Showing posts with label მაკა ჯაიანი. Show all posts
Showing posts with label მაკა ჯაიანი. Show all posts

მაკა ჯაიანი - როცა ვერ გხედავ

როცა ვერ გხედავ,
თვალები მტკივა და კიდევ რაღაც
ღრმად შიგნით, სხეულში.
სამყარო მრუდე სარკეებში იკეტება
და ისეთივე არანორმალური ჩანს,
როგორიც მე, როცა ვერ გხედავ
და სამყარო მრუდე სარკეებში იკეტება,
რადგან თვალები მტკივა და კიდევ რაღაც,
ღრმად შიგნით, სხეულში.

მაკა ჯაიანი - მე მოვიწყინე

ეს მზისქვეშეთი, გასუსული,
ამ ადგილიდან
საბურველს იცლის.
მე მოვიწყინე, ბატონებო,
უკვე დილიდან,
ვეთმობი სიცილს.
ჩამოათეთრა, ჩამოთოვა
აჭრილ ბილიკებს
ნასუნთქი ზეცის,
ვინ მოაბრუნებს,
ვინ ოხერი წაიქილიკებს -
ხელები მეწვის!
როგორ არ ვთიბე გასათიბი,
როგორ არ ვკაფე,
არა დამითმო.