Showing posts with label შოთა ნიშნიანიძე. Show all posts
Showing posts with label შოთა ნიშნიანიძე. Show all posts

შოთა ნიშნიანიძე - არაფერია... მაგრამ უბრალოდ..

არაფერია... მაგრამ უბრალოდ
გულმა ტკივილით მოიღო რეჩხი:
ძველი ბილიკი ანწლს დაუფარავს,
სულ სხვა ბილიკით შედიან ტყეში.

არაფერია... და ძლივს ვიცანი
ეს ძველი ეზო,
ეს ძველი შუკა.
ის არი, მაგრამ აღარც ის არი,
აგდია დევის თოხივით უქმად.

მახსოვს ბაბუა, როგორც მლოცველი,
ხნულს მოჰყვებოდა აღსავლის მხრიდან,
მხარზე მზე ეჯდა ანგელოსივით
და ბღუჯა სიმინდს ხნულებშ ჰყრიდა.

შოთა ნიშნიანიძე - ამოდუღდი,სულო..

ამოდუღდი, სულო, იმღერე, სულო,
კუდით ქვა ასროლინე სიბერეს, სულო,
მამყოფინე, სულო, სიმუნჯე შენი,
გამოფინე სულო, საუნჯე შენი,
გაზაფხულზე ქვეყანა ლამაზია ძლიერ,
სულო, სულო, აფეთქდი და სიჩუმეს სძლიე.

შოთა ნიშნიანიძე - ამ ქუჩის ბოლოს...

ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.

შოთა ნიშნიანიძე - სიჩუმე

მიყვარს სიჩუმე გარდასულ ჟამის,
დიდი,ყვითელი და სავსე მთვარის.
მრავალი დღე და მრავალი ღამე
მეცა ვყოფილვარ სიჩუმით მთვრალი.

სულს მინედლებს და მიაბრეშუმებს
და მიასკეცებს,რაც რომ მებადა,
ეკლესიათა,ქანდაკებათა
მრავლისმეტყველი დიდი სიჩუმე.

შოთა ნიშნიანიძე - ლეგენდა

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა:-როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

შოთა ნიშნიანიძე - ბავშვის სიბრძნე

ალბათ არც ერთ ბავშვს არ უფიქრია,
არც არასოდეს შეშინებია:
რატოა თვითონ პატარა და სხვა რატომ დიდი?

შოთა ნიშნიანიძე - ტალღა

ზღვაზე ღელვაა თუ სიწყნარეა,
ტალღები მაინც მიდი-მოდიან.

ტალღის ცხოვრება არის ჭიდილი,
ხან უშფოთველი, მშვიდი ცხოვრება:
ასჯერ გაჩენა,
ასჯერ სიკვდილი,
მაგრამ არც ერთხელ გამეორება …

შოთა ნიშნიანიძე - ცოდვილი

მე სამოთხიდან განდევნილი ვარ ანგელოსი,
ცით დავენარცხე და ისევე ვიქეცი კაცად.
მე ვლოცულობდი ყოველნაირ საქართველოზე
და ამიტომაც ყოვლისშემძლემ დამსაჯა მკაცრად.

ცოდვა მაქვს დიდი - ღვთაებრივ ფრთებს განათხოვრებდი.
ისიც ცოდვაა, მახვილი რომ ვაქციე ჩანგად.
ვიბედოვლათე, ვერ განვსაჯე კაცთა ცხოვრება.
დანაშაულზე თვალს ვხუჭავდი იქაც და აქაც.

ყოველ ნაბიჯზე მეგულება სამოთხის კარი
და ყოველ კართან ეშმაკია დარაჯად მდგარი.
ცივად მიმზერენ სანახევროდ მშიერს და შიშველს.
ყველგან სამოთხის კარია და შიგ არვინ მიშვებს.

შოთა ნიშნიანიძე - საწოლი

ბევრნაირია ქვეყნად საწოლი
და სამარემდის ბევრს გამოვიცვლით;
სხვაა ლოგინი მეფის საცოლის,
სხვა - ჯარისკაცის და სხვა ოფიცრის.

არის საწოლი სხვადასხვა ჯგუფის,
სულ სხვა კომფორტის, ყაიდის, რიგის!
სასტუმროების, ხომალდის, კუპის,
საავადმყოფოს, დილეგის, ციხის.

და თუკი მეფეც ტახტს უმორჩილებს
ქალს ან ქვეყანას და პატივს ახდის -
ძალმომრეობის თარგზე მოჭრილი
ყაჩაღურია ასეთი ტახტი.

შოთა ნიშნიანიძე - ნიღბები

რომ არ გამთვალოს კაცთა სიხარბემ
და მარტივ კაცად რომ არ ჩამთვალონ-
სახეს ვიფარავ ჭრელი ნიღბებით,
როგორც კლდეს ფარავს სურო-ფათალო.
ღარიბი კაცის ნიღაბს ვიკეთებ,
არც ძუნწი კაცის ვთაკილობ ნიღაბს,
რათა სიძუნწე ანდა სიკეთე
ვიხილო სხვათა თამაშის მიღმაც.
უხათრო კაცი ვარ იძულებით,
რომ გამოვცადო სხვაც ჩემი მსგავსი,
მეგობრის ღალატს თუ ერთგულებას
რომ უფრო მეტად გავუგო ფასი.
ხანაც მხდალი ვარ,ხან მიამიტი,
უბირი,ვინმე გამოუცდელი,
ასე ვგებულობ: - ზოგი რაინდი
რა რაინდია და რა სულგრძელი.

შოთა ნიშნიანიძე - ნაფეხურები

ვიღაც წაიქცა ქუჩაში...თოვლში...

ამდენ ურჯულო მანქანებს შორის,
დაგვიანებით და სინანულით,
ერთი მანქანაც მოვარდა შორით
ღვთისნიერი და ქრისტიანული.

შესქელდა თოვა თეთრ ხალათებით,
მიწყდა ჩოჩქოლიც...და პირველ ყოვლის
ეს მორიალე თეთრი ლანდები
მომაკვდავს სახეს უზელდნენ თოვლით.

თვითონ ზამთარიც ბებრულ ნაოჭებს
ისრესდა თოვლით და მზის არილით,
წუთით მანქანის ქიმზეც ჩამოჯდა
თეთრხალათიან სანიტარივით.

შოთა ნიშნიანიძე - რიკოშეტის ფილოსოფია

თუ ფარულ მიზანს ურიკოშეტებ,
როდი მიიღებ ურიგო შედეგს.
ეშმაკმა უწყის, ეგ როგორ ხდება,
იქსს დაუმიზნებ და იგრეკს ხვდება.
იქნებ მეტი თქვას იგავ-არაკმა
ანდა ნიღაბი იყოს მისნური.
რიკოშეტულად სხლტება ქარაგმა
მიზანთან უფრო ზუსტად მისული
საწერ მაგიდის მწვანე პოლიგონს,
როგორც ბილიარდს, ვზვერავ და ვუტევ
სულ სხვა ძალა აქვს გაკენწლილ სტრიქონს,
არაპირდაპირს, ნახევრად უთქმელს.
თუ უღირსს მიაქვს მთავარი როლი -
თეატრმა სული ეშმაკს მიჰყიდა,
ეს ტალანტისთვის ზურგში სროლაა,
ირიბი სროლა სცენის მიღმიდან.

შოთა ნიშნიანიძე - გემის ვირთხების სიმღერა

სად ჩვენი რისკი და ფათერაკი
და სად ხმელეთის, ოჯახის ვირთხის!
მეზღვაურებმა „მგლები“ შეგვარქვეს
და თუ ბევრნი ვართ - კატაც კი გვიფრთხის
მათში ნუ გაგვრევთ, ო, მეგობრებო.
ჩვენი კატაა პატივსაცემი.
ქურდებიცა ვართ, მეკობრეებიც,
ისინი - მხოლოდ ქურდბაცაცები.
გემის დაღუპვას, საუბედუროდ
(თუნდაც სიცოცხლის მსხვერპლად მიტანით)
ვირთხები უფრო ადრე ვგებულობთ.
ვიდრე მესაჭე და კაპიტანი
კაცო ცოდვილო, განიკითხები!
თაფლის სანთლები ამაოდ ღვენთე,
წინასწარმეტყველ არათუ ვირთხებს,
შენ არ ინდობდი ზეკაცებს, ღმერთებს,
ვინც გეშს უღებდა ქვეყნის დაღუპვას.

შოთა ნიშნიანიძე - საყვედური დამწყებ ეშმაკს ბებერი ეშმაკისაგან

თეთრი ძაფით ხარ ნაკერი, ბრიყვო,
ნეკში ვინახავ ჭკუას შენოდენს,
ეშმაკი უნდა ისეთი იყოს,
რომ ეშმაკობა არ სჭირდებოდეს.

შოთა ნიშნიანიძე - ზეკაცების, ადამიანებისა და მაიმუნების შესახებ

I
ზეკაცს ნატრობდა ნიცშე
ქმნიდა ღვთაებრივ კიკლოპს,
ჩვენ კი ზეკაცურ ნიჭზე
სულ სვანაირად ვფიქრობთ.

თქვენ ზეკაცობა გსურდათ
და ღმერთის თარგზე ჭრიდით
ცხოვრებისეულ ხურდას
თუ ეპოქალურ ჭიდილს.

ადამიანი ვითომ
მაიმუნიდან მოდის?
მოდით ჩარლზ დარვინს ვკითხოთ:
- როგორ?
- საიდან?
- როდის?

შოთა ნიშნიანიძე - მე ავადა ვარ და სიზმარში ვარ

მე ავადა ვარ და სიზმარში ვარ,
ავად ვარ სიზმრით თუ სინამდვილით.
თითქოს ბარტყი ვარ კატის არჩივი,
ბარტყი ბუდიდან გადმოვარდნილი

დრო კატასავით გრუტუნებს სადღაც,
და მეპარება...და ნახტომს ზომავს,
თავზე მშობლების ჟივილი მადგას
და მოუხმობენ მშველელს და ქომაგს.

ცდილობენ მიხსნან, გადამარჩინონ,
არ ცხრება მათი დრტვინვა-განგაში.
ხსნა კი, არ ვიცი,აქ დარჩენაა,
თუ იქ წაყვანა, იმ ქვეყანაში?

შოთა ნიშნიანიძე - კაფე თესე

I
გვხურავს ჭილის ქუდები
მზისგან დასაფარად,
სულ ხეტიალს ვუნდებით,
დავალთ კარდაკარა.
სიმინდიან იმერეთს,
ვაზებიან კახეთს
შევაგროვებთ სიმღერებს...
„კაფე,
თესე,
კაფე“.

შოთა ნიშნიანიძე - მუხა

იწვოდა მუხა და ბუბუნებდა,
გედის სიმღერას ამბობდა თითქო.
გადაერია დედაბუნებას
შუქად, ჩრდილებად, ნაცრად და სითბოდ.

ღადარი ჰგავდა გასისხლულ ყანჩას,
ზედ ფერფლი ედო მტკაველის სისქე,
რაც მიწის იყო, მიწაზე დარჩა
და რაც ცის იყო – წავიდა ცისკენ.

შოთა ნიშნიანიძე - გვირაბში ღამეს შეეყო ხელი

გვირაბში ღამეს შეეყო ხელი,
თვითონ არ ჩანდა.
იქნება,ღამეს ეს მზე ჩახჩახა
უჩინმაჩინის ქუდად ეხურა?

შოთა ნიშნიანიძე - ვინ ჩალიჩობს ამ ტყეებში - ჭინკები თუ სულები?

ვინ ჩალიჩობს ამ ტყეებში - ჭინკები თუ სულები?
მართლა აღარ გვაძინებენ ამ ბოლო დროს სრულებით.
მთელი ღამე ამოწმებენ ტყის მხიარულ საკრავებს,
ტყისპირებზე გაზაფხულის ჭრელ აფიშებს აკრავენ.
მეც გავყურებ ამ გალოპრილ ხის ტოტებს და ღეროებს,
როგორც არფებს,
სალამურებს,
კონტრაბასებს,
ჩელოებს,
საცა არი, მათ სხეულებს სულ შთაბერავს განგება
და ხასხასა მწვანე ფოთლებს მოისხამენ ჰანგებად
და ფესვიდან კენწერომდე მოყიჟინე კვირტებად
ვნება ამოქუჩქუჩდება, რიტმი გამოიმტვრევა...
ეს ფოთლები, ბალახები, ეს ჩიტები, მწერები
მოხტუნავე ნოტებია თუ მფრინავი ბგერები?
დავინთქები ტყით და ღრუბლით, მდინარით და ხვილიფით.
როგორც ერთი ამოსუნთქვა,
ერთი ექო,
ბილიკი.
და წალეკავს მთელ სამყაროს უფლის სამადლობელი -
გაზაფხულის მწვანე ჰიმნი,
მწვანე საგალობელი.