ვახტანგ ჯავახაძე - არაფერი დაგვიკარგავს

არაფერი დაგვიკარგავს:
არც რწმენა და
არც ენა,
ერთადერთი შოთა გვყავს და
ორად ორი არსენა.

ურწმუნოებს ვედავები
და ვარწმუნებ უვიცებს,
გვყვანან:
ოთხი ლესელიძეც
და ცხრა ხერხეულიძეც.

ზოგჯერ უკან მივიხედავ
და თითებზე დავითვლი:
ოთხი ვახტანგ მეფე მოდის
და თორმეტი დავითი.

ალაგ ჯაჭვის პერანგი ჩანს,
ალაგ - ტყავის სამოსი
და სამასი არაგველის
ხმალი ელავს - სამასი.

ისევ რეკავს ძველი ზარი
და ახალი საათი,
ისევ გვიხმობს
ტექსელიდან -
რვაასორმოცდაათი.

ისევ დგება უხილავი
და შვილივით აღვიძებს -
ხუთი ათას კრწანისელს და
შვიდი ათას ასპინძელს.

ისევ ისე გალობს მტკვარი
მას უკან და მანამდეც,
ისევ ომი ენატრება
ოცი ათას მარაბდელს.

დიდგორიდან -
ორჯერ მეტი -
ხელს გვიქნევს და გვამხნევებს,
იმერლები აქეზებენ
ქართლელებს და
კახელებს.

მარუხიდან
ბერლინამდე გზაა -
ტყვიით ნათესი,
უსახელო ჯარისკაცი
წევს - სამასი ათასი.

გადავლახეთ ერთად ბევრი
ჭაობი და ჭორომი,
ერთიც მიყვარს,
ათიც,
ასიც,
ათასების ჭირიმე!

ღმერთს შევნატრი,
მჯობნის მჯობნი
აღარ გამოილიოს:
სამნახევარს
ვენაცვალე, -
სამნახევარ მილიონს.

Vaxtang Javaxadze - Araferi Dagvikargavs

No comments:

Post a Comment