Showing posts with label რუსუდან გიგინაშვილი. Show all posts
Showing posts with label რუსუდან გიგინაშვილი. Show all posts

რუსუდან გიგინაშვილი - მომეფერე

მომეფერე,
გადამისვი
თმაზე ხელი,
რომ სიცოცხლის სურნელება
უკეთ ვიგრძნო.
შემომძარცვე
ნაზამთრალი სამოსელი,
ერთხელ კიდევ გაზაფხულდეს
ჩემთვის ვინძლო.
ერთხელ კიდევ
ამოვარდეს გულში ქარი,
მზეს და წვიმას
სხივს და წვეთზე დავეკიდო,
რომ გავექცე სიმარტოვეს ურჩი ქალი
და ლოყებზე ატმის ცეცხლი წამეკიდოს.

რუსუდან გიგინაშვილი - აღმომაჩინე

ჩემში ბორგავს და იწვის ყოველი,
გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს.
ამ ქვეყნად აბა რისთვის მოვედი,
გემუდარებით აღმომაჩინეთ.

აღმომაჩინეთ იქნებ ვინა ვარ,
იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა,
იქნებ ვშრიალებ თქვენს წინ ჩინარად,
იქნებ ცრემლი ვარ, ცრემლი შვებისა,

იქნებ კვირტი ვარ, იქნებ ბალახი,
ხელი შემახეთ, არ შეგაშინებთ.
ნუ გეყოლებით თუნდაც ნანახი,
გემუდარებით აღმომაჩინეთ.

ჩემში ზღვა ბორგავს, ღელავს ზვირთები
შმაგი ქარშავა ტალღებს აცინებს
მალე ჯებირებს გადმოვდინდები
გემუდარებით აღმომაჩინეთ.