Showing posts with label ვასილ გულეური. Show all posts
Showing posts with label ვასილ გულეური. Show all posts

ვასილ გულეური - ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან –
შეიკრიბნენ ცხოველები,
თოვლის პაპას ელიან.

ნაძვი მორთეს, ათასფერად
ციმციმებს და ანათებს.
ნაძვის ძირში ალაგებენ
საახალწლო ბარათებს.

უხარიათ ხეზე ჩიტებს,
სოროში კი თაგუნებს:
– მალე მოვა თოვლის პაპა
და ჩვენც რამეს გვარგუნებს.

ვასილ გულეური - ციკოს თოვლის პაპა

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.

 მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად.

ტანზე კოხტად ჩაურიგა
ყავისფერი ღილები.
განა მართლა ღილებია –
გაკროლილი თხილები.

ვასილ გულეური - საახალწლო სიზმარი

ახალი წლის ღამეა
და სასწაულს ველი,
მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –
მიდის წელი ძველი.

ნაძვის ხესთან ვზივარ და
არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.
თოვლის პაპას რომ დავხვდე,
არ მსურს, დავიძინო.

გარეთ ცივა, სახლში კი
საამურად თბილა...
ჰოდა, შუაღამემდე
ჩამეძინა ტკბილად.

ვასილ გულეური - თოვლის შვილიშვილი

გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.

დავბერდიო, - ასე ამბობს, -
მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!

საჩუქრების დიდი გუდა
ძლივს ასწია, შველა უნდა.

შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!