შენ აბანოდან გამოდიოდი,
მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით,
და ბოტანიკურ ბაღის სიოთი
გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.
მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,
აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი
საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.
არც კი გრცხვენიან! ვით ალამდარი,
აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად.
აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარი
და ზედ ეწერა: "ჩემი სახლობა!"