Showing posts with label მანანა ჩიტიშვილი. Show all posts
Showing posts with label მანანა ჩიტიშვილი. Show all posts

მანანა ჩიტიშვილი - თიბათვე

სოფლად ხურს თონე და ღუის ვარცლი,
პირბადრი ქალი გადივლის ბოგირს...
ერთი კვირაა მთას თიბავს კაცი _
დანატრებული დიაცის ლოგინს.
ღამით მჭკნარ ბალახს მოპოტნის მუჭი,
სურვილს და ვნებას ამძაფრებს მთვარე...
ყველა ღიღილო _ ნაზი და ლურჯი,
აგონებს ქალის ნამიან თვალებს.
მორჩა... ჩამოლევს ფერდობს ძუნძულით,
თავს მიჰხრის, სერზე გადივლის სანამ _
როგორც დიაცის სავსე ძუძუნი,
მინდორში თივის ზვინები ჩანან.

მანანა ჩიტიშვილი - გაზაფხული ქართლში

ეჩურჩულება ქარი ისლიანს,
მზე ნორჩ მურყანებს მოსავს ფერადით,
გაღმა სერებზე თეთრი ნისლია,
თუ ანგელოზებს დარჩათ პერანგი?!
აქ სულ სხვაგვარი შუქით ვინთები,
სხვა ძალით მხმობენ აქეთ მთები და
თბილად მიმზერენ ქართლის მინდვრები
ბალახის მწვანე წამწამებიდან.
ჩემი სიმდიდრე და საესავი
არც ის მთაა და არც ეს მურყანი, _
გზისპირს ქალი დგას ატმის ხესავით
და თბილ ხელებში ბავშვი უყვავის.