Showing posts with label ანა კალანდაძე. Show all posts
Showing posts with label ანა კალანდაძე. Show all posts

ანა კალანდაძე - ო, მე კი არა, გული ხარხარებს

როცა ნამიან ველზე გავივლი
ნამი ბალღივით მართობს,მახარებს...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შენ,ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე....

ანა კალანდაძე - ისევ განკვეთე შენ ურჩხული

ისევ განკვეთე შენ ურჩხული
გაუმაძღარი
და დამიფარე, ვით წალკოტში
ყვავილს იფარავ...
გააღე ჩემთვის, ო, კარები
შენი ტაძრისა,
კვლავ სასოებით შემოვიდე,
ხელუწიფარო!

მფარველო ჩემო, ბოროტების
ყოველი ვცანი:
არ დაცხრეს მათგან,
არ დადუმდეს
ჩემი კამარა!
ისევ გახსენი გული ჩემი
მზე-მთვარისათვის
და დამიფარე, ვით წალკოტში
ყვავილს იფარავ!

ანა კალანდაძე - რომი, გენუა, პიზა, ვერონა

რომი, გენუა, პიზა, ვერონა,
არნოს მინდვრებზე ფოთლების ცვენა,
მიწის ქვეშ ლეთე და აქერონი,
გრაცია პლენა, გრაცია პლენა..
კოლიზეუმი ძვლებს ითბობს მზეზე,
ვეზუვს გვირგვინი შემოსძარცვია...
ო,ვერიკიო და ვერონეზე,
გრაცია პლენა. პლენა გრაცია...

ანა კალანდაძე - პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთხოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს ,როდი მიმატოვა,
თოხიტირა,პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს,გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე,ქარო ნუ ხარ მკაცრი;
პატარა ვარ,მოფერება მინდა!
მითხარიო! როგორ,როგორ,ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო ,ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია ,პაწაწინა რტო ვარ!

ანა კალანდაძე - თქვი, არჯაკველო ხვიარა

თქვი, არჯაკველო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
_რავი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
დაარა გამიგია რა...
მეც... სხვათაშორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა...

ანა კალანდაძე - მოდიოდა ნინო მთებით

ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა
და,როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ.....
მოჰკიოდა,ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი..........
მოდიოდა ,ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი.
თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი,
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა;
_რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა;
_საქართველო არის ესე!

ანა კალანდაძე - ხმანი ვერ სცანით!

წაღმა-უკუღმა
ფრენენ ისარნი,
შეაზანზარეს
ბურჯნი ცისანი...
მაბრალობლებო
დავითისანო,
ხმანი ვერ სცანით
განგებისანი!

***
დასაბამიდან მოდიხართ, ოდით, -
თქვენ იმთავითვე სინათლეს მოსდევთ...
იყავით,
ხართ
და
იქნებით მერეც,
როგორც სიკვდილი და ბედისწერა!
ჰე, ლეგეონთა ვაუწყებ თქვენთა,
ვერ განმიწონონ გულში ლახვარი,
ვერა, ვერ შეძლოთ დაცხრობა მზეთა,
გადააფაროთ ბნელი სამყაროს!

ანა კალანდაძე - ხილვა

მხედარს
ბრძოლა გარდეხადა,
ახლა...
ცერზე ქორი უჯდა...
თვალში -
ცეცხლი მობრიალე,
გულშიც
ცეცხლის ალი უჩნდა!
დაღლილ სახეს -
გაღიმება,
ვით მზის კრთომა -
ცათა ლურჯთა...
ეს - უძლევი
სული გახლდათ
აწყურთა და
არტანუჯთა!

ანა კალანდაძე - ჭექდა მაზურკა

შენ გაგითეთრდა თმები მას უკან,
ძვირფასო კაბას კი...
ერთი მორჩი შერჩა სუსაუბრის...
დეზთა წკარუნით
გაგიწვევდა ქალწულთ ჰუსარნი
და დიდ დარბაზში ჭექდა მაზურკა...
როკავდნენ წყვილნი,
ვით გედები, იისფერ ტბაში...
ბრწყინვალე კანდელთა
ჰგავდა ბრწყინვას ვარსკვლავთ მირიადთ...
შმაგი სინათლე
თვალს სჭრიდა მკერდზე ბრილიანტს
და იაგუნდა ტიროდა თმაში...
ლამაზი კაბა იასამნის სურნელს აკმენდა,
ეცილებოდა
თვით სანთელთაც უბრწყინვალეს შუქს...
მაღალი მხრები იმშვენებდნენ ინდურ აბრეშუმს...
ბრინჯაოს ქალია
სულ შიშველი იდგა სარკესთან...
შენ გაგითეთრდა თმები მას უკან
და ძვირფასი კაბას
ერთი მორჩი შერჩა სუსამბის...

ანა კალანდაძე - წყნეთიდან

ბევრი წყარო და ბევრი ხევია
ბეთანიამდე,
სადაც სანთელი მარადისობის
იწვის ნიადაგ,
სად დიდებული მეფეთ-მეფე დგას
ხელაპყრობილი,
რომ ქართველობას ისევ მაღალი
აზრი მოჰფინოს...
კვლავ სამშობლოსთვის
მთხოვნელი არი
შუქმირიადი...
ბევრი წყარო და ბევრი ხევია
ბეთანიამდე.
1962 წყნეთიდან
ბევრი წყარო და ბევრი ხევია
ბეთანიამდე,
სადაც სანთელი მარადისობის
იწვის ნიადაგ,
სად დიდებული მეფეთ-მეფე დგას
ხელაპყრობილი,
რომ ქართველობას ისევ მაღალი
აზრი მოჰფინოს...
კვლავ სამშობლოსთვის
მთხოვნელი არი
შუქმირიადი...
ბევრი წყარო და ბევრი ხევია
ბეთანიამდე.

ანა კალანდაძე - წუთიც კი!..

აღმოხდომია დიდ წინაპარს
(ჯერ კიდევ როდის!):
უნასი სჯობსო,
ნუ შემამთხვევ
ავყიად შობილს, -
მასთან... წუთიც ხომ...
ჩვენ სიცოცხლის
მოწამვლად
გვყოფნის?!


***
აჰა, ისევე ჩაუხერგავთ
ბაღის კარები,
ტურფად უშლიათ სად ზეფირთა
ყვავილნარები...
მაგრამ, რადგანაც ჩაინავლა
შენგანვე ღველფი,
გული არ მიწევს კვლავ ზეციურ
ყვავილთა კრეფად!

ანა კალანდაძე - ძველი ხომალდი სტოკჰოლმის ნავსადგურში

სამანძიანი თეთრი ხომალდი
ჩვეული სწრაფით
აღარასოდეს, აღარასოდეს
არ გაშლის აფრებს
და მუხლ მოყრილი ,ღამენათევი,
თავმიუდები
გამარჯვებული ნორნების მხარეს
არ დაბრუნდება.
მაგრამ,როდესაც სტოქოლმის ქუჩებს
ძველი ფარნები
გაანათებენ ჩვეულებრივი
იდუმალებით,
ძველი ხომალდი თვალანთებულ
ვიკინგებს უხმობს,
ნავსადგურიდან ის გაშლილ ზღვაში
გამოდის უხმოდ_
ძველ სიამაყეს,წარსულ სილაღეს
ზღვის სივრცე მოჰგვრის...

ანა კალანდაძე - ჩამოვფრინდები, იასამანო

შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი, დაუსაბამო...
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
ცამ ხვაშიადი რატომ დამალოს?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!
მივესალმები შენს ცინცხალ ყვავილს,
ცას სამადლობელს შევწირავ მხოლოდ,
გულს ეუფლება უსაზღვროება,
როგორც ამ ლურჯ ცას არა აქვს ბოლი...
ყვავილი შენი ქარში ირწევა,
თეთრი ღრუბლები ტაატით დიან...
ნუ შეშფოთდები,ღრუბლებს თუ გავყვე,_
მინდა, ველურმა ქარებმა მდიონ!
შეხედე ცაა ძალიან ლურჯი,
ძალიან ლურჯი დაუსაბამო...
ცას შერევია თეთრი ღრუბელი,
მე... ხვაშიადი რატომ დავმალო?
ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!

ანა კალანდაძე - შიომღვიმეში

რკინის აივანს, მყუდრო აივანს
იშვიათად თუ ეწვევა კაცი...
სამაგიეროდ ნუშის და ცაცხვის
აქ ფოთოლცვენა ისე ხშირია...
ნუთუ ამ ფოთლებს ამ მღვიმეების,
ამ მარტოობის არ ეშინიათ?

ანა კალანდაძე - შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში

მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, - წელს არ მოვიდა მეძღვნე...
რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს... სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი...
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..

ანა კალანდაძე - შეყვარებულნი ოდეს ქარები...

იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონადა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ...
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ...
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით...
როგორ გულგრილად,
ო, რა გულგრილად
ქროდნენ ქარები...
1954შემოდიოდა ჩვენში კალანდა
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...

ანა კალანდაძე - ყაყაჩოსა სიწითლითა

ფრთაგაშლილი მთები არი,
სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელიანი, -
გული შეუჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზიანი ტევრებია...
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია“?
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ...
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნაირი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“...

ანა კალანდაძე - ღრუბლები

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…

ანა კალანდაძე - ქვაბ ავაზაკთა...

ზოგს... მანიაკის ერჩიოს თავი:
გულს ფხანს ის შხამი,
მასში რაც არი!
დიახ, წასულა რაინდთა ჟამი,
ქვაბ ავაზაკთა ქმნილა ტაძარი!


***
თუ კვლავ მომიხმო განგებამ,
ჩემს წინ ნაირ გზებს შლიდეს,
ჩაიც არ მსურდა,
მინდოდა,
კვლავ არ მსურდეს და მინდეს!

ანა კალანდაძე - ქელე თაფა - თავების გორა

მამა-პაპათგან ძველი ამბავი
ესე გვსმენია:
თამარ დედოფალს, დიდ თამარ მეფეს
პირად მშვენიერს
ურჯულოსთან რომ ომი ჰქონია,
თათარს შებმია,
შაბამის ველზე ორმოთ ამოთხრა
უბრძანა,
მერე-ბალახით მათი დაფარა
ცხენი და კაცი
თხრილში ცვიოდა, არ დარჩენიათ
მომხვდურებს მაცნე...
მტრის თავებისგან აღმართეს გორა
და ქელე თაფა უწოდეს იმას...
ეს გადმოცემა ცოცხალი არი
ჩვენს ხალხში დღესაც...
იმ ადგილებში ცხვარი დაგვიდის.