Showing posts with label ზაზა ბიბილაშვილი. Show all posts
Showing posts with label ზაზა ბიბილაშვილი. Show all posts

ზაზა ბიბილაშვილი - სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...

ზაზა ბიბილაშვილი - ლექსი მოყმისა და სიყვარულისა

გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე,
რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი:
ვერ შეგიპყარი,
ვერ მოგკალ,
ვერ თავი შემოგაკალი.
ხან - ჭიუხების ჭირხლები,
ხან - ხალნი ველის ხაოთა -
შენად ნაწოლად მენიშნა,
ვნახე - აფთარი ხაოდა.
ეგებ, დააგდე საჩვენო,
სხვა მზე ირჩიე,
სხვა წყალი?
ეგებ, ჯილაგით ამოწყდი -
კაცის ჯილაგზე გამწყრალი?
ეგება, კიდეც დაგლანდე
სადმე, ჩამომწვარ გორებთან? -
დამცეცხლა კოცნის სახმილმა -
მახვილს რა მომაგონებდა!
აღარ დამცალდა,
ნანატრი
ელდის ელვებით გაშოლტილს, -
ცალი ყბით შემომიღრინე,
ცალად გამკარ და გამშორდი.