რაც უკვე მიზეზია, უდავოდ, ანათემის!
რაც უკვე საბაბია, უთუოდ შეჩვენების!
და შენი დარაბები, ბედივით ჩაკეტილი,
ჩემს მზერას, მონოტონურს, გრძნობენ და ეჩვევიან
როდესაც მონატრების ვუტარებ გაკვეთილებს.

გიორგი საჯაია - მზე ხელისგულზე

აქ მზე თავდება! სხვა იტყოდა, თავდება გზაო,
მაგრამ სხვა არ ვარ და ამდენად, მეპატიება -
მე შეიძლება განვაცხადო, რომ უშნო ცაა
და წვიმის ნაცვლად მოვიყვანო სერპანტინები,
ასე, რომ ვამბობ: გზა კი არა, აქ... მზე თავდება!

არადა იყო საკმარისი მზეც და მანანაც...
დროც, როცა ღმერთის არსებობის იმდენად მწამდა,
რომ თავს საოცრად უხერხულად გრძნობდნენ მავანნი
და სახელითა მამისათა ნელ ცეცხლზე მწვავდნენ
იმდენხანს, ვიდრე უღმერთობას არ ვიწამებდი.

მერე კი, მერე ყველაფერი გაიშვიათდა:
ჟანგბადიც, ღმერთიც, უღმერთობაც, მორალიც, დოგმაც,
ბედიც, რომელიც აღარც მახსოვს ავირჩიე თუ
მემკვიდრეობით ალბერტ პ-სგან მივიღე როგორც
უკანასკნელმა საპატიო ალქიმიკოსმა,

გიორგი საჯაია - მელაპარაკე

მელაპარაკე,
ულამაზეს
შენი ნოტებით...
შემომეშველე
ტკივილების
დამიწებაში...
მელაპარაკე,
ვიდრე წავალთ,
განვიტოტებით,
ჩვენ ჩვენი გზებით
სამუდამო
დავიწყებაში...
მელაპარაკე,
ცაზე ნაწერ,
შენი ნოტებით...

გიორგი საჯაია - მე ვცხოვრობ წიგნში

და შენთვის მხოლოდ სიტყვები ვარ, ანუ მაშინაც
არაფერს ვნიშნავ, როცა გინდა რამეს ვნიშნავდე
უმეტესს, ვიდრე სიტყვებია (მე ეს მაშინებს),
მაშინაც, როცა მკითხულობ და "?"-თან

ჩერდები, როგორც შუქნიშანთან და გზას აგრძელებ
დანიშნულების "."-მდე, ანუ სახლამდე,
"," დღის მერე და დაღლილი, კითხვას საძილე
აბით ამთავრებ, რომ დილიდან, ისევ ახლიდან

დაიწყო; როცა ცრემლის ლაქად რჩები სარეცელს,
ან როცა თითის ანაბეჭდად რჩები მაგიდას,
ჭიქაზე; როცა ჩვენში დარჩეს, მაგრამ არ იცი,
რა მოუხერხო ამ დარჩენებს ჩვენში - არ გინდა

გიორგი საჯაია - მარტივი მოტივი

მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას -
დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!
ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,
თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.

და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის
გარდაუვალობით გაწამებს ანანკე.
და არის აპრილი, უდაოდ, რეზონი
და მერე მაისი და მერე... მანამ კი:

ოთახში სიბნელე. სიბნელის ოთახში -
საგანთა ქაოსი. ქაოტურ საგნებში -
ყოვლად უსარგებლო ნივთების ზარდახშა.
ნაცნობი ანფასი, დაორთქლილ სარკეში.

გიორგი საჯაია - მარინისტული ალეგორია

მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა
(ასეთ დროს შავ ზღვას, როგორც წესი, არ იგონებენ)...
აქ განთიადი გახლეჩილი, მზეა, შუაზე
და შეღამებას ფერი დაჰკრავს ფლამინგოების.
და იბიციდან მონაბერი, მსუბუქი ბრიზი,
აკვამარინის სამკაულებს ქვიშაზე ფანტავს.
პალმების ჩრდილქვეშ ირუჯება მედუზა გრილზე,
რომ მერე ვახშმად მიებაროს ლაგუნის ფანტომს.
არაფერია აქ სიკვდილზე უფრო უაზრო,
ხოლო სიცოცხლე, პირობითად - ალეგორია:
მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა
(ასეთ დროს გულრიფშს, როგორც წესი, არ იგონებენ)...

გიორგი საჯაია - ლპობა

სინამდვილეში, სულ ეს არის. ხოლო რაც არის,
სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,
ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი.

მე მოვდიოდი შენს ხელებთან, როცა გეძინა
და, ჩემო სულო, შენს თითებში სახეს ვმალავდი,
რომ მტკიოდა და... რომ სიმწრისგან არ გამეცინა.

და მივდიოდი - "მაღლა იდგა გემი დალანდი", -
შენ, სისხლო ჩემო, არც კი იცი საერთოდ, ვინძლო,
რომ სწორედ შენგან ვისახსოვრე წასვლის ტალანტი.

გიორგი საჯაია - თოვლი მაინც იყო

ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს -
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი...

გიორგი საჯაია - თბილისი, ღამე, წვიმა

თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონის ხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი -
რაც შეიძლება დიდი...
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები -
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!

გიორგი საჯაია - ზამთარი #32

ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
(არც ღირდეს,
ვინ იცის, ოცნებად!)
ჯერ კიდევ სადა ხარ?!
იმდენჯერ მოგხვდება
ცხოვრება ტუჩებში,
თვითონ გაოცდები...

გიორგი საჯაია - განწირული თაობა

გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...

დღეს -
რომ ვერ "გვიხმარეს",
შემოგვდგნენ წიხლებით...

ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...

ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...

გიორგი საჯაია - არყოფნის

არაფერი შეცვლილა სინამდვილეში.
უბრალოდ, ერთი განზომილებიდან მეორეში გადაინაცვლე,
სხვა - არაფერი.
თუ ადრე რეალურ სახლში იკეტებოდი,
ახლა ვირტუალურ სახლში იკეტები.
ფუსფუსებ შენს ოთახში, რომელსაც სხვანაირად "ვოლს" უწოდებ:
აჭრელებ კედლებს პორტრეტებით, მოგონებებით.
უსმენ მუსიკას. ფიქრობ, ზოგჯერ - ხმამაღლა.
დგები, მიდიხარ ფანჯარასთან, რომელსაც ახლა "ნიუსფიდი" ჰქვია,
აღებ, ეწევი, თვალს ადევნებ გარე სამყაროს...
და როცა სახლში გამეფებული სიბნელე თვალს გჭრის
და კურსორის მონოტონური პულსაციაც ყურს ცუდად ხვდება,
ხელის მარტივი მოძრაობით მიგყავს ისარი ღილაკთან "მთავარი"
და შენი ერთოთახიანი ბინიდან,
რომელშიც მზის სხივი არასდროს აღწევს,
მარკ ცუკერბერგის ერთსართულიან ქალაქში გადიხარ,
რომელშიც მუდამ ქარია,
რომ შიგადაშიგ თავი შეახსენო ნაცნობ-უცნობებს -
აქაოდა, ცოცხალი ვარო.
ასე ცხოვრობთ, დღიდან დღემდე, ღამიდან ღამემდე
შენ და შენი განუყრელი თაგვი -
ერთადერთი ნამდვილი მეგობარი.
არაფერი შეცვლილა, უბრალოდ... არ ხარ.

გიორგი საჯაია - არაფერი თქვა

კანაფის კვამლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.
მიზიდულობას ეფედრინით
ვებრძვი და კედლის კალენდრებზე -
მაისის ზერო...
მირაჟული
დღეები ჰგვანან პალინდრომებს -
წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები.
მთვარე გავტეხე - ნახევარი
აბი LSD 25-ის,
ენის ქვეშ - იყო ახირება...
არაფერი თქვა, ჩამეხუტე!
შეშლამდე ისე ცოტა კმარა,
რომ სულში სისხლი ჩამედინა:
შენი სხეული ცოდვა არი,
რომელიც უნდა ჩავიდინო!
ვინ იცის, იქნებ აღასპერზე
შვიდიათასჯერ ცოდვილიც ვარ?!
გაჩუმდი, არ თქვა არაფერი,
დაწექი...

გიორგი საჯაია - ანდერძი

მეუღლეს:
გიტოვებ მძიმე ცხოვრებას.
მაპატიე.
მიყვარხარ.

შვილებს:
გიტოვებთ ვალებს -
სხვა არაფერი გამაჩნია.
დედას გაუფრთხილდით.

მეგობრებს:
გიტოვებთ ცოლ-შვილს,
თუმცა მესმის,
რომ თქვენი პრობლემებიც
თავზე საყრელად გაქვთ.

საქართველოს:
გიტოვებ პოეზიას,
არა იმიტომ,
რომ ჩემგან რამის ღირსი ხარ,
არამედ იმიტომ,
რომ მიხვდე, რა ძნელია
ოჯახის ლექსებით გამოკვება.

გიორგი საჯაია - აბსტინენცია

წევხარ. ეწევი. კაცმა რომ თქვას, ახლა გაფრენას
წინ არაფერი ეღობება, ფანჯრების გარდა
(საგნებს აღარ თვლი სათვალავში, თითქმის არ სჩანან
საგნები, რადგან უსაგნობით სახლი გაივსო
და ასე უფრო იოლია, თან – გაცილებით...),
რომელთა მიღმაც ქალაქია, დილა, აპრილი,
და შვერილებზე გაჭიმული სარეცხის კორდი,
რომელსაც ქარი ანიავებს. სხვა, დანარჩენი,
ან სულერთია, ან შორს არის – თითქმის ხეებზე,
X გამზირს Y მოედნამდე რომ აცილებენ.

დგები. გადიხარ და ატყობ, რომ პრობლემა გახდა
ქუჩაც, რომელსაც მიჰყვები და არავინ მოგდევს,
ჯიხურიც, სადაც შეგიძლია სასურველ გაზეთს
შეავლო თვალი, შეიძინო და შემდგომ ამის, -
თუკი ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, ღმერთის შეწევნით, -
სახლიც, რომელშიც გელოდება ვინმე და ტახტიც,
რომელზეც მშვიდად შეგიძლია, დაწვე და მოკვდე,
თუნდაც ცოტა ხნით, თორემ დიდხანს ვინ გაცლის ასეთ
მარტივ ან სიკვდილს, ან სიცოცხლეს და ა. შ. და მისთ.
ბრუნდები. წვები. არაფერი. წევხარ. ეწევი.

გიორგი საჯაია - Heureka

ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

და რახანია ვადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,
რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე

და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს - "რესეტი",
რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,
რომელიც მოკლეს... მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,
მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,

გიორგი საჯაია - Au Lapin Agile

პარიზი.
საღამო.
კაფე მოდებილო -
"Au Lapin Agile".
გარეთ მონმარტრია,
ქუჩა ტირიფების...
მღერის ვოდევილებს
(ოლივ ბესსელენის)
დასი - "Normandie".
საღამო.
პარიზი.
პოეტთა კაბარე -
კედლებს ანრე ჟილის
ამშვენებს გუაში.
და კარგად აღზრდილი
გარსონი მაბარებს
ანგარიშს,
რომ ერთ დროს...
რომ თურმე...
და ა. შ.
და თურმე მალარმეს,
უყვარდა "Йlisйe"
(კერძია ერთგვარი)
და შანდონ მოეტი.
სულაც არ ანაღვლებს,
დღეს,
სადღაც თბილისში,
რომ იქნებ ძალიან,
მწერლებს და პოეტებს
შიათ ან წყურიათ -
ჰკიდია ცალ ფეხზე...
პარიზი.
საღამო.
13 მარტია.
- Cafй, s il vous plaоt...
- Seulement?
- Oui... Merci!
ვზივარ კაფეში და
გარეთ მონმარტრია.

გიორგი საჯაია - "ღამეს ვერცხლის ფარჩა..."

ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,
ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია,
გასცქერი მთვარის მთებს და მთვარის ვაკეებს
და ცრემლით იშუშებ სიმწრისგან ბაგეებს
დანაკვნეტს... დანაჭამს...

სევდა გეპარება როგორც მორიელი,
მკერდზე გადაშლილი გიდევს მოლიერი,
წევხარ სასთუმალზე და ელი მდუმარი,
როდის შემოგიღებს კარებს ქვის სტუმარი
მაგრამ, ის არა სჩანს...

და ასე ლოდინში გადიან დღეები:
იცვლიან დროდადრო სამოსელს ტყეები,
დღეს, მზიანს, უღრუბლოს, ღამე ცვლის მთოვარი,
შენს სულში იღვიძებს ზოგჯერ მაცხოვარი
და ზოგჯერ - სატანა.

გიორგი საჯაია - "ხანდახან ხდება რომ.."

ხანდახან ხდება, რომ
ტანში გაგაციებს... 
წართმევით ფეხების, 
არაამქვეყნიურს 
მე ვგრძნობ გრადაციებს 
დროს, შენთან შეხების. 

მზერაში არეკლილ 
ტალღების ღელვათა 
ჯადოსნურ მანევრით, 
მართობ და განმგმირავ, 
ზეციურ ელვათა, 
მჭრი, ბასრი სატევრით. 

მთრგუნავ და მაბრმავებ, 
მამუნჯებ სამარის 
აღთქმული სიმუნჯით. 
მუხლებზე მაჩოქებ 
დედოფალ თამარის 
დარ თვალთა სილურჯით 

გიორგი საჯაია - "წამოდი გავიქცეთ"

როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო -
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.

რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!

ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში.
რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.

გიორგი საჯაია - "ჩემი სამშობლო"

ჩემი სამშობლო ერთი მუჭა მიწაა,
ერთი ღერი ყვავილის სამყოფი მიწა,
რომელიც მუდამ გულის ჯიბით დამაქვს.
პერიოდულად, ჯიბიდან ვიღებ ცოტ-ცოტას და
მტერს თვალში ვაყრი, დასაბრმავებლად.
ცოტაა ჩემი სამშობლო და ბევრია მტერი -
რომელ ერთს გინდა, აუხვიდე, კაცი,
ან რამდენს გინდა, თვალი დაუვსო?!
ბევრია მტერი და ცოტაა ჩემი სამშობლო,
იმდენად ცოტა, რომ ამ ბოლო დროს,
ჯიბისკენ ხელის წაღებისაც კი მეშინია -
ვაითუ, რაც იყო, ისიც არ დამხვდეს, ვაითუ,
იმ ერთ ყვავილსაც აღარ ეყოს, გასახარებლად.

გიორგი საჯაია - მიყვარხარ ასეთი...

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია

გიორგი საჯაია - "მე პოეზიას ჰელიკონზე..."

მე პოეზიას ჰელიკონზე ქრისტედ ვეწამე!
და ჩემს მძიმე ჯვარს გოლგოთაზეც ბევრჯერ ავიტან!
გარდავიცვლები და აღვსდგები, ღამეს მესამეს,
ყოველთვის, როცა წამიკითხავ ლექსად თავიდან.

მე ვთქვი, რომ ღმერთი პოეტია და მიმცეს კოცონს.
ვთქვი, რომ ამინ! და... მიმაჭედეს ძელზე მაჯებით.
ვთქვი რომ ლექსები ლოცვებივით მხიბლავს და მომწონს,
და შემომიჩნდნენ დემონებით და ალქაჯებით...

- პირველად იყო პოეზია! - ვთქვი... დანა დამცეს
და თუ სიკვდილში გამოსავალს ხედავს მავანი,
ვჩუქნი სიცოცხლეს - ალალ იყოს! ვჩუქნი ამ სტანსებს,
ფეშქაშ სხეულიც, მას, ჩემგან და სულიც - თავანი!

მე პოეზიას ჰელიკონზე ქრისტედ ვეწამე!
და ჩემს წილხვედრ ჯვარს გოლგოთაზეც ბევრჯერ ავიტან...

გიორგი საჯაია - "ლამაზი სიტყვები"

ლამაზი სიტყვები არ არსებობენ.
არ არსებობენ ულამაზო ადამიანები.
არამედ - უბრალოდ, სიტყვები და ადამიანები,
რომლებსაც ულამაზო გარემოში,
ლამაზი თანაარსებობა შეუძლიათ.
სწორედ ეს არის პოეზია, სხვა - არაფერი.

გიორგი საჯაია - "ზოგი ლექსია"

ზოგი ლექსია - ტყავს გაგაძრობს, სიქას გაგაცლის.
მე ვეფერები გამოუვალ ლექსებს, გაუვალ
ლექსებს, მიწიან ლექსებს, მტვრიან ლექსებს, გარდაცვლილ
და გარდასაცვლელ და გარდასულ და გარდაუვალ
ლექსებს, რომლებსაც არაფერში, ქვეყნად, არ გავცვლი!

ყველა სხვა ლექსი დაიფაროს სოფლით, იქნება -
შენც არ მომიკვდე, დედაჩემო, ეს არ ვიდარდო.

გიორგი საჯაია - "დღე ღამეში გავცვალე"

დღე ღამეში გავცვალე სამუდამოდ - ბარტერში.
მზე შინა და... რა ვქნა, თუ მთვარე მხიბლავს მეტადრე!
გამიტენეთ ეგ თქვენი მდუმარება ვალტერში,
თქვენ იცოცხლეთ ათას წელს! მინდა მოვკვდე მე ადრე...

გამიზეთეთ მჭიდი და ტყვია პირში მიეცით!
თუ ხალხი ხარ, მიდით და... რომ არავინ გაიგოს,
აუწიეთ სამყაროს ხმა, სულ ოდნავ - დიეზით,
სხეულს მიწას ვუბარებ! სული - ქარმა წაიღოს!

ვეჭიდავე ცხოვრებას, ჩობჯენში და პარტერში, -
მახსოვს, მეუბნებოდნენ, სიგიჟემდე მიხვალო...
გამიტენეთ ეგ თქვენი მყუდროება ვალტერში,
მინდა მოვკვდე მე ადრე...

გიორგი საჯაია - "დაშვრა, როგორც იქნა"

დაშვრა, როგორც იქნა, ღამე ბარბაროსი!
მთვარე ჩაიძირა ნისლთა მდინარეში. 
ჰკივის ჭოტი როგორც მოლა მინარეთში - 
ალბათ პულსაციას თუ გრძნობს სამყაროსი... 

თენდება... და ახლა, მთელ ამ ცისკარეთში, 
მე ვარ ერთადერთი, როკვით და ციმ-ციმით, 
ნახევარ სიცოცხლის ვინც არის მიმცემი 
ფინჯან ყავასა და ერთ ღერ სიგარეტში. 

გიორგი საჯაია - "ღჯუკენ"

რა გაეწყობა?! აქ ვამთავრებ, ძვირფასო თეა -
მზემ საბოლოოდ გამომწოვა სულიდან სისხლი.
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის თვეა,
ორმოცდარაღაც (ცელსიუსით) გრადუსი სიცხე.

რა გაეწყობა?! მგონი მივხვდი, რას ნიშნავს "ღჯუკენ"...
მზემ საბოლოოდ გამომჭამა სულიდან ხორცი.
ათამდე ვითვლი, მერე ისევ - ათიდან უკან
და სექტემბრამდე აღარაფერს აღარ ვწერ, მორჩა!

რა გაეწყობა?! პოეზია, იქაც და აქაც -
დროებით მაინც არ მიხსენო, ძვირფასო, ლექსი.
სიცხე - გრადუსი (ცელსიუსით) ორმოცდარაღაც,
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის ექვსი.

გიორგი საჯაია - "მთელი საღამო გჭამდი"

მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.
მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...
მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...
შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!
მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი მოზომილ თანმიმდევრობით:
ჯერ შეგიჭამე ფეხის ტერფები,
მერე წვივები დავხარ - ვერ გავძეხ,
ვღეჭე მუხლები - ვერც მათ გამაძღეს.
მერე ბარძაყებს მივეპარე ისე ქურდულად,
ვით მტაცებელი ეპარება თავის სამსხვერპლოს.
მერე თეძოთა გამაოგნა ზუსტმა სიმრგვალემ
და გული დამწყდა რადგან თვალებით
შემეძლო მხოლოდ მათი შეგრძნება.

გია ფერაძე - "წმინდა სანთელი დავანთე შენთვის"

წმინდა სანთელი დავანთე შენთვის
რატომღაც ჩემსკენ გადმოიხარა,
და სანთელიდან ღვენთი წვეთ-წვეთად
ჩემი ცრემლივით გადმოიღვარა.
მხოლოდ ღვთისმშობელს, წმინდა მარიამს
ან წმინდა ნინოს თუ შეგადარებ,
დაგროვილი წვეთებს, ცრემლად ნაღვენთებს,
მთელი ცხოვრება ხელით ვატარებ,
ვფიცავ სალოცავს, რომ მოუთმენლად
ისეთ მომენტს და ისეთ დროს ველი,
შენ ხატი იყო და მე მარადჟამს
მუხლმოდრეკილი, შენზე მლოცველი.
ოღონდ ეს არის, ვერ მოვაღწიე
ვერ მოვახერხე შენს წინ დამხობა
შევევედრები მამაზეციერს,
მთელი ცხოვრება ასე მამყოფა.

გია ფერაძე - "რაც მოხდა , მოხდა დასრულდა"

რაც მოხდა , მოხდა დასრულდა
გული შუაზე გაიყო.
ვინც მიყვარდა ან რაც მსურდა
ყველა მორევმა წაიღო.
რუსთაველის თეატრს მოვწყდი,
როგორც ძუძუს პატარა,
ამერიკა, იტალია,
რა ვთქვა, სად არ მატარა.
შოტლანდია,
საბერძნეთი,
ინგლისი და ვარშავა,
თქვენი გია იმ ქვეყნებში,
აღარასდროს არ ჩავა.

აღარც სცენა,
კულისები,
არც გრიმი და როლები
ყველა ჩემს როლს ნათამაშებს,
ცრემლით ვეამბორები.

თამაზ ბაძაღუა - ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო

ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!
ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,
ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერების
ილუზიაში და მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში.
ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები -
ტვინის ხვეულში ხოჭოსავით აცოცებული,
რომ გაყინული ჭრილობა შეთბეს
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ,
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ
გამახსენოს ჩემი სიმხდალე -
უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ...

საუკუნეა არ უთოვია!
საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,
საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,
აღარავინ აღარ ლოცულობს!

თამაზ ბაძაღუა - ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე

ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე
და გაზაფხულის უწყნარეს ფშვინვას მიუგდე ყური,
ილაპარაკე პურზე, მწიფე თავთავებზე, როცა ღამეში
ვარსკვლავით იფურჩქნება წითელი ვარდი.
ილაპარაკე ბალახებზე, რომ მათ ნაღვლიან
ჩურჩულში შენი სუნთქვა დაიხეს,
როგორც საფლავზე ქარიან ღამით მთვარის სხივები.
ილაპარაკე ცაზე, ჩიტებზე, მეგობრებზე, ბავშვებზე, ამინდზე.
ილაპარაკე როგორ დაბერდა შენი სახლის წინ მაღალი ცაცხვი,
ილაპარაკე როგორ აკლდა ტოტები ყოველ შემოდგომაზე,
ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე,
შენი ტუჩები გადაირბენენ გაქრობის და დავიწყების მწარე მინდორზე.

გრიგოლ ორბელიანი - მუხამბაზი

ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით, —
თვარა მიმუხთლებს და წარმოჰსთქვამს ენა ყოველსა,
ესდენ ხან კრძალვით დაფარულსა ღრმად ჩემსა გულსა:
უიმედოსა შენდა მომართ ჩემს სიყვარულსა,
ტანჯვათა, ოხრვათ, იდუმალად მომდინარ ცრემლსა,
ჩემს შესაბრალისს გაშმაგებას ცნობათ დაფანტვით...
ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!
გულის ურჩისა დასამშვიდად მცირედ გონება
შემრჩომია-ღა და მისიცა გსურს დაბნელება!
მის დასამონად იცი, კმარა შენი შვენება,
ერთი მოხედვა ტრფიალებით, მცირ ყურადღება!
იცი, მარამა თასს კი მაძლევ მღიმარეს სახით,
ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!
რადგან არ იშლი ჩემს საკვდავად შენს სასტიკ სურვილს
და ჯილდოდ ვარდსა მაძლევ ოდეს შევსვამ თასს აღვსილს;
მაგ ვარდის ნაცვლად მასუნე ვარდს, შენთ ღაწვთზე გაშლილს,
და მაშინ გინა სიხარულით შევსვამ თვით სიკვდილს!
რათ მინდა ღვინო, თუ ვერ გეტყვი: გეტრფი მთვრალ ეშხით!
ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!
ზოგჯერ მღიმარე გიმზერ ოდეს ეშხით აღვსილი,
მრწამს, რომ ღაწვთ ზედა გარდაგკვრია ნუშის ყვავილი!
მაშინ მას ზედა დაკონების მკლავს მე სურვილი.
მაშ გინდა მომკლა, გეტყვი, თმენის არღა მაქვს ძალი,
ისმინე, ვდნები, ცნობა არ მაქვს, ვგიჟდები ეშხით.
ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით.

მორის ფოცხიშვილი - ვინც ამ გოგოს გააცინებს

შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინც მისწვდება _ მისია,
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია...
ეს ცხოვრება ასე არის,
ის ცხოვრება ისეა.
_ ეს მანდილი ვისი არი?
_ ეს ჩანგური ვისია?
_ ეს ხომ ჩემი დისი არი...
_ ეს ხომ ჩემი ძმისია!
ვკისკისებდით მალხაზები,
დარდი გვქონდა რისია?!
თურმე დასასრული იყო,
მე ვთქვი _ დასაწყისია.
როგორ გაჰქრა სიყმაწვილე,
ვეღარ ამომიხსნია.
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინ გაიგოს, ვისია?
ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!
ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს,
ვინც აკოცებს _ მისია.
ეს ცხოვრება ასე არი,
ის ცხოვრება ისეა.

მორის ფოცხიშვილი - სანთლის ფრთებივით ჩამომსხვრეული

სანთლის ფრთებივით ჩამომსხვრეული
წლები გზებად და გზები გედებად,-
თანდათანობით დნება სხეული
და სული შუქად სახიერდება...

ვიცი,წვას ვერვინ გამიადვილებს,
მაგრამ არ ვიცი,სულაც რა მომდის,-
თანდათანობით უნდა წავიდე
და შენთან დავრჩე თანდათანობით.

ო,არ გეგონოს,რომ მხრებს ვასვენებ
და თეთრ ჩეროში თოვლს ვეფიფქები,-
ის რაც მე არ ვარ,არ იარსებებს,
რაც იარსებებს,არც ის ვიქნები.

დარდით ივსება ბედის რვეული,
ღამე იწვის და გული ჩერდება,-
თანდათანობით დნება სხეული
და სული შუქად სახიერდება.

მორის ფოცხიშვილი - გახსენება

`როცა ვიტყვი `ი~
მაშინ გამო...დი!~
ბალღური

თითქოს გუშინ დასრულდა
შინ და გარეთ, შინ,
ჭრელკაბიან ასულთან
თა...მა...ში...

`ენკი, ბენკი, სიკლისა~,
ენკი, ბენკი, და, _
დღენი სიყმაწვილისა
გა...ვი...და.

ტერენტი გრანელი - შენს მოლოდინში

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა
ძვირფასო, რისთვის დააგვიანე..

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს,
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და, როგორც ბავშვი, დაიწყებ ტირილს

ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით,
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ
მოხვალ და ვიცი, მომეფერები..

თუმცა, იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი,
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები ისევ მოგელის..

მიხეილ ქვლივიძე - ტატოს ვედრება

გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე და სიცოცხლით
ხელმეორედ გამაოცე!
გამაოცე,
გამაკვირვე,
განმაცვიფრე,
გამახარე,
გამამრავლე,
გამავრცელე
და ამქვეყნად დამამყარე!..
სანამ პირში სული მედგა
და მწყალობდა მაღლით ღმერთი,
სულ რაღაცას მოველოდი,
სულ რაღაცას ვაპირებდი;
სულ იმედის გუთანს ვები, —
რომ დამეხსნა ჩემი მხარე,
მაგრამ ჩემი ჭირნახულით
ვერ იქნა და ვერ ვიხარე!
და ამიტომ გევედრები:
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე და სიცოცხლით
კიდევ ერთხელ გამაოცე!
გამაოცე,
გამამრავლე,
გამაასე-და-ათასე...
ცოცხალს თუ ვერ მომიარე,
მკვდარი მაინც დამაფასე!

ლადო ასათიანი - ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად

ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად
დასეირნობდა ჩვენს სასახელოდ,
ხელში ცისფერი წიგნი ეჭირა
და აწეული ჰქონდა საყელო.
ერთი შეხედვით – უზომოდ მკაცრი –
ახლოს არავის არ იკარებდა
და იდგა, როგორც სხვა დროის კაცი,
ფოთლებდაცვენილ ბაღის კარებთან,
ნეტავ, იმ ასულს, ასულს საროსტანს –
ვისაც ის თავის გულს გაუღებდა...
არვინ იცოდა, რა უხაროდა,
ან ასე ძლიერ რა აწუხებდა.
ბინდი რამ დაჰყვა სიჭაბუკიდან
მისი თვალების გაცისკროვნებას...
უმზერდა ხალხი და ხალხს უკვირდა
ამ სულ უბრალო კაცის ცხოვრება.
ერთ დღეს ის გაქრა და გულის შიგნით
ჩაგვიდგა რაღაც ნაღველის მსგავსი...
ნეტავ, ჭაბუკი ცისფერი წიგნით
კვლავ თუ გაივლის ამ ხეივანში?!

მიხეილ ქვლივიძე - "იყო არაბეთს..."

„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ!
საქართველოში იმხანად
ხელმწიფედ გვყავდა თამარი,
მგოსანიც გვყავდა — პირველი
წარჩინებულთა სიაში,
მაგრამ ეს კაცი რატომღაც
ცხოვრობდა... პალესტინაში!

„იყო არაბეთს“... ო, ღმერთო!
რისთვის დასჭირდა ქარაგმა?
ვეფხვივით აულაგმავი,
ნეტავ რა ძალამ ალაგმა
და საქართველოს მაგიერ
(ისეთი რა შეეფეთა?)
რამ ათქმევინა ქართველ კაცს:
„ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?!

მიხეილ ქვლივიძე - თბილისური ბალადა

ათასხუთასი წელია,
შენს ალაყაფთან ვდგავარ.
კაცი ვარ თუ ნარიყალა,
თუ რიყის თეთრი ქვა ვარ?

ქარი მცემს, წვიმა მასველებს,
ვდგავარ დღისით და ღამით...
რაც უნდა მოხდეს, აქედან
ფეხს არ მოვიცვლი წამით!

ფეხს არ მოვიცვლი, არ წავალ,
ვერც მოვისვენებ ვერსად...
მოვკვდები, აქვე დავრჩები
ჩანგზე დასამღერ ლექსად!

მიხეილ ქვლივიძე - ყვავები

ვარდს საამური ასდის სურნელი,
ანწლი უბრალოდ ყარს...
საკვირველია, მაგრამ რუსები
ფრინველად თვლიან ყვავს!

რა ფრინველია, გეთაყვათ, ყვავი,
ვერ გამიგია მე?
გარედან შავი, შიგნიდან შავი,
ყიამყრალი და მჭლე!

ზამთარ და ზაფხულ, თოვლსა და ყამირს
(აქ არ-რა არის სხვა!)
თავს დასჩხავიან გუნდები ყვავის:
"ყვა-ა, ყვა-ა, ყვა-ა!"

ა,ბობენ, ყვავი სამას წელს ცოცხლობს.
აბა, საქმეა ეს:
გარდასულ დროთა ყვავების ქორო
თავს დამჩხაოდეს დღეს?!

მიხეილ ქვლივიძე - ცოლს

ჩემზე კარგო და ჩემზე ჭკვიანო -
შენ შეგიძლია იეჭვიანო:
მე გაძლევ ამის საკმაო საბაბს
მეოცნებე და სახით ვნებულო,
ასე უზომოდ და ასე ხარბად
მთელ ქვეყანაზე შეყვარებულო!

მიხეილ ქვლივიძე - 9 აპრილი, 1989 წელი

დღეს ქართველებს არა გვჯერა აღარც ერთი ქადაგის,
გადათელა ტანკმა ნერგი ახალშობილ "გარდაქმნის".
დაეკარგა ფასი ყველა მიმართვას და "უკაზებს"
და თბილისი - საფლავია საბჭოეთის რუკაზე.

აქ უღმერთოდ დაჩეხილნი ბარითა და კეტებით,
წვანან ჩვენი მოშიმშილე შვილები და დედები,
აქ ი მ ე დ ი განისვენებს, აქ - გ ო დ ე ბ ი ს სახლია,
მაგრამ აქვე საქართველოს მ ო თ მ ი ნ ე ბ ა ც მარხია!

მიხეილ ქვლივიძე - "სხვა საქართველო სად არი?"

სხვა საქართველო სად არი,
სხვა ეგვიპტეც, სხვა განაც...
შენ სახლი თქვი, თორემ საფლავს
გაგვითხრიან სხვაგანაც!

მიხეილ ქვლივიძე - ჩემს საბჭოთა ხელისუფალს

შენ მომიწოდებ, სადღაც წამოგყვე
და თაყვანი ვცე ახალ სალოცავს,
მე კი არა მწამს შენი სამოთხე
და არ ვაპირებ ღმერთის გამოცვლას.

შენ საზეიმოდ მპირდები ამინდს,
საყოველთაოს და თან საჩემოს
და შენი კერპი მელოტი თავი
გსურს ამომავალ მზედ მომაჩვენო...

რამდენიც გინდა ხარჯე სიტყვები,
ვერ გასჭრის შენი ფიცი-მტკიცება:
მე ისევ იმ ჩემ ბილიკს მივყვები,
შარაგზაზე რომ არ გაიცვლება,

მიხეილ ქვლივიძე - სამოქალაქო ომი

ნუ ვეძებთ მკვლელებს საქართველოს ფარგლების გარეთ,
რადგან ქართველებს ქართველები თვითონვე ჰკლავენ!
ნუ ვეძებთ სხვაგან ავაზაკებს და ქურდბაცაცებს
რადგან ქართველებს ქართველები თვითონ ძარცვავენ!
გადაგვარების ჩვენის მიზეზს ნუ ვეძებთ სხვაგან,
დამნაშავენი ყველაფერში ჩვენა ვართ რადგან,
და სჯობს სარკეში ჩავიხედოთ და ყველამ ერთად
პასუხი ჩვენი წახდენისთვის მოვთხოვოთ ჩვენ თავს!..

მიხეილ ქვლივიძე - პოეზია

თუ გიცდიათ მდინარეში ჩანგლით თევზის ჭერა?
სულ უბრალო საქმე არი: ზიხარ... უცდი... გჯერა...
ასეთია ჩვენი საქმეც,
ანუ ლექსის წერა:
კალმით ხელში მაგიდასთან
ზიხარ. უცდი. გჯერა.

მიხეილ ქვლივიძე - ის მაინც ბრუნავს

„ის მაინც ბრუნავს!“... ღმერთმა ნუ ქნას, გიორგი ჩემო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და სიცოცხლის დავკარგოთ გემო,
გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი
და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი
არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი!..

ღმერთმა გვაშოროს, ღმერთმა ნუ ქნას, ჩემო ძმობილო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, აღარ ვიყოთ უკმაყოფილო
საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით,
ყველაფრით - ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი...
ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათრობდეს ღვინო ალალი,
სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი,
შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი,
საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი,
ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს
და დავივიწყოთ შეძახილი: „ის მაინც ბრუნავს!“...
ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!
არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი,
მუდმივი ქროლვა, არა მალვა, თავის დანდობა,
არა დარდისგან მოდუნება, - დარდიმანდობა,
და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური,
და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური,
და მტკიცე ქედი, ქედი - ძნელად გასაღუნავი,
და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი,
და თუ, ოდესმე, ამ სიცილის დავკარგავთ უნარს, -
სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად: „ის მაინც ბრუნავს!“

მიხეილ ქვლივიძე - ბეღურასავით

ბეღურასავით
გული გიცემს სულ ერთი ციდა,
შენც უფრთხილდები
შენი ბუდის პატარა სითბოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
სევდიანი სტრიქონი იყოს!

ავალ,
ჩამოვხსნი, დავაგორებ სპილენძის მთვარეს,
ადრე თუ გვიან -
დავიწყების გახდება ღირსი...
ოჯახში სითბო არ გაკლია,
დაასხი ბარემ,
შესანდობარი დავლიოთ მისი!

რა ვუყოთ მერე,
გული რომ გაქვს - სულ ერთი ციდა,
სამაგიეროდ ლამაზი ხარ,
ჭკვიანიც თითქოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
უნუგეშო სტრიქონი იყოს!

გრიგოლ რობაქიძე - საქართველოს

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

ტერენტი გრანელი - ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ

ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

გიორგი ლეონიძე - მე რომ მიყვარხარ...

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს?
ისე მაღალი და სპეტქკი არც რომ მთებია!
მარტის ნიაღვარს აზვირთებულს გზები ჩაუხრავს,
უგრაგნია და ზღვის უბეს შეერტებია.

მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო?
ვის შევუერთდე? შენი გული დაკეტილია...
ნუთუ ეს ტრფობა საყვარელო, თეთრო მთის ვარდო,
პოეტისათვის მხოლოდ ძველი სიყვარულია!

გიორგი საჯაია - Johnnie Walker

ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტილი დავსვა! 
მოდი ჩავკეცოთ, მეგობარო, ერთად კარტები - 
ჩვენ ხომ ყოველთვის ვთამაშობდით წესების დაცვით... 
ჯანდაბას რაც კი წაგვიგია! ახლა კი - ვწვები! 
ბლეფია, ვიცი, გვატყუებენ, ძვირფასო უოლკერ, - 
"წითელი ძაღლის" ინსტინქტი მაქვს, - გუმანით ვხვდები, 
მთელი ცხოვრება "ოაზისს" და "კარიბულ" პოკერს 
ვთამაშობ, მაგრამ... ზოგჯერ დგება წაგების ჯერი... 
თავში უხლიათ ეს ქონებაც, ეს არქონებაც, 
დაე იცოცხლონ, დაე მოკვდნენ ათას წლის მერე! 
ისეთი გარჯით ირჯებიან, რომ გეგონება, 
თეორიები ამოიცნეს ობრი დე გრეის... 

გრიგოლ ორბელიანი - ღამე

მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამით ნათელს მოჰფენდა,
ნიავი სუნნელთ ყვავილთგან ჰკრეფდა და ქროლით მოჰბერდა.
ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა გალობით შეჰსტრფოდა,
და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა.

ვაზნი ფურცელთა გარდაშლით ჩემზედ კამარას შეჰსდგმიდნენ.
მუნ სული ჩემი და გული ეშხის მახითა დაებნენ...
ნელიად წამთ სვლა, ლოდინი მოუთმენელსა მტანჯვიდნენ,
და ვით ჯადოთი მოზიდულს, თვალნი ერთ მხარეს უმზერდნენ.

ეს რამ იელვა და განქრა? ნუთუ მაცთური ოცნება?
რადა შეირყა ვარდთ ბუჩქი? გული რად ესრედ მიკვდება?
ვიდრე თვალთ ნახეს, სულმან ჰსცნა საყვარლის მოახლოება,
ჯერ თვალთ ძლივ ნახეს და მე კი მასა დაუწყე ბაგება...

მუხრან მაჭავარიანი - მითხარი, ცაო...

მითხარი, ცაო, მითხარ, ზღვაო, მითხარით, ძმებო;
მითხარ, არწივო, მითხარ, მუხავ, მითხარი, შურთხო:
რაა საჭირო, _ რა გზა უნდა გამოიძებნოს,
რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს!

მის გულში გადის სამყაროსი უდრეკი ღერძი.
ის არასოდეს არ იკადრებს, რაც არ ეგების.
მას ალაზანი სახრესავით უჭირავს ხელში
და კავკასიონს აქლემივით მიერეკების.

გიორგი საჯაია - "რეკდა ტელეფონი, ავიღე ყურმილი"

რეკდა ტელეფონი, ავიღე ყურმილი,
ცნობა ამ სიჩუმის არც ისე ძნელია,
ისე, ვით ოდელონ რედონის "დუმილი"
ახლა ეს დუმილიც ყველაფრის მთქმელია.

იცი, აღარა ვართ უკვე პატარები,
წლებმა ბავშვობისა უკვე გაიარეს;
თუ ადრე მხიბლავდნენ ეს ჩუმი ზარები,
დღეს ეს უსიტყვობა ჩემს სულს აიარებს.

რეკდა ტელეფონი, ავიღე ყურმილი -
შენ ალბათ სიმშვიდე გსურს ჩემი წალეკო!
- გისმენთ... რომელი ხარ...
- დუმილი... დუმილი...
- გთხოვ, აღარ დარეკო...

გიორგი ლეონიძე - ეს დღე ჩემია!

ეს დღე ჩემია,
ეს დღე ჩემია,
არცა ბესიკის,
არცა ვაჟასი!
გული მათ გულზე მიმიბჯენია,
გავრთულვარ ლექსის გამოჩარხვაში.

ჩემი სულისგან არი დაწნული'
ეს დღე,
ეს წამი
და ეს საათი!
შიგ ჩემი სუნთქვა არის დაცული,
ვმღერი ვარდებში, როგორც საადი.

მეც იქ მაქვს გული, სადაც აქვს შოთას,
სამშობლოსათვის მეც იქ ვილოცავ,
მეც იქა ვღელავ,
სადაც ის შფოთავს, _
გინდაც ჩამთვალეთ სასაცილოდაც...

ტერენტი გრანელი - ზამთრის ბარელიეფი

საღამო - კანკალი სანთლის,
ირგვლივ დაწოლილი ნისლი.
ფარული წამების ლანდი,
პოეტის ცრემლი და სისხლი.

არ არის ტირილის გარდა
სულისთვის ნუგეში სრული,
შეირხა სიმწარის ფარდა
და ტყეში გაფრინდა გული.

გაიხსნა ვედრების რკალი,
(ზამთარი სიცოცხლეს მართმევს).
ქალაქის ფერმკრთალი ქალი
სარკესთან შეკრთება სადმე.

ტიციან ტაბიძე - მგოსნის სონეტი

ყველა მოკვდება... ყველა გაჰქრება,
საქორწილოსაც გაგვხდიან საცმელს,
საფლავის მტვერი დაეფარება
ჯერ გადაუშლელ გრძნობის კრეტსაბმელს.
ვინ გაიხსენებს, ჩვენ რო გვიყვარდა,
ან ვინ გაიგებს, ჩვენ რო ვცხოვრობდით?
არყოფნის ღამის დაგვფარავს ფარდა,
არყოფნის ღამე გვეტყვის „მშვიდობით“.

მგოსნის სონეტი მოვა საფლავზე
მტვრიან და ძველი წიგნით ამდგარი,
მოვა და მწარედ აქვითინდება,
როს შეაშფოთებს ტირიფს შტოს ქარი.
დაუწყებს ტირილს განვლილ ცხოვრებას
გამოუტანელ სიზმარივით მკრთალს,
და შეავედრებს დამწვარ მგოსნის სულს,
ყოვლის გამკითხავს ზენაარ უფალს...

მირზა გელოვანი - შენ

შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.

კონსტანტინე გამსახურდია - დაუკარ სანჯი

ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარი
და გადავლახე უდაბნო ვრცელი,
ჩემი მიჯნური, გვირიტი მწყაზარი,
უკვე მიმელის...
დაუკარ სანჯი...

თუნდ იყოს მტუმე ეგ ღამე გიშრის,
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...

ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
ათასი მთვარე ისევ ამოვა,
ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...

ვერც ქრისტე გაგვყრის, ვერც იეჰოვა,
ვერც ნათესავთე მშიერი ხროვა,
ვერც მოენეთა ბოროტი ხვანჯი,
დაუკარ სანჯი...

ლადო ჭინჭარაული - ხევსურეთს

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი;
პირიქითაი ხევები;
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს,
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი,
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!!!

ლადო ასათიანი - სუმბული

ვახტანგ მეექვსემ ერთხელ ერთ ხევში
სუმბული ნახა თეთრი და წმინდა,
მოთხარა, ფრთხილად აიღო ხელში,
რომ სავარდეში მიეცა ბინა.

ფიქრობდა მეფე: “ყვავილი მწველი
გრძელ ყლორტებს გაშლის, გაინავარდებს,
ვითარც ამბარი, მისი სურნელი
გადაეფრქვევა მდიდრულ სავარდეს!”

ფიქრობდა, მაგრამ ვაი რომ ტყვილად:
არ ესალბუნა ყვავილს ალერსი,
თავი დახარა და მოიწყინა,
როგორც ჭაბუკმა უცხო მხარეში.

(ბესიკი) ბესარიონ გაბაშვილი - მე შენი მგონე

მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელო დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბს და მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს
აროს,
შენნი უწყალო ჰინდთ ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!

როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი:
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის: ყმაა თუ ბერი.
რა გიამების - არვინ იცის: ვსცან ვერა ვერი!
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!

გიორგი საჯაია - "წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით"

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო:
დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით...
მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო!

რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?!
ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით!
თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან
მჭიდრო შეხებით - არა მხოლოდ ხელწატანებით!

ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს - უკეთ ვინ უფრო?!
ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს!
ჩევნ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგავრი, ქართველ პოეტებს!

ლადო ასათიანი - რუსთველის პროსპექტი

ის, შენობებში ჩამჯდარი თეთრად,
დიდი რუსთველის სახელს ატარებს,
მოდიან, მაგრამ მასთან შეხვედრა
ვერ გაუბედავთ ქუჩებს პატარებს.

ყოველი ქუჩა კაცის თვალებით
მოდის აქეთკენ და გზას უნდება,
მოვა, შეხედავს მას მოკრძალებით
და მერე ისევ უკან ბრუნდება.

ზოგი წარსულის ამბებს მოჰყვება:
როგორ იწვოდნენ ცეცხლში, ღადარში,
ვახუშტის ქუჩა მტკვარს გამოჰყვება
და მოშორებით ეტრატს გადაშლის.

მურმან ლებანიძე - "ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ"

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...

შოთა ნიშნიანიძე - "გაწვიმდება ისევ ერთ დროს"

გაწვიმდება ისევ ერთ დროს,
კვირტებს შეხსნის მიკუნჭულებს,
ეს წვიმა და ეს ფოთოლი
ისევ ისე იჩურჩულებს.
ისევ მოვა ის გოგონა, დედას გამოეპარება,
ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის შეყვარება.
მოვა გოგო შენნაირი, იისთვალებდანამული,
მოვა ბიჭი ჩემნაირი, სიმღერა და სალამური.
შეაერთებს გულთაცემას
შეხვედრა და გარინდება,
მაგრამ მე ის არ ვიქნები
და ის გოგოც სხვა იქნება.

ვახტანგ ნადარეიშვილი - "თუნდაც ჩამიქრონ ყველა სანთლები"

თუნდაც ჩამიქრონ ყველა სანთლები,
შენი ღიმილი სანთლად მენთება,
მე შენს ღიმილში ღამეს ვათევდი,
თმებიც ამიტომ არ მითეთრდება...
შენს გვერდით მხოლოდ ერთსა ვფიქრობდი:
არ გავყოლოდი წლების სათვალავს,
წლები კი ისე სწრაფად მიჰქროდნენ, -
ვერ დავიბრუნე ტრფობით დამთვრალმა.

არჩილ სულაკაური - მხოლოდ ერთხელ...

მინდა,
ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?

მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.

ნიკო სამადაშვილი - დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს

დაგასაფლავეს დიდ მუნათით და მიგატოვეს,
ვაზის ცრემლივით მარტო დარჩა მწუხარე დედა,
კიპაროსები მისტიროდნენ დაკარგულ პოეტს,
დაუცხრომელი სამრეკლო კი რეკდა და რეკდა.

შავი ღრუბლების ზედახორა სივრცეებს ფლობდა,
უსასრულობას ქარბუქების ღმუილი დრეკდა,
რაღაც სიჩუმე დაჰყურებდა ცივ სასაფლაოს,
გაოგნებული სამრეკლო კი, რეკდა და რეკდა...

რატი ამაღლობელი - სუბკონტროქტავა

საუბარი გამიბა
ღამით ფორტეპიანომ,
აწ ბგერები გამებად
გამეორდებიანო.
დო, რე, მი, ფა, ლა, მი, სოლ,
დო-ძიეზ, ლა, სოლ და სი -
მწევრად ვიქეც ლამისო
ტრისტან და იზოლდასი.
დო, რე, მი, რე, მი, რე, მი,
სი-ბემოლ, სი, მი, რე, ფა,
მნათობ მარბი ირემი
ირიბ მიმოირევა.
ფა, რე, სი, ფა, ლა, მი, სი -
ფარი პარსაფალისი
ალით მახვილნალესით
ბზინავს შუაღამის მზით.
კოსმოსიდან ჰანგები
როს მოზიდა განგებამ,
გულისხმათა გამგების
სმენა არ ითანგება.
არა მხოლოდ მუზისგან,
ყოველ კაცს რომ უზის მხრად,
აწ კოსმოსის პულსის ხმა
ხამს გაისმის მუსიკად.
სუნთქვა არის სწორედ რომ
დო, რე, მი, ფა,
დო, რე, დო!

მირზა გელოვანი - "მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლების"

მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლების
ბედი მწყალობს და სიკვდილს ახელებს.
არდაბრუნება არ მეძნელება,
უფრო ძნელია თქვენზე წუხილი,
მიტომ კი არა, რომ სიყვარული
იყო პირველი, იყო უთქმელი.
რომ მოპარული, რომ დაფარული
არ ჰგავდა სხვისას ალერსი თქვენი,
რომ რამე, ჩვენგან დამწვარი ერთად,
იყო მხურვალე, ვიდრე ვიცოდი,
რომ გრძნობა ჩემი მძაფრი და მკვეთრი,
სხვასთან ამგვარად არ დაიწვოდა!..
ო, არა... მაგრამ სიკვდილის გვერდით,
სისხლიან ჩრდილში მწვავე ბრძოლების,
თქვენ მაგონდებით, როგორც იმედი
წარსულთა დღეთა განმეორების.

მუხრან მაჭავარიანი - ვინ?

ვინცა იყოს უარესი ,
თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს !
შოთა

რა საჭიროა სიტყვის ბრახუნი ,
ან ხოტბა - ქების გადამეტება ?!
საჭიანუროდ შენი ჩონგური ,
რა ვქნა , რატომღაც არ მემეტება !

პეპელას უნდა ნაზი შეხება !
ჭიუხის არწივს მთელი ძალ - ღონე !
თუმცა ეს სიტყვა შენ არ გეხება ,
მაგრამ არ აწყენს ამის გამგონეს .

მე კი სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა ,
გამომივიდა იგავ - არაკი !
მაგრამ არ იცის თურმე აქ სიტყვამ ,-
შერაგვული და შემოსარაგვი .

მუხრან მაჭავარიანი - საკუთარ თავს

უქმად იდინა ზეგარდმო შუქმა ,
ვიდრე არ გავხდი შენი პატრონი ...
დრონი და დრონი გაცაქრენ უქმად ,
მერე , რა დრონი !

ჯვარედინ გზაზე იდექი დიდხანს ,
ვერ დაგენახა გზანი ფართონი ...
გადარჩი მაშინ , როდესაც გითხარ :
დღეიდან მე ვარ შენი პატრონი .

მუხრან მაჭავარიანი - "ღვინოს მიმართეს"

ღვინოს მიმართეს
( მოიარა სუფრა არაყმა ).
კარგი ოჯახი .
პურმარილი , -
შენი ქებული .
– ერთად ვსწავლობდით ! -
დიდ პოეტზე ამბობს ამაყად
კაცი რიგითი -
რიგითობას შერიგებული .

გოდერძი ჩოხელი - "სად დაგოჩოქო, არაგვო"

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულშია.

მუხრან მაჭავარიანი - "და იუდა ისკარიოტელი, ერთი"

„ ...და იუდა ისკარიოტელი, ერთი
ათთორმეტთაგანი, წარვიდა
მღუდელთ-მთავართა მათ მიმართ
რათა მიჰსცეს იგი მათ.... და ჰსცემდეს
მის თავსა ლელწმითა და
ჰნერწყვდეს მას.... “

კაცი, -
ცათამდე მართალი თუნდა, -
ყველამ რომ ფურთხის
ჩათვალოს ღირსად,
ამას,
მისივე მეგობრის მხრიდან,
სხვა არაფერი,
კადრება უნდა!

იყოს ეს ასე,
ასეა ახლაც
(ნურვინ იტოშებს,
ამას რომ ვბედავ),
ასეა, რადგან
სიმართლეს ქვეყნად
პატრონი არ ჰყავს,
ნამუსის გარდა!

მუხრან მაჭავარიანი - წამერთვი

წამერთვი,
მაგრამ ვერ წამართვი წუთები ტკბილი;
დღეს მე იმ წუთთა წარმოდგენით ხელახლა ვტკბები...
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!
მიწურულია ათასცხრაასორმოცდაშვიდის.

ცაა კრიალა.
ციდან მთვარე გვიყურებს ბადრი;
დღეს მე იმ ღამის წარმოდგენით ხელახლა ვტკბები...
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!
არის დამდეგი ათასცხრაასორმოცდაათის.

სად სიკვდილშია მაშინდელი ხალისი ახლა?
სად სიკვდილშია მაშინდელი, თუ გინდა, ფიქრი?
დღეს იქ სტამბაა, მაშინ შენი რომ იდგა სახლი
და მაშინდელი დღეს ჭადარი დგას მხოლოდ იქვე.

მირზა გელოვანი - ო, მაპატიეთ

ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

გიორგი ლეონიძე - ნუ გათათრდები

„ნუ გათათრდები“ - გერქვა სახელად
შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო,
მიტაცებულთა, გარდახვეწილთა,
მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!

შენ, ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო,
ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო,
თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო,
ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!

მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი,
გიმხნევებია შენი ქართულით,
აზიის გზებზე, უდაბნოებში,
ვინც კი ყოფილა გადაკარგული!

მირზა გელოვანი - "დამაცადე,ნატყვიარში დავიფიო ბალახი"

დამაცადე,ნატყვიარში დავიფიო ბალახი,
კვლავ ვიხილო მთები ქარში,ჩემგან გადანალახი.
გაგიტაცო,ლურჯა მალი მიგვაფრენდეს მალვითა,
მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა.

ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ,
სისხლს გავუშვებ ღვარადა,
ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ,
ტოტს ვიფარებ ფარადა.

ბაგე მალო,ვერ დამალავ,კოცნას მაინც დავაჩენ,
ერთი წუთით შენს შავ დალალს ბალახებში დავაფენ.
მერე მომწვდნენ,მერე მნახონ,აღარ მედარდებოდეს,
გადამკრან და გადამჩეხონ,ხმალი მიწას სწვდებოდეს.

გალაკტიონ ტაბიძე - ედგარი მესამედ

ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი.
იყო საღამო. ლოცვები. ზარი.
და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა,
რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი.
ენატრებოდა ფრთებს სითამამე
უზრუნველობის, შენი სიშორის!
მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე,
ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის.
და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი:
საცაა, მოვა სიკვდილის წამი!
ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარი
და მივდიოდით ტაძრისკენ სამი.

გალაკტიონ ტაბიძე - გრიგალი

ჰაერი სერავს სერებს ფერებით,
გრიალებს ქარი.
ფშნებში ჩამპალი ჩალის ღერებით
გრიალებს ქარი.
მდინარის პირად ჩინარი გახმა,
გრიალებს ქარი.
შარაზე, წყალზე, გამოღმა-გაღმა
გრიალებს ქარი.
უდაბურია ადგილი ნავის,
გრიალებს ქარი.
გრიალებს ქარი და ქარი ბღავის,
გრიალებს ქარი.
შუა კერასთან ცეცხლი იალებს,
გრიალებს ქარი.
სახურავებზე ქარი გრიალებს,
გრიალებს ქარი.
საქართველოა ეს მთა და ბარი
თუ ის არ არი?
სინამდვილეა ეს თუ ზღაპარი?
გრიალებს ქარი.
გრიალებს ქარი ველად და ბარად
გრიალებს ქარი.
სიცოცხლე არ ღირს უშენოდ არად...
გრიალებს ქარი.

მუხრან მაჭავარიანი - შოთას შემდეგ

როგორ არა, დღესაც ბევრი
ბზუის ბუზი, როგორც უწინ!
კი, ბატონო, ბზუის, მაგრამ
სად ხმა ფუტკრის, სად ხმა ბუზის?! –
არა მგონი, რომ გააჩნდეს
ნატამალი მას ნამუსის,
ვინც ქართველობს და შენ მისთვის
ანგელოზი არ ხარ ფუძის.

დედის მუცლით არ შობილა
შენი მსგავსი, შოთას შემდეგ...
ერთსა ვნატრობ, შემწეოდეს,
შენი იყო ვინცა შემწე...
აზრს არ ვუწევ მე ანგარიშს
არავისას ისე ჩემზე
(პირფერობად ნუ ჩამითვლი),
როგორც შენსას, შოთას შემდეგ.

თუ არ მიწყენს თვითონ შოთა,
ვინც რა უნდა ბრძანოს ჩემზე -
თუ გინდ ქვებიც დამიშინოს
ქუჩუკაანთ ბიჭმა სესემ, -
მე ის ბიჭი არ გახლავართ,
ვინმეს ბრმად რომ თაყვანს ვსცემდე, -
რაც არ უნდა მივდან - მოვდან
აკაკია შოთას შემდეგ!

ალმანზორ თავაძე - პოეტის პორტრეტი

სარკმელთან ზიხარ, ბუხარში ხრჩოლავს ბოლი,
ნაცრისფერ ციდან თოვლის ფანტელი სცვივა,
კარებს ვერ კეტავ, რადგან გადარდებს თოვლი,
რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად სცივა.

ბევრნი ეცადნენ, შენში ვერ მოკლეს ბავშვი,
და ბრბოთან ყოფნა გაგიჭირდება როცა,
როგორც სენაკში შეხვალ საკუთარ თავში,
მუხლებს მოიყრი და ცად აღავლენ ლოცვას.

აწმყოზე მოსთქვამ, აწ გარდასულზე ოხრავ,
და მაინც გინდა, ზღვა ამოხაპო პეშვით,
მე კი მახარებს, ისევ ირაკლი რომ ხარ
და ყველაფერი შენეულია შენში.

მუხრან მაჭავარიანი - "დღეს, მე რომ მოვკვდე"

დღეს, - მე რო მოკვდე, -
ეს იქნება უსამართლობა!
უფალს შემწირავს არაერთი
თუმცა მადლობას)!

განთიადია, -
უხილავი ცეცხლი მედება;
თუ ჩაუღრმავდი,
თუ ჩაცაწვდი,
შემოქმედება,
რაც მარტალია, - მარტალია, -
ჯვარცმა ყოფილა!
და
რა დროს ჩემი სიკვდილია, -
ჯერ არც ვშობილვარ!

მუხრან მაჭავარიანი - "გაშალე ბანქო"

გაშალე ბანქო, -
ვუთხარ ბოშას,
- ბანქო გაშალე!
ბოშამ გაშალა ჭრელი ბანქო,
რახან ვუთხარი
და სთქვა: - "წინ გიძევს
ეკლიანი, გრძელი გზა-შარა,
ხარ ორმოცი წლის,
მგოსანი ხარ,
გქვია მუხრანი".

აფერუმ-მეთქი, -
ვუთხარ ბოშას,
მომაწვა სევდა,
ჯერ გამახსენდა მამაჩემი,
შემდგომ კი - დედა...

მუხრან მაჭავარიანი - "შენზე ძვირს ვიტყვი?"

შენზე ძვირს ვიტყვი?
- არა, არასდროს!
შენ განმაქიქებ?
- არასდროს, არა!
მე შენ მოგმართავ
როგორც თანასწორს,
- წამოდი,
ერთად
დავლაშქროთ შხარა!

მუხრან მაჭავარიანი - "ფართო ნაბიჯით მივდივარ გზაზე"

ფართო ნაბიჯით მივდივარ გზაზე .
ქუჩაში დიდი ხეები დგანან .
სივრცე იმხელა გასაქანს მაძლევს !
იმხელა მთვარე დაჰყურებს ქალაქს !

ისე კარგია მაისის ღამე !
ქუჩაც ისეთი კარგია ახლა ! -
ასე მგონია , ვაბიჯებ ჰაერს
და
ნელა - ნელა ავდივარ მაღლა .

ბერდია ბერიაშვილი - ქართველი

უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი,
როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით.
ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით
ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.

ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე
მე სიყვარულის პოემას ვწერდი.
ჩემი ხატია, გულს მახატია:
იყალთო, გრემი და ალავერდი.

ზედ გულზე შემდგა მე თემურ ლენგი,
კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,
მაშინ მამულის საკურთხეველზე
ჩემი თითები ენთო სანთლებად.

მუხრან მაჭავარიანი - დედა

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.

მუხრან მაჭავარიანი - მიზეზი ყოვლის

სიგლახეს ჩვენსას
დავაბრალებთ უცხოს ნურავის! –
თვითდაკვირვების
მოვიმარჯვოთ,
დროა, უნარი!
მიზეზი ყოვლის,
რა სიგლახეც ჩვენში მძვინვარებს! –
თქვენ როგორ ფიქრობთ?! –
რაა?!
ვინ არი?!

ისევ ჩვენს შორის,
რომ იყო და რომაა ბევრი, -
თავისი ვისაც
ურჩევნია ყველაფერს თავი,
ვინც სამშობლოთი,
სამწუხაროდ,
არაა ავად,
ჰკიდია ვისაც
საქართველო ფეხებზე შენი.

მუხრან მაჭავარიანი - მადლი იმ ზართა

რაც კი ზარია შემოკრული დღემდე ალავერდს, –
მადლი იმ ზართა შესწეოდეს მეზვრე მანაველთ,
მეზვრე ჩუმლაყელთ,
მეზვრე შილდელთ,
მეზვრე ახმეტელთ! –
მე ვინაიდან ღვინოებში კახურს ვაღმერთებ.

რაც კი ზარია შემოკრული აქამდე ყინწვისს, –
მადლი იმ ზართა შესწეოდეს ტურფაა ვინც კი:
მროელთ, არბოელთ,
მცხეთელთ, კასპელთ,
გორელთ აგრეთვე! –
მე ვინაიდან ქალთა შორის ქართლელს ვაღმერთებ.

რაც კი ზარია შემოკრული საერთოდ სადმე, –
მადლი იმ ზართა შესწეოდეს ყველა ნაღდ ქართველს:
ჰყვაოდეს ქართლი,
იმერეთი, ფშავი, კახეთი!
მე ვინაიდან დუნიაზე მამულს ვაღმერთებ.

რატი ამაღლობელი - "შენ, ჩემო კარგო"

შენ, ჩემო კარგო, ... გქვია და
შენი სახელი ამეკვიატა.
სანამ პოეტის გვირგვინს ვპოვებდი
ათას რაიმეს მივედ-მოვედე,
ყოველთვის მსდევდა სევდა ფარული
და ვერ გამეგო რისი ბრალია.
სანამ არ მივხვდი, რომ სიყვარული
რა სადაა და რა უბრალოა.
შენ, ჩემი კარგო, ... გქვია და
შენი სახელი ამეკვიატა.

გიორგი ლეონიძე - "შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ"

შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ,
დიდია შენი სახელი;
მთების სიბრტყენი გადასჭერ,
სამშობლოს გარეთ გახველი.

შენი სიბრძნე და ოცნება
გულში აქვთ გამოკვანძილი;
ჩამოურიგდი ქვეყანას,
როგორც დიდი მზის ნაწილი.

კარებს გიღებენ ტკბილ სტუმარს
ქალაქები და სოფელი,
სიმღერა გულში ნათქვამი,
გახდი მსოფლიოს მფლობელი.

გაქანდი, ოქროსფრთიანო,
გასცდები ქვეყნის ნაპირსა,―
შენ, დედაჩემის მზითევო,
ფარ-ხმალო მამა-პაპისა!

გიორგი ლეონიძე - "წიგნო, წინ მიუძღვებოდი"

წიგნო, წინ მიუძღვებოდი
ხალხს უკვდავების ნაღარით;
შენ გწერდა დიდი რუსთველი,
თავს ოქროგადანაყარი.

შენ გწერდა ცისკრის კამკამი,
ხევთა ხმა ზვავის ზრიალი;
შენს კალამს ორბი ჰზიდავდა,
ტყავს ― ვეფხი თანაზიარი.

შენ გწერდა ქალის წამწამი,
ვაჟკაცის მკერდი გმირული,
შენ ხალხი გწერდა მხედარი,
ბრძოლით გულამოკირული.

გიორგი ლეონიძე - "უთენებელი ბნელეთის"

უთენებელი ბნელეთის
შენ ერთი გვყავდი მთეველი;
სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს,
შენ დაგვრჩი წაურთმეველი!

შენ არ გჭიროდა სახიზრად
გამოქვაბულთა წყვდიადი.
არწივის ფრთაში ჩასაფრდი,
ქოხის ნაცარში ბრწყინავდი.

გწვავდნენ და არ იწვებოდი,
ცეცხლში დიდების მხვეჭელი.
ვერც ქარიშხალი გფანტავდა,
ხეების ამომგლეჯელი.

შენ ხმალის ღარზედ ეწერე,
ანდერძი ოქროხმოვანი:
”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!”

გიორგი ლეონიძე - "ხელში აგიღებ... გაკოცებ"

ხელში აგიღებ... გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი... ჩაგცქერი;
წიგნი კი არა, ― ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.

წიგნი კი არა, ― ბაღი ხარ,
ოქროს ცვარჩამოწვეთილი;
გაშლილი ბაირაღი ხარ,
ლექსის ფრთა გაუცვეთელი!

წიგნი კი არა, ― დილა ხარ
ქართველი ხალხის ნათელი.
გულის ფესვებში გინახავ,
გულში ხარ გამონათალი.

მუხრან მაჭავარიანი - "ვისაც, თუნდ ერთხელ"

ვისაც, თუნდ ერთხელ,
მთაწმინდიდან სიამით მზირალს
დაბლა
თავისი
უძებნია თვალებით სახლი,
ვისაც, მჯდარს კენტად,
ღელის პირას ანდა ხის ძირას
აღუდგენია სახეები ნაცნობი ხალხის, -
არა მგონია,
არ იპოვნოს ამ ლექსში იმან
რაღაც ნაცნობი,
რაღაც ტკბილი,
რაღაც თავისი,
ვითარცა ნაცნობს წარმოადგენს
ზღვათათვის წვიმა,
ვითარცა სუნთქვა წარმოადგენს
ნაცნობს ქარისთვის!

ალექსანდრე აბაშელი - ცხრა წყარო

ჩვენ რატომღაც ყველაფერი ცხრა გვიყვარს:
ცხრა მზე, ცხრა ზღვა, ცხრა მუხა და ცხრა კარი.
აგვაფრენს და ცხრა მთას იქით წაგვიყვანს
ცხრათვალა მზის ცხრაფრთიანი ზღაპარი.

იყვნენ: შოთა, ჩახრუხაძე, შავთელი, -
პოეზია ანათებდა წინათაც.
ჩამოვთვალე მე ცხრა დიდი ნათელი,
რაც ჩვენს ცაზე სხვადასხვა დროს ბრწყინავდა.

მათ ჩვენს გულში ყველას თავის წილი აქვს,
ჩვენც არ ვაკლებთ დიდებას და ვაშასა -
გურამიშვილს, ორბელიანს, ილიას,
ბარათაშვილს, აკაკის და ვაჟასა.

ყველაფერი ქართულია, ჩვენია,
ქართლის ბაღში რაც იზრდება, რაც ჰხარობს,
რუსთაველის მადლი გადაჰფენია
საქართველოს პოეზიის ცხრა წყაროს.

ალექსანდრე ყაზბეგი - გულგატეხილები

ძმანო! მითხარით რამ დაგაღონათ?
ნუთუ დაჰკარგეთ სრილად რწმუნება?
ნუთუ არ გჯერათ, რომ კვლავაც კიდე
გამოიცვლება მკაცრი ბუნება?
ნუთუ არ გჯერათ, რომ ის მამული,
რომელიც ზრდიდა წარსულს გმირებსა,
კვლავაც შეიძლებს შვილების აღზრდას
და მათ ლომ-გმირათ მკერდის გადაშლას?
ნუთუ არ გჯერათ, რომ ხალხის გული
ერთხელ ნაწრთობი კაჟადა ხდება,
და მათნი შვილნი, მათი რძით ზრდილნი,
ერთის შემთხვევით რომ ვერ წახდება?
ნუ დამიღონდით, რაც რომ არ არის,
აწ ეხლა ამ ჩვენს სამშობლოშია,
კვლავაც ვიხილავთ აზურმუხტებულს,
მთლად ქვეყანისას ედემის კუნჭულს,
აჰყვავებულსა მასთან კაჟად ქმნილს,
და კაჟად ვიგრძნობთ ქართველისა გულს.

მუხრან მაჭავარიანი - "ძალიან ძნელად შესამჩნევი"

ძალიან ძნელად შესამჩნევი,
ისიც ზოგთათვის,
რას მივაწეროთ ქედმაღლობა ჩემდამი შენი?!
არარაობა საკუთარი დამალო გინდა?!
დამსახურებას შენსას გინდა გაუსვა ხაზი?!
თუ ჩემზე უფრო შებერტყილი გგონია თავი?!
პირველის გამო
ქედმაღლობას შეგინდობს ღმერთი!
მეორის გამო,
რაც გეკუთვნის,_
მერმისი გეტყვის!
მესამის გამო,_
მე რა გითხრა,_
სიცილის მეტი!
ძალიან ძნელად შესამჩნევი, ისიც ზოგთათვის, რას მივაწეროთ ქედმაღლობა ჩემდამი შენი?!

შოთა ნიშნიანიძე - დედამიწა

რა გაჭირვებით გვრზდიან დედები
რა სასოებით, რა იმედბით,
ჩვენ კი საკუთარ ცოლით, ბავშვებით
ზოგნი კარგები ზოგნი ცუდები,
ცხოვრების გზებზე ისე გავრჩებით
დედასთან სახლში ვეღარ ვბრუნდებით.
შენ კი ისეთი დედა ხარ მიწავ
ჩვბენ კი ისეთი შვილები მხოლოდ
ხეტიალის და წანწალის შემდეგ
შენთან ვბრუნდებით ბოლოს და ბოლოს.

ვაჟა-ფშაველა - სიყრმე სიბერედ ვაქციე

სიყმე სიბერედ ვაქციე,
ერი კი - ვერა ერადა.
იმედი მქონდა... ჩონგური
მოვმართე, დავჯე მღერადა.

მეწადა, ჰანგი მსმენელთა
გულისა ამაზრზენადა
ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა,
ცად აეწია ზენადა.

შევამკე მთები მაღლები
და ბარი ათასფერადა,
აზრი საერთო, საქვეყნო
მინდოდა გასაკვერადა;
ამისთვის თავსა დავწიე,
ვაქციე ნაცარ-მტვერადა.

აკაკი წერეთელი - ცოდვილის სინანული

სოფლის ღელვისგან აღტაცებულმან,
გადავცდი მცნებას, გცოდე, მამაო!
და ვაი! დღეს სცნო ბოროტმან სულმან
სოფელი ესე ცრუ და ამაო!

ვგრძნობ, სახიერო! ეს ბოროტება
გამოუთქმელი და საშინელი,
თუმც სხვათ ბოროტთა აღემატება,
მაგრამ შენდობას მაინც მოველი!

რადგან ზეცავ, შენ, აჰა, მოგმართე,
ამაოდ ნუ ჰყოფ ჩემს სინანულსა!
კეთილისათვის გზა წარმიმართე,
ძალ-მეც, ვსთრგუნვიდე ბოროტსა სულსა!

შენანებულს შენ არ მოიძაგებ,
ნუგეში ამით მე მემატება!
და სულგრძელებას შენსას ვადიდებ,
ოდეს მეზვერე გამახსენდება.

ბაჩანა რაზიკაშვილი - ვინა სთქვა საქართველოზე

ვინა სთქვა საქართველოზე,
„ეგ არის ლომი კვდებაო,
ჩაუხდა ბედის ვარსკვლავი,
მალე მზეც გაუქრებაო,
თავს დასტრიალებს ყორანი,
დასჩხავის ზედიზედაო?!“
თვალთამც დაჰბზარვენ ყორანნი,
გამაგრდი, ქართვლის დედაო!
ბევრმა გვიქადა კვლავაცა,
ბევრმა იუბნა ესაო,
ბევრმა გვიკრიჭა კბილები,
ჩუმად ფრანგული ლესაო.
ცუდად წაუხდათ ქადილი,
ვერრას გამოჰრჩნენ ვეფხვსაო,
ლეკვები წამოეზარდნენ,
მტრებზედ ილესენ ბწკლებსაო,
გამოდით, ქართვლის შვილებო,
ერთად შევნივთდეთ ძალები,
წავიდეთ მტერზედ რისხვითა:
ბევრი გვიმართებს ვალები,
დაე, სულ გავწყდეთ, რა ვუყავთ,
დაე, დამიწდეს მკლავები:
დედანი დაგვიტირებენ,
ცრემლებს დაჰღვრიან ქალები,
საფლავს არ შეძრწუნდებიან
ჩვენთა წინაპართ ძვალები.

მერაბ კოსტავა - ყველგან, ან არსად

მზე გადაიხარა...
მოშუღართა იქნება შერიგება,
შურისგების
არც ერთი მისხალი
სისხლის არიდება!
ჩადგება ქარიშხალი
დარჩება...
მხოლოდ გარინდება.
ყოველი საწყისი სასრულს ჩაბარდება
შეწყდება სიკვდილი,
შეწყდება, დაბადება,
ცდომილთა დუნე სიარული,
ყოველივე,
სიბრძნეც კი განქარდება
დარჩება...
მხოლოდ სიყვარული.
აღარც აქა და აღარც იქა,
არც საიქიოს, არც სააქაოს...
და რომ განმართლდეს ძველი იგავი
ან ნურსად იქნები,
ან ყველგან იყავი.

ბესიკ ხარანაული - "ნუ დამირეკავ, დედი!"

ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..
ჩემთვის ისე ძნელი არის თავის აწევა,
ტელეფონთან მისვლა,
შენი ხმის გაგონება...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

რას გვშველის ჩვენ ეს საუბრები,
ძველი ფურცლები...
შეგონებები, დაწერილი ლამაზი ხელით,
წარსულის მითი
და ოდესღაც ნათქვამი ფიცი...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

განა ჩიტს უკან უბრუნდება
თვისი სიმღერა?!
მე ავადა ვარ, სისულელით, ჩემი ზნისაგან,
რადგან, ყოველთვის, როგორც ოქრო, მეზოგებოდა
ჩემი თავი – ჩემივ თავისთვის...
ნუ დამირეკავ, დედი,
დედი, ნუ დამირეკავ!..

ალექსანდრე ჭავჭავაძე - სიყვარულო, ძალსა შენსა

სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის!

ოთარ ჭილაძე - "ეცემა თოვლი, თეთრი-ფრინველი"

ეცემა თოვლი, თეთრი-ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.

და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა-მიფრინავს ჩიტი.

ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი,
მე კი ყოველთვის მემახსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.

ეცემა თოვლი და დროს მიყვება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

არჩილ სულაკაური - უძილობა

მთელი ღამე ხმაურობდა ზღვა,
ზღვის ხმაური სასთუმალთან მედო.
უძილობით ახლა უნდა ვზღა,
ბნელ სიზმრებში რაც ჩავკარგე ერთ დროს,
რაც ჩავლეწე, ჩავაფშვენი ღამით
ნასიზმრალი, ბორგნეული ხმები.
რასაც მკაცრად ითხოვს უკან ჟამი
და რის გამოც უძილობით ვკვდები.
ზღვის ტალღებზე მიმსხვრეული ხმა
ჩემ ძველ სიზმრებს ეშხეფება თითქმის...
ვიცი,
ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა,
სხვა ვერავინ,
ვერასოდეს იტყვის.

ნიკოლოზ ბარათაშვილი - სული ობოლი

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:
ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

(ბესიკი) ბესარიონ გაბაშვილი - შევკრთი, როს ვნახე

შევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე,
სად ვარდი შლილა და შვენის არე,
სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ.
დავბრუნდი ჭმუნვით, დავშთი მგლომარე.

მთიებო, შენ გიშრის თვალსადა,
კეკლუცთა მიმოსვლა სადა,
ტკბილად უბნობა სადა;
ვით მიუცი-ვარ წვასადა!

თმენით მტანჯვენ, თუცა მდაგვენ, ვით მე მალხენენ.
მსურს, მინდა ვაქო, მუდამ ბულბული,
შეყრობით ვარდთან ხმით დადაგული,
ჰყეფს გადაგებით, შლით ვერ ნახული;
ღამე მკლავს ოხვრა, დღენი აქვს მწარე.

ვახტანგ ჯავახაძე - არაფერი დაგვიკარგავს

არაფერი დაგვიკარგავს:
არც რწმენა და
არც ენა,
ერთადერთი შოთა გვყავს და
ორად ორი არსენა.

ურწმუნოებს ვედავები
და ვარწმუნებ უვიცებს,
გვყვანან:
ოთხი ლესელიძეც
და ცხრა ხერხეულიძეც.

ზოგჯერ უკან მივიხედავ
და თითებზე დავითვლი:
ოთხი ვახტანგ მეფე მოდის
და თორმეტი დავითი.

ვახტანგ ჯავახაძე - ტრიალებს და ტრიალებს

ტრიალებს და ტრიალებს
წუთისოფლის კორიდა,
წლების მერიდიანებს
ითვლის:
ერთი,
ორი და...

საკენკს გვიყრის წიწილებს,
შეგიტყუა შორიდან,
საათივით ციმციმებს
გული:
ერთი,
ორი და...

მაჩუმებს და მარჯულებს
ეჭვითა და ჭორითა,
უხილავი მსაჯული
დამდევს:
ერთი,
ორი და...

თავზე მადგას უფალი,
ჩემი ჯერიც მოვიდა,
ჩემი წუთისოფელიც
ჩქარობს:
ერთი,
ორი და...

მორის ფოცხიშვილი - გაჰქრა, წავიდა...

რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა,
რაც არ გამქრალა, ქრება,
ქრება, რომ მერე თავიდან
კვლავ მოგვევლინოს ვნებად.

რაც მიდის, მიდის, რაც არა,
რჩება უბრალოდ, რჩება,
რჩება ის, რაც არ დამწვარა,
რაც არ გაშლილა ფრთებად.

რაც მოდის, მოდის დროულად,
მოდის, მოჰყვება ნამქერს,
მოდის ის, რაც არ მოსულა,
რომ მოვიდეს და გაჰქრეს.

მერაბ კოსტავა - "შენ გევედრები სულით გლახაკი"

შენ გევედრები სულით გლახაკი,
ვინმე დევნილი სიმართლისათვის,
თუმც ვერ ვამრავლე სამსხვერპლო ხარკი,
ვეღარ გავიღე თავი ღვთისათვის.

გამოუთქმელო წმინდა საბაოთ,
თვალაპყრობილი მოგმართავ ზენარს,
მასმინე სიტყვა დაუსაბამო,
ნუ ამარიდებ მშობლიურ მზერას.

არ მითხოვია შავი დღისათვის
თვალის წილ თვალი, კბილის წილ კბილი,
არ განმიკითხო ცოდვებისათვის,
არ განმიტეო უძღები შვილი.


იოსებ ნონეშვილი - ჩემს ქუჩაზე

ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის.
ქალია თუ ბედისწერა,
თუ სიზმარი ცხადი.
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს
ნატვრა ამის გარდა -
შორს გვფარავდეს ლერწმის ქოხის
საოცნებო კალთა.
თეთრ გვირილებს ვკრედეთ ველად,
სიყვარულით მთვრალი.
მიბერავდეს მისი ქერა
დალალების ქარი.
და როს წლები წავლენ წყნარად,
დავბერდებით უკვე,
როს მის თმებში მზე კი არა,
მთვარე გააშუქებს;
როს შორს დარეკს, როგორც ზარი,
ჟამი გარდასული
და გაქრება, ვით ზღაპარი,
ბუხრის პირას თქმული, -
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს
ნატვრა ამის მეტი -
დე, აფრინდეს ლერწმის ქოხი,
ვით ცისფერი გედი...
აგვიყვანოს, ლურჯი ფრთებით
გასჭრას ზეცის კალთა,
სადაც კრთიან ვარსკვლავები -
სულნი წინაპართა.
...ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის.
ქალია თუ ბედისწერა,
თუ ოცნება ცხადი?!

მუხრან მაჭავარიანი - საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!

ნიკო სამადაშვილი - ელდა

როგორ მინდოდა ალერსის ნამი,
ო, ისე როგორც უყვართ ყვავილებს,
როგორ მწყუროდა, რომ ერთხელ მაინც
შენც ჩახვეოდი ჩემ სიყმაწვილეს.

შენ მიყურებდი ქეშად, უნდობლად,
მეწოდა გული ცეცხლით, ვარამით,
ბედს ფანჯრის შუქიც აღარ უნდოდა!
სულ არაფერი, სულ აღარავინ!

ილაჯგაწყვეტილ სიცოცხლეს განა
კიდევ შეეძლო ვინმესთან მისვლა?
შენ ჩემი ცრემლი არ დაგენანა,
ცრემლი შენს ახლოს დამდგარა ნისლით.

გრიგოლ რობაქიძე - ფრანგ პოეტს

შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.

ტანამღვრეული ეშურები მაცდურ აშარას.
ლუესის წვეთით გიხელდება ბნელი დიანოს.
აპოკალიპსის ცხენს აუბამ ლექსის ავშარას.
ხერხემლით ჰშიშობ: განკითხვის დღემ არ იგვიანოს.

თეთრად ათენებ: თავს გესხმიან ავი ბოდვები.
ბნედა გერევა მიწის წყლულის ხილვით გაოსილს,
დამხრჩვალ კატებში გაოგნდება მთვარის ცოდვები.

პირზე გაშრება ცოფიანი დუჟი ქაოსის.
განთიადისას ლორწიან ტუჩს მზის ძაღლი გლოკავს.
შენს სონეტებში გადარევა შეკრული როკავს.

გიორგი ლეონიძე - ნინოწმინდის ღამე

ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…
გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…

საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.

ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

მიხეილ ქვლივიძე - ხეების სიმღერა

საღამოს, როცა ჩადგება სიცხე
და მიწა მოღლილ წამწამებს ნაბავს,
ყველა ხე თავის ენაზე იწყებს
სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.

მარად მშფოთვარე ვერხვები ბჭობენ,
სადღაც მელექსე ჭადარი ღელავს,
ნაძვი, ქალივით მომდგარი ღობეს,
ჩემს ფანჯარაზე ანიშნებს თელას.

ტირის ტირიფი. ტოტების ქნევით
მუხლმოდრეკილი ბუჩქები წუხან,
გუგუნებს ბაღი და როგორც ქვევრი
ყველას ბანს აძლევს მოხუცი მუხა.

გიორგი საჯაია - "ყოველ ღამით ჩემს ხილვებში"

ყოველ ღამით ჩემს ხილვებში
ჩნდება ერთი ოცნება,
იქნებ მითხრათ, რაა ჩემს თავს,
ჩემზე დიდმა მგოსნებმა?!

ან რა ჰქვია მას სახელად:
ფრთაგაშლილი პეგასი,
თუ ცისფერი, მოცეკვავე
ქალწულები დეგასი?

თუ ღმერთების უკვდავება?
თუ ქარონის ბორანი?
თუ ტაბიძის გადმოფრენა?
თუ ედგარ პოს ყორანი?

ტარიელ ჭანტურია - შოთა რუსთაველი

ყოველ ქართველში შენი გენია,
მარად ცოცხალი გენი...
ყოველ ქართველში სული, გენია
და ღიმილია შენი.

სისულელეა - შენს ტვირთს რა ასწევს...
მხრით შენ იმაგრებ ამ თაღს,
და უერთდება ცისფერ რვაას წელს
უსასრულობა ჟამთა...

ხმალს არ ეღირსა შენსას ჩაგება!
როგორ ჩაგეგო, ანკი...
ჟღერენ მსოფლიოს დიდი ჩანგები,
მეფედ - შენია ჩანგი!

მგონია, ჩემშიც შენი გენია,
მარად ცოცხალი გენი...
ყოველ ქართველში სული, გენია
და ღიმილია შენი!..

ნიკო სამადაშვილი - ბინდი

სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა როგორც წერტილი,
და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა,
რათ სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი,
ან შეშლი პოეტს ღვთისმშობელი რას დაჰყვებოდა!

ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა,
ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის საით...
ცის ბანს ბინდები ჭერეხივით რაზე ეყარა,
ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით...

დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილი
კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა...
საწუთროს ბოლოს მზე მოსჩანდა როგორც წერტილი
და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა.

ლადო ასათიანი - რუსთაველის სამარე

მე ბედაურით ჩავუქროლე მგოსნის სამარეს,
ვიმხიარულე, ვიგალობე ძმობის შაირი,
ვრცელ ტრამალებზე გავირბინე ფიქრით ფრთამალით,
მე ბედაურით ჩავუქროლე მგოსნის სამარეს.
ვნახე მნათობი, გაბადრული სახე თამარის
და გაზაფხულის ყვავილები ნაირნაირი,
მე ბედაურით ჩავუქროლე მგოსნის სამარეს,
ვიმხიარულე, ვიგალობე ძმობის შაირი.

ვახტანგ ჯავახაძე - კარუსელი

ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი.
ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა.
მამაც იქვე,სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით.

ის უცნობი ძაღლს უცქერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი-გოგოს,გოგო-მამას,მამა-უცნობს შეჰყურებდა.
ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი...
ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.

ოთარ ჭილაძე - "ისეთი სიკვდილით მოგიკვდები"

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.

ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.

ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.

გიორგი საჯაია - ოღონდ აქ არა

მე გეკითხები: ეგ შენი ყელი
სადაფი არის, თუა ბაკარა?
შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:
- ოღონდ აქ არა! ოღონდ აქ არა!

მე გეუბნები: შენი თვალები
მწველია ისე, ვით მზე თაკარა.
შეშინებული შენ იმეორებ:
- ოღონდ აქ არა! ოღონდ აქ არა!

მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო,
მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა.
შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ:
- ოღონდ აქ არა! ოღონდ აქ არა!

ანა კალანდაძე - "დიდება შენდა მეუფეო"

დიდება შენდა მეუფეო,
შენდა დიდება:
უცხო ნათელი მოევლება
ამ შებინდებას,
იშლება ირგვლივ ზამთრის სუსხი
ჭრელ-ჭრელ მინდვრებად

და უცხო ნათელს
სული პეპლებრ
გაეკიდება.

მუხრან მაჭავარიანი - "ფრინველებში შაშვი მიყვარს"

ფრინველებში შაშვი მიყვარს,
შაშვი მებულბულება.
ბულბულს შაშვი მირჩევნია,
კაცია და ბუნება.
ახ, გიტარავ, შენ მომიკვდი,
რაღა მერანუნება...
მაინც ყველას მირჩევნიხარ...
კაცია და გუნება.
კვიცივით ხტის ნორჩი გოგო,
ან რა დაეწუნება,
ზოგს კი ბანოვანი მოსწონს,
კაცია და გუნება.
ვშლი დიდებულ უცხოელებს,
სხვაც ბევრია ცთუნება,
ფშაველა კი ცეცხლს მიკიდებს,
კაცია და გუნება.
ბედნიერ კაცს ეჭვით ვუმზერ,
განა გამემტყუნება?
გულმოკლული უფრო მიყვარს,
კაცია და გუნება.
თავო ჩემო რაც ხარ ეს ხარ...
ვერ გადახვალ ბუნებას,
ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარხარ...
კაცია და გუნება

ნიკო სამადაშვილი - უკანასკნელი ქრისტიანები

გავხედეთ ალგეთს, ბორკო ფერდობებს,
ქეცად შეჰყროდათ გაჭრილი ახო,
მთები ხრჩოლავდნენ ნაირფერებით,
ცხვრის ფარა იდგა კვარცხლბეკის ახლო.

ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები,
ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი,
მიწა გაირღვა, თითქოს ქვესკნელმა
ამოისროლა ტაძრის გუმბათი.

დავეშვით ქვევით და ბეთანიამ
ზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა.
ცოდო არ გვქონდა, იცოდეს ღმერთმა,
ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა.

გალაკტიონ ტაბიძე - ვარსკვლავია

ეხლა, გამახსენდა როცა ყოველივე,
ყველა, ყველაფერი
არის გაჩენილი ამაოებისთვის,
მხოლოდ შენ ანათებ!
ნეტა არსებობდეს სიტყვა ქვეყანაზე
ამის ამხატავი,
ნეტა არსებობდეს გული ქვეყანაზე
ამის შემგრძნობელი
ნეტა არსებობდეს აზრი ქვეყანაზე ამის შემცნობელი,
ხომ სულ უბრალოა ერთი გაფიქრება,
ის, რომ შენ ნანიებ
და ის რომ ანათებ და რომ ვერავინ გხედავს,
გასაოცარია!
გასაოცარია ქვეყნად ყველაფერი,
ძლიერ საოცია
გასაოცარია,
გასაოცარია,
ის, რომ შენ ანათებ!

ტერენტი გრანელი - ლოცვა გაფრენისთვის

წამი აღმაფრენის
და ფიქრი ნაჩვევი.
ღმერთო! გამაფრინე
და ქრისტე მაჩვენე.

ხელს მაღლა აგიშვერს
ცოდვა ადამისა,
ღმერთო! გამაგიჟე
და შენვე დამიცავ.

ნეტავ ზღვის ძახილზე
გრიგალს გავეტაცე.
ღმერთო! გამაღვიძე
მე სხვა პლანეტაზე.

გიორგი არაბული - უპუნქტუაციო სამშობლო (და ლექსიც)

ჩვენც დროში დაკარგულ თაობას ვემსგავსებით
რომელსაც საყვედურობენ

გაიზრდებიან შვილები
ჩვენი ტკივილით გამოკვებილები
აიდგამენ ენას და მთელი ცხოვრება
ზიზღით ჩაგვეკითხებიან
- სად იყავით როცა
- ხმა რატომ არ ამოიღეთ როცა
- რაზე ფიქობდით როცა

ჩვენ არც ძალა გვექნება თავისმართლების
არც სიმართლე და ამიტომ ვერ ვეტყვით შვილებს
რომ გვეძინა
რომ გვეშინოდა
რომ ამოვქოლეთ ფანჯრები
რომ გავჩუმდით
რომ შევეგუეთ