Showing posts with label ნოდარ დუმბაძე. Show all posts
Showing posts with label ნოდარ დუმბაძე. Show all posts

ნოდარ დუმბაძე - თოვლის პაპას წერილი

თოვლის პაპა წერილს წერს,
აწრიპინებს კალმის წვერს,
თან ისწორებს ფაფუკ წვერს,
- მოგილოცავთ ახალ წელს.

საჩუქრები ყუთებში
ვალაგე და ვთვალე,
თქვენთან მომაქვს, ცელქებო,
თქვენ კი გენაცვალეთ.

ნოდარ დუმბაძე - თბილისი

შენ ლალი ხარ, საქართველოს სილამაზე,
თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გქვია,
შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზე
მზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია.
საქართველოს დიდი დაფნის გვირგვინიდან
ათასი გზით მოწყვეტილი ფოთოლი ხარ,
მაგრამ მაინც, წაგლეჯილი მტრის პირიდან,
ქართველის გულს დღევანდლამდე მოჰყოლიხარ.
შენ კრწანისზე სამას გმირთა არაგველთა
დაწყვეტილი გულის სიმებს შეჰხებიხარ,
შენ თბილისი კი არა და იმ ქართველთა
დაუმშრალი თბილი სისხლის წვეთები ხარ.

ნოდარ დუმბაძე - ავტობიოგრაფია

დედიკო მყავს სტუდენტი,
მამა - არქიტექტორი,
ბებო თვალის ექიმი,
ბაბუა კი - ლექტორი.
მიყვარს ბევრი ძილი და
უფრო ბევრი თამაში.
ჯერჯერობით ვერვინ მჯობს
ტირილსა და ჭამაში.
სახლი მიდგას ვერაზე,
ნომერი აქვს წაშლილი,
თუ დაგჭირდეთ, იკითხეთ:
ლევან მაჭარაშვილი.

ნოდარ დუმბაძე - ვარადა

ვარადა, ბიჭო, ვარადა,
უკვე აღარ ვარ ავადა,
დედიკომ ძალით შემასვა
წამლები მთელი კარადა.
კენჭივით ბიჭი ვიზრდები
ბაბუას გასახარადა,
ნოდარი მქვია სახელად,
თოფურიძე ვარ გვარადა.

ნოდარ დუმბაძე - იავნანა

ბულბული ვარდის კოკორზე
მღეროდა იავნანასო,
კატამ თქვა: - მივეპარები
და გადავსანსლავ ამასო.
ამის გამგონე ბულბულსა
ნისკარტში ჩაეცინაო,
ხმას აუწია და კატას
მკვდარივით ჩაეძინაო.

ნოდარ დუმბაძე - დედიკოს ვფიცავარ

წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!..
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ხუთებზე ვისწავლი,
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!

ნოდარ დუმბაძე - ქეთინო

დედიკომ და მამიკომ
დამიტოვეს ქეთინო,
ასე მითხრეს:- მიხედე,
არაფერი ეტკინოს;
არაფერი გატეხოს,
არ დაკუწოს კაბები,
არ მოხატოს კედლები,
არ აბურდოს ძაფები;
დაუმალე ნემსები,
დაუმალე ღილები,
მაკრატელიც დამალე,
არ დაიჭრას ფრჩხილები;
არ გააღოს კარადა,
არ დახიოს წიგნები,

ფანჯარა თუ გატეხა,
დამნაშავე იქნები;
არ მიუშვა ღუმელთან,
არ დაგვღუპო, მანანა!

ნოდარ დუმბაძე - სახლობანა

ნეტავ სად ხარ, შენს ძებნაში
მოვირბინე ეზო,
წამო ჩემთან, სახლობანა
ვითამაშოთ, რეზო!
რა კარგია, ჩხუბს და ცემას
ვეღარ გამიბედავ,
შენ იქნები ჩემი შვილი,
მე ვიქნები დედა.
მე ბაზარში გავიქცევი,
ხელს ნუ ახლებ ამას. . .
არაფერი დააშავო. . .
დაუჯერე მამას.
მაინც ჩხუბობ? მაინც მირტყამ?
ასე იცი მუდამ.
არ გრცხვენია, უსირცხვილო,
დედას ცემა უნდა?!

ნოდარ დუმბაძე - მელა და ქათამი

მელიამ უთხრა ქათამსო:
- რომ შეაბერდი მამალსო,
ამაღამ ჩემთან წამოდი,
თვალ-მარგალიტით აგავსო.-
ქათამმა უთხრა:-მელაო,
მე შენთვის არა მცხელაო,
სულ ერთი წუთი მაცალე,
გამოვაღვიძებ მურასო
და იმას ელაპარაკე,
თუ თავზე ქუდი გხურავსო.


ნოდარ დუმბაძე - ლიმონათი

დედაც მიყვარს,
მამაც მიყვარს,
საჩუქრებიც მომწონს მათი,
მაგრამ ყველას მირჩევნია
ერთი ჭიქა ლიმონათი.
რამდენ წამალს ვსამ და ვყლაპავ
მისი ეშხით,მისი ხათრით,
თქვენ არიცით, რა კარგია
გაზიანი ლიმონათი.

ნოდარ დუმბაძე - მანანა და ლალი

ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
რაო, ჩემო მანანა?
ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გააცივო,
ისევ სურდო დამართო?
რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
არაფერიც, არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?

ნოდარ დუმბაძე - ავადმყოფი

დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო.

ნოდარ დუმბაძე - ექიმი

მოვიდა და გაგვსინჯა
ერთად მე და ბებია,
მერე უთხრა დედიკოს;
- ბავშვი გაგციებიათ. –
მე კი სულ არ მციოდა,
თბილად მეცვა ზემოდან,
გიზგიზებდა ბუხარი
და ძალიან მცხელოდა.
ავად სულაც არა ვარ,
ან მცივანა როდი ვარ,
ძია ექიმს ეშლება -
მე ბებია ვგონივარ.


ნოდარ დუმბაძე - ბაღი

მე ბაღი ბაღი მეგონა,
ყვავილებით და პეპლებით,
აქ კი რა დამხვდა?- მაგიდა,
წიგნი და მასწავლებელი,
ვაშლის ფაფა და სტაფილო,
კატლეტები და სუპები,
არა, ბატონო, ამ ბაღში
უთუოდ დავიღუპები.
არ მინდა თქვენი საწოლი,
არც ეს ფაფუკი ბალიში,
ან ნამდვილ ბაღში წავიდეთ,
ან არა - სახლში გამიშვით.

ნოდარ დუმბაძე - ბეკეკა

გამიგონე, ბეკეკა,
გეყო ხტუნვა-თამაში,
ხედავ? დამეტაკე და
ამომსვარე ტალახში.
ერთხელ თუ გაგებუტე,
ვეღარ გადამიბირებ,
მერე მთელი საათი
დაჯექი და იტირე.
თუგინდ ჩემი მურიაც
შენი ცოდვით იწვოდეს,
შენ დედიკოს მონაწველ
რძეს არ დავლევ იცოდე.


ნოდარ დუმბაძე - გაზაფხულო, ლამაზო

ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იებო?
ჩემო ნუშის ხეებო,
ჩემო ჩიტუნიებო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?
ჰა ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
აი, თავი ამოყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?

ნოდარ დუმბაძე - დათუნია

გამარჯობა, დათუნია,,
რა კარგი ხარ, ლამაზი,
ვერ მიცანი? შემომხედე,
მე ვარ შენი თამაზი.
ყურადღებას არც კი მაქცევ,
მოდიხარ და მიდიხარ. . .
მეც მყავს სახლში დათუნია,
მაგრამ შენ ხომ დიდი ხარ!
არ გრცხვენია დამიკარგე
შენი ნახვის ხალისი,
რამოდენა გაზრდილხარ და
გამარჯობა არ იცი.

ნოდარ დუმბაძე - დღეობა

ხვალ არის ჩემი დღეობა,
იქნება დიდი ღრეობა.
უკვე დღე არის მესამე
დანებს და ჩანგლებს ლესავენ,
ჩამოვლენ როგორც სვავები,
მშიერი ნათესავები,
ვეღარ გიშველით ვერაფერს,
გადასანსლავენ ყველაფერს.
ვარიკებო და ტახებო,
კარებს გაგიღებთ ახლავე,
ვნახოთ, მშიერი სტუმრები
რას შეჭამენ და დახრავენ.
ოღონდ ზეგ დილით დაბრუნდით,
ვარიკებიც და ტახებიც,
ხომ იცით, თქვენი გულისთვის
რა მაგრად გავილახები!

ნოდარ დუმბაძე - თოჯინა

მთელ დღეს ასე ატარებ
უსაქმურად ძილშია,
გუშინ წიგნი მოგეცი,
არც კი გადაგიშლია.
დაემსგავსე დათუნას
და არა ჭამ არაფერს,
აბა, პირი გააღე
და კარაქი ჩაყლაპე!
არ მიჯერებ, თოჯინა?
ნახე, თუ არ განანო
და საღამოს, ძილის წინ,
თავი თუ არ დაგბანო!

ნოდარ დუმბაძე - მამალი

როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა:- რა ვქნათო?-
ბებიამ თქვა:- სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო.-
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.