ალბათ აღარასოდეს აღარ მომენატრები,
ჩვენთვის აღარ იფეთქებს ქვათახევში ატმები.
ჩვენთვის აღარ იმღერებს ზედაზენზე მოცხარი,
სევდა წამოგეწევა ქართლის საღამოსავით.
ბუდეშური თვალები დაგინაღვლიანდება
და ლამაზი დღეები წარსულს გადაბარდება...
ალბათ აღარასოდეს აღარ მომენატრები...
მიდიხარ...
მზე ჩავა სადაც არი,
მე ისევ ძველ მოტივს ვმღერი _
რამ გამახსენა ფერი სატაცურის,
ასე ნაღვლიანი ფერი...
მოწყენილია ყოვლიარი –
ეს თოვლიც, ღუღუნიც ბუხრის,
სარკმელთან – ბალბა მგლოვიარე,
სარკმელში – მგლოვიარე მწუხრი.
მიაჭრიალებენ სადღაც ურემს...
მე ისევ ძველ მოტივს ვმღერი –
რამ გამახსენა ფერი სატაცურის,
ასე ნაღვლიანი ფერი?!.
ისე მომენატრე, ისე!
ახლა გახსენება მიჭირს,
როდის წაგიყვანა ტყისკენ
ერთმა უდარდელმა ბიჭმა.
როდის დაგიკრიფა შინდი
ერთი გაღიმების ფასად.
ისევ იმნაირად გშვენის
მწიფე შინდისფერი კაბა,
თუ დრო ყოველივეს აქრობს,
რაიც კარგია და გვიყვარს,
რათა ფასი ჰქონდეს უფრო,
როგორც აუხდენელ სიზმარს...
ვხედავ – ნაკვალევი ჩვენი
ბილიკს კურდღელივით მისდევს,
მინდა გაგახსენო, ელი,
იმ დღეს ჩვენ დავარქვით ტყის დღე.
ახლა, ამდენი ხნის გავლამ
ისევ მომანატრა ის დღე.
გნახო – ვიტირებდი ალბათ,
ისე მომენატრე, ისე...
დავდე ნაჯახი, ამღერდა ცეცხლი _
ჩამოვუჯექი ბუხართან ზამთარს...
ვეღარაფერი მე ვეღარ შემცვლის,
აი, დავბრუნდი საკუთარ თავთან...
საიდან მოველ, რა გზით ვიარე,
საით დავდევდი ბრმა ქართა ქროლვებს?
ვისი ღიმილის ვარ მოზიარე
ან ვისი ცრემლი გამომიგლოვებს?..
ისმის დეკემბრის ცივი ზუზუნი,
ქარი უმატებს კვნესას და ვიშვიშს,
ჩამოძენძილი და მობუზული
ზვინები თვლემენ ნაცრისფერ ნისლში.
აგვისტოა და ორღობეში
იცინის, იცინის შინდი.
სოფლელი გოგო ისე შემოგხედავს,
როგორღა დარჩები მშვიდი.
გაუდარაჯდები შეღამებულზე და
გუმანს შეგატყობენ –
გაგიქრება და ციცინათელებით
დაჭორფლილ ღამეს
ხელში შეგატოვებს...
აგვისტოა და ორღობეში
იცინის, იცინის შინდი,
სოფლელი გოგო ისე შემოგხედავს,
კაი ბიჭი ხარ და დარჩები მშვიდი...