Showing posts with label ლია სტურუა. Show all posts
Showing posts with label ლია სტურუა. Show all posts

ლია სტურუა - მერე რა, რომ ყველა კარია ღიაა

მერე რა, რომ ყველა კარია ღიაა,
მე გაქცევა მინდა, შენ არ გამიშვა.
გარეთ ცხელი დღეა,
მინატრე და შინდისფერ თმას გავიშლი...
დედა ჯავრობს, ჯავრი რაა მერე,
იჯავრებს და დაყუჩდება მერე,
დაღამდება, გათენდება მერე,
გახუნდება ჩემი თმების ფერი_
უაზრო და შენთვის გამოგონილი...

მხევალივით მე ვიცეკვებ შენთვის
და ჩხრიალით ამევსება მკერდი
და თვალები გამიხდება სველი
და მძივები დამებნევა შენსას...

და თუ წავალ, მომიტევე მე,
ვერ ვიგუე ალბათ მძიმე ჭერი
და სიჭარბე შენი ნაცრისფერის...
იჯავრებ და დაყუჩდები მერე...
მე ხომ ყველა ქალში ვმეორდები
და შენს სახელს უაშველო თოვლში
ავაფარე შინდისფერი თმები_
ჩემი დიდი მარტოობის დროშა...

ლია სტურუა - გამიგონია, მთიელ ხვარამზეს...

“ნეტავი თასად მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
შეფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდი”.
ხვარამზეს ლექსი ვაჟიკას
გამიგონია, მთიელ ხვარამზეს
კაცი უყვარდა,
ეს იყო ალბათ, გუთნისდედა და მონადირე,
და ერთხელ დილით
მის ეზოზე ჩამოიარა.

არ უთხოვია წყალი ან ჩრდილი,
არ შიებია მსუყე ხინკალი,
არ უძებნია ლამაზი და ჯანსაღი ცოლი,
ისე, უბრალოდ, მის ეზოზე ჩამოიარა.
არც დაუნახავს ეზისი ქალი
რადგან ეს ქალი
არ აგონებდა შველს ან პირიმზეს,
ის იდგა ჩუმი და უჯიათი
არ შეავედრა ოჩოპინტრეს მისი იღბალი,
არ გადუხლართავს ცხენის ძუა
ვერცხლის მძივებით,
რომ ამოევსო წმინდა ჩხრიალით მისი ჭენება...

ლია სტურუა - გთხოვ!

ვიღა მიდის მოწყენილ სამოთხეში?
ხე რომ დგას,
ღვთაებრივი პეიზაჟის შესავალი,
უკვე, უვაშლო,
ისედაც მრავლდებიან...
სიყვარულს ერთ სულ მოსახლეზე
წყალივით და შუქივით ვერ გაანაწილებ,
ერთ კაცს აიღებ,
ყურში აბსოლუტურ სმენას ჩაუწვეთებ,
პალიტრის ბორბალს თვალებზე გადაატარებ,
ერთნახევარს გახდი,
ბოლო შევსებამდე
ჯოჯოხეთი გასავლელია.
გულს ყელის ძირში გადაუტან,
დიაფრაგმაში ფეხების ჩაკერებამ
არ გაამართლა,
ჰორიზონტალურ მდგომარეობას
ნაწოლები უჩნდება...

ლია სტურუა - ნევროზი

მირტყამენ, სიტყვები მტკივა,
სისხლი მდის: ერთი ლიტრი – ერთი მიხაკი,
გამეტაფორებამდე – მეორე ჯგუფის, ცხელი,
ლეიკოციტებმა რომ
თეთრი დროშა არ გამოფინონ,
მერე – ლექსის მასალა,
ციროზიან ღვიძლსა და არაუშავს გულს შორის
ჩამჯდარი ღმერთის კარნახით,
ქაღალდზე გადატანილი...
იცის ვინმემ ის ფანჯარა,
ჩემი კალენდარი, რომელშიც ცა
ხან მწვანე ფეხებზე დგას,
ხან შავზე? ხეებით ვხვდები მის ფერს,
თვითონ მეორე სართულიდან არ ჩანს.