Showing posts with label გიორგი ლეონიძე. Show all posts
Showing posts with label გიორგი ლეონიძე. Show all posts

გიორგი ლეონიძე - მანეკენი

დაღლა ეტყობა მის დაღლილ ხელებს,
მაგრამ მას მაინც სურს გაინაზოს
და ჟრიამულით მოსულ მყიდველებს
ის საკოსტუმე ქსოვილს სთავაზობს.
ხელოვნურია კარგად იციან
ის ცოცხლებს შორის არვის უნახავს,
მაგრამ მას მაინც სუფთად აცვია,
მაინც ქალური მორცხვობა ახლავს.
სახეზე დარდი აღარ ემჩნევა,
იგი არავის არ აკვირდება
მაგრამ მგონია როს მარტო რჩება,
ღამით თავს დახრის და ატირდება

გიორგი ლეონიძე - "მოგეპარება ვეფხვივით ლექსი"

მოგეპარება ვეფხვივით ლექსი,
გულზე დაგადებს ალმასის ტორებს,
გაავლებს კლანჭით სისხლიან ნაღარს,
თმაში - ჭაღარის ყინულებს სტოვებს.

ჩალმადადგმული იანიჩარი, -
მოქშუის მთვარე, გული გააპოს.
წარსული ტყვეა - მხოლოდ ანჩარის,
ყველა ფურცელზე შხამი ლაპლაპობს.

ვინ გაექცევა ლექსების ხმალსა,
ლექსის ჯვარიდან ვინ აგხსნის მკლავებს,
რაღაც ატირებს მდინარის ხმასაც
და ჩარიგებულ ცაში ვარსკვლავებს,

რაღაც ატირებს თვით დედამიწას,
რომ მომავალში ნახოს ოცნება,
ამოითხრება ტირილში სული
და ფესვიანად გაიტყორცნება!

გიორგი ლეონიძე - "მე შენს სიყვარულს, ძვირფასო"

მე შენს სიყვარულს, ძვირფასო,
რამდენი ხანი ვეცადე;
მე მინდა შენი სიწმინდით
ჩემს ქართულ სიტყვას ვვერცხლავდე.
მოდი, იმ პირველ ღიმილით
გამომეცხადე
მერცხლადვე...

გიორგი ლეონიძე - ოლე

შენ ლიახვის კლდეზე დგახარ,
ძველი მოსასხამით, ―
ოლე, ოლე, მარტოხეო,
დღისითა და ღამით;

შიგნიდანვე გამომწვარო
მარტოობის შხამით,
შიგნიდანვე გაბზარულო,
დახეთქილო კეცად;

ხე ბრუნდევ და ხე მართალო,
ხეო, ერთო ბეწვა.
დგახარ, როგორც სახრჩობელა ―
თვით გახრჩობენ მთები;

გიორგი ლეონიძე - მე რომ მიყვარხარ...

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს?
ისე მაღალი და სპეტქკი არც რომ მთებია!
მარტის ნიაღვარს აზვირთებულს გზები ჩაუხრავს,
უგრაგნია და ზღვის უბეს შეერტებია.

მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო?
ვის შევუერთდე? შენი გული დაკეტილია...
ნუთუ ეს ტრფობა საყვარელო, თეთრო მთის ვარდო,
პოეტისათვის მხოლოდ ძველი სიყვარულია!

გიორგი ლეონიძე - ეს დღე ჩემია!

ეს დღე ჩემია,
ეს დღე ჩემია,
არცა ბესიკის,
არცა ვაჟასი!
გული მათ გულზე მიმიბჯენია,
გავრთულვარ ლექსის გამოჩარხვაში.

ჩემი სულისგან არი დაწნული'
ეს დღე,
ეს წამი
და ეს საათი!
შიგ ჩემი სუნთქვა არის დაცული,
ვმღერი ვარდებში, როგორც საადი.

მეც იქ მაქვს გული, სადაც აქვს შოთას,
სამშობლოსათვის მეც იქ ვილოცავ,
მეც იქა ვღელავ,
სადაც ის შფოთავს, _
გინდაც ჩამთვალეთ სასაცილოდაც...

გიორგი ლეონიძე - ნუ გათათრდები

„ნუ გათათრდები“ - გერქვა სახელად
შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო,
მიტაცებულთა, გარდახვეწილთა,
მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!

შენ, ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო,
ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო,
თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო,
ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!

მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი,
გიმხნევებია შენი ქართულით,
აზიის გზებზე, უდაბნოებში,
ვინც კი ყოფილა გადაკარგული!

გიორგი ლეონიძე - "შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ"

შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ,
დიდია შენი სახელი;
მთების სიბრტყენი გადასჭერ,
სამშობლოს გარეთ გახველი.

შენი სიბრძნე და ოცნება
გულში აქვთ გამოკვანძილი;
ჩამოურიგდი ქვეყანას,
როგორც დიდი მზის ნაწილი.

კარებს გიღებენ ტკბილ სტუმარს
ქალაქები და სოფელი,
სიმღერა გულში ნათქვამი,
გახდი მსოფლიოს მფლობელი.

გაქანდი, ოქროსფრთიანო,
გასცდები ქვეყნის ნაპირსა,―
შენ, დედაჩემის მზითევო,
ფარ-ხმალო მამა-პაპისა!

გიორგი ლეონიძე - "წიგნო, წინ მიუძღვებოდი"

წიგნო, წინ მიუძღვებოდი
ხალხს უკვდავების ნაღარით;
შენ გწერდა დიდი რუსთველი,
თავს ოქროგადანაყარი.

შენ გწერდა ცისკრის კამკამი,
ხევთა ხმა ზვავის ზრიალი;
შენს კალამს ორბი ჰზიდავდა,
ტყავს ― ვეფხი თანაზიარი.

შენ გწერდა ქალის წამწამი,
ვაჟკაცის მკერდი გმირული,
შენ ხალხი გწერდა მხედარი,
ბრძოლით გულამოკირული.

გიორგი ლეონიძე - "უთენებელი ბნელეთის"

უთენებელი ბნელეთის
შენ ერთი გვყავდი მთეველი;
სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს,
შენ დაგვრჩი წაურთმეველი!

შენ არ გჭიროდა სახიზრად
გამოქვაბულთა წყვდიადი.
არწივის ფრთაში ჩასაფრდი,
ქოხის ნაცარში ბრწყინავდი.

გწვავდნენ და არ იწვებოდი,
ცეცხლში დიდების მხვეჭელი.
ვერც ქარიშხალი გფანტავდა,
ხეების ამომგლეჯელი.

შენ ხმალის ღარზედ ეწერე,
ანდერძი ოქროხმოვანი:
”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!”

გიორგი ლეონიძე - "ხელში აგიღებ... გაკოცებ"

ხელში აგიღებ... გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი... ჩაგცქერი;
წიგნი კი არა, ― ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.

წიგნი კი არა, ― ბაღი ხარ,
ოქროს ცვარჩამოწვეთილი;
გაშლილი ბაირაღი ხარ,
ლექსის ფრთა გაუცვეთელი!

წიგნი კი არა, ― დილა ხარ
ქართველი ხალხის ნათელი.
გულის ფესვებში გინახავ,
გულში ხარ გამონათალი.

გიორგი ლეონიძე - ნინოწმინდის ღამე

ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…
გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…

საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.

ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

გიორგი ლეონიძე - "გულს ბუდე არა ჰქონია"

გულს ბუდე არა ჰქონია,
მე კი შენთან ვარ ბინათა,
შენ შემირხიე სულის ფრთა,
შენმა ნათელმა მინათა.

შევიტყე, ვერ სპობს შავი დღე,
ვერც მოშხამული ისარი,
არც გადახმება, თუ ერთხელ
გულია ნამაისარი.

შენთვის მღელვარებს, შენდამი,
შენგამო იკრეფს ღონესა,
ქარიშხალს ჩასთვლემს ხანდახან,
მე არა, შენსა მგონესა..

გიორგი ლეონიძე - მე რომ მიყვარხარ

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს,
ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია?
მარტის ნიაღვარს აყვირებულს გზები ჩაუხრავს,
უგრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია.

მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო;
ვის შევუერთდე, - შენი გული დაკეტილია!
ნუთუ ეს ტრფობა, საყვარელო, თეთრო მთის ვარდო,
პოეტისათვის მხოლოდ ძველი გაკვეთილია?

გიორგი ლეონიძე - ყივჩაღური ღამე

ყივჩაღეთისკენ თეთრი ტრამალი
გააქათქათა მოზდოკის მთვარემ,
გულის ნაწვიმი და ნატამალი,
თუ რამე შემრჩა, ვიმღერო ბარემ...
მენევეთათვის და მოგზაურთა,-
შავი ზღვის ნისლებს ამოვეფარე
მოსჩანს სამშობლო, ივრის ვაზები,
როგორც სასანთლე გაჩაღებული.
შორიდან რაზე მელამაზები,
გული მაქვს გულთან დაჯახებული!

გიორგი ლეონიძე - სამშობლოს, ვუმღერ სამშობლოს

სულ ჩემი გულის მონაწურია,
რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,
ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,
და მის სიყვარულს დავემწყემსები.

მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,
როგორც წყალში დგას წნორის ძირები,
სიცოცხლეს ვერსად დავესესხები,
თუ სამშობლოსგან გავიწირები!

მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,
მისი ნათელი დამთოვებია,
სიცოცხლე - მისი მშვენების იქით -
ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!

გიორგი ლეონიძე - პატარძეული

პატარძეული... ჩემი სოფელი,
ბავშვობის კერა _ პატარძეული,
ჩემი აკვანი წნორის ტოტისა
იქა ყოფილა გადარწეული.

იქ მზრდიდა ხალხი... იქ მზრდიდა დედა
და ხალხის ფიქრი ათასწლეული...
მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე,
სიბერისაგან გადაქცეული...

იმ ხის ფესვებში მელანდებოდა
ხალხის მზის ოქრო და განძეული...
ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,
ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული...

გიორგი ლეონიძე - ნინოწმინდის ღამე

ნინოწმინდა... პალატები მეფეთა... 
გალავანში ― ჯამი აქაფებული, 
შენი სახე რისთვის შემომეფეთა, 
ხატი იყავ ― ვეფხვი დაქალებული... 

საზანდარმა ღამე ააცახცახა, 
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, 
ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, 
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა... 

ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები... 
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა 
საქართველოს ლექსის მეხანძარენი 
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ! 

გიორგი ლეონიძე - მეცამეტე საუკუნე

მოჰქრის ურა ცხენი
მონგოლური დაღით,
ზედ შავი თარაქამა
ვერ უსწორებს აღვირს
და კალია მჭამელი
უკან სვეტად მისდევს
მუზარადის მტვერით
დაბნელებულ მინდვრებს.

ვერ უძლებენ მთები
მულიდების ყივილს,
საყვიორებით ზურნით
დროშების ტყე წივის,
ბრწყინავს თათრის ხმალი,
ბრწყინავს თათრის ჩალმა,
მოდის ჩინგისხანი,
გზა გაცეცხლა ალმა.

ხვალ ნახავთ კალიებს
მინდვრის დალაქებს,
გაშანთულ მიწის ქერქს
დათხრილ ქალაქებს.

გიორგი ლეონიძე - ღამე ივერიისა

ისევ აყვავდა გული ვარდივით
და ისევ მინდა შენზე დავწერო...
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო.

დახანძრებული წევს ივერია,
მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს,
მეტივეები სადღაც მღერიან,
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე...

სთვლემენ ბეღლებში ლურჯი ყანები,
ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი.
ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები...
სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.