Showing posts with label შოთა ჩანტლაძე. Show all posts
Showing posts with label შოთა ჩანტლაძე. Show all posts

შოთა ჩანტლაძე - მანიფესტი

ბატონებო და ქალბატონებო,
ეს გახლავთ ჩვენი უკანასკნელი სიტყვა,
ჩვენი პირველი და უკანასკნელი სიტყვა გახლავთ ეს:
პოეტები დაეშვნენ ოლიმპოდან.

იმათთვის, ვინაც წინ მიგვიძღვოდა ჩვენ,
პოეზია გახლდათ ფუფუნება;
ჩვენთვის კი იგი — პური და წყალია
და წარმოუდგენელია ცხოვრება უმისოდ.
პატივისცემით უნდა მოგახსენოთ -
წინაპრებისგან განსხვავებით -
ჩვენ მიგვაჩნია:
ალქიმიკოსი როდია პოეტი,
იგიც სხვასავით ადამიანია,
იგი კალატოზია სახლის მშენებელი,
იგია მშენებელი, რომელიც კედელში
ფართო კარებს და ფანჯარას ჰკვეთს.
ჩვენ ერთმანეთში ვლაპარაკობთ
ჩვენი დღეების უბრალო ენაზე,
კაბალისტიკის არ გვწამს არაფერი.
და კიდევ ერთი:
დედამიწაზე იმისათვის არსებობს პოეტი,
რათა ხე მრუდედ არ ამოიზარდოს აროდეს.

შოთა ჩანტლაძე - აქ ერთ დროს

აქ ერთ დროს რეკავდნენ ზარები თამამი
და თითქოს დიდებას ამბობდნენ ღმერთების,
აქ ერთ დროს ილოცდნენ წმინდანი მამანი
და ბოლოს დასტოვეს მონასტრის კედლები.

და ბოლოს დასტოვეს მონასტრის არენი _
სიკვდილის ჟამმა თუ დარეკა,
ქარსა და ქვიშაზე უმიზნოდ ნარენი,
ქარმა და ქვიშამვე წალეკა.

დაინგრა მონასტრის ზეცა და გუმბათი,
დაინგრა კარები აღსავლის,
დადუმდნენ ზარები და დუმილს უმატეს
და ხმა არ ისმოდა არსაით.

წავიდა წვიმა და მოვიდნენ ქარები,
წვიმები, ქარები მეასედ,
ციოდა მარიამს და დედის მკლავებში
ციოდა პატარა იესოს.