Showing posts with label ნიკოლოზ ბარათაშვილი. Show all posts
Showing posts with label ნიკოლოზ ბარათაშვილი. Show all posts

ნიკოლოზ ბარათაშვილი - შევიშრობ ცრემლსა

შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!

ნიკოლოზ ბარათაშვილი - უტყვსა მინდორსა, მწვანოვანსა, ნაზარდი

უტყვსა მინდორსა, მწვანოვანსა, ნაზარდი,
ნაზად შეხრილი, გაფურჩქვნილი, მუნ ვარდი
ხანცა იღიმვის, ხანცა ნაზობს წყნარადი,
სცქერს რხევით წყაროს, მოწანწკარეს, ტანადი.

ზეფირო – მქროლე, განმაგრილე, მღელვარე,
მსუბუქად ჰქროდა, ყვავილთ ამაელვარე;
იაც სოსნადა, ნარნარადა, მდგომარე
ვარდის ახლოსა, უკლებლობსა მარადი.

ვარდი ამაყი იტყვის წყნარი, მცინარი:
„იავ, წვრილ-ძირავ! ნახე, შენთან ვინ არი;
ვით თავისუფლობ, ვითა ლაღობ აქ მდგარი?
რად არა იცი, მეტრფის კაცად კაცადი?“

იამან თმენა, სრულ მოსმენა ინება;
ვარდი ქარითა ბორბალითა იძრცვნება –
მაშინ შიშველი, გაფლიდული იხრება,
ეტყვის იასა: „აწ ვგრძენ ჩემი ნაბადი“.

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ვპოვე ტაძარი შესაფარი

ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;
გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,
ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,
რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;
ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,
მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!

ნიკოლოზ ბარათაშვილი - სული ობოლი

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:
ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ჩემს ვარსკვლავს

რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?
მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო:
შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,
შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!

ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,
რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;
შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ,
როს მიბჟუტვით ნისლით გამომინათებ.

რა სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,
მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო:
ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,
მალხინებელ დაბინდულის გულისა!

ნიკოლოზ ბარათაშვილი - სულო ბოროტო

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?

ნიკოლოზ ბარათაშვილი - "მიყვარს თვალები მიბნედილები"

მიყვარს თვალები მიბნედილები,
ეშხისა ცეცხლით დაქანცულები;
მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ–ვარდთ ველად
განეწონვიან მათი ისრები.

მივხვდი, თვალებო, ჩემო მკვლელებო, მაგ თქვენსა ქცევას,
მაგრამ ვით ელით თქვენგან კოდილის თქვენგან გაქცევას?

ვიცი, რომ ჰმტრობენ გულსა მგრძნობელსა,
უწყალოდ სტანჯვენ უენო მსხვერპლსა,
მაგრამ რა ისართ ზეცად აღმართვენ,
მათშივე ჰპოვებს საკურნებელსა!

თვალნო ლამაზნო, ვინ უძლოს თქვენსა ძლიერს ბასრობას,
თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკვდავებას?

ნიკოლოზ ბარათაშვილი - რად ჰყვედრი კაცსა

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა.

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!

მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?

ნიკოლოზ ბარათაშვილი - არ უკიჟინო სატრფოო

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

ნიკოლოზ ბარათაშვილი - მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა;
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ხმა იდუმალი

ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?
რა ვსცან პირველად წუთისოფელი,
დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი

რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის
სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, —
მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!

ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად
სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:
“ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვო შენი საშვენი!”

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ფიქრნი მტკვრის პირას

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

ნიკოლოზ ბარათაშვილი - სუმბული და მწირი

მწირი

სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,
რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?
მარქვი, სადა არს სუნი შენი, ამო და ნელი,
რომლით ათრობდა სიცოცხლის ჟამთ ლამაზი ველი?

სუმბული

მწირო, ხომ ხედავ, მოვჰკლებივარ ჩემს სამშობლოს გულს,
ჩემთ სწორთა ყვავილთ, მშვენიერს ცას და ჩემსა ბულბულს.
აგერ მაისი ააყვავებს ტურფად ბუნებას, 
მოვა ბულბული და დაუშტვენს სიყვარულის ხმას,
ხოლო მე ხშული ბნელსა სადგურს და სევდიანსა, 
ვეღარ ვიხილავ ჩემსა ტურფას და ტკბილს მგოსანსა!

მწირი

ნუ თუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც რას საამურს,
სადაც ოქროთი და ვერცხლითა გიმკობენ სადგურს;
სადაცა კაცი შენს შვენებას ესრეთ ინახავს,
რომ მზე ვერ გიჭკნობს და სიცივე ვერა დაგაზრავს?

ნიკოლოზ ბარათაშვილი - შემოღამება მთაწმიდაზედ

ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ნიკოლოზ ბარათაშვილი - საყურე

ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,

უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას

შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!