Showing posts with label იოსებ ნონეშვილი. Show all posts
Showing posts with label იოსებ ნონეშვილი. Show all posts

იოსებ ნონეშვილი - ღმერთი და ხელები

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგნი თუ… ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.

ზoგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები.
უფლის განაჩენი არ იყო სადაო.

იოსებ ნონეშვილი - სად არ ვიყავ, სად არა

სად არ ვიყავ, სად არა,
ცხრა მთა გადამატარა
ეტლმა წუთისოფლისამ...
მაგრამ, კარგო, იცი რა?
გულმა ვერ მოიცილა
ნატვრა შენთან ყოფნისა.
უცხო ცაზე მნათობნი
კიაფობენ ათობით,
მზესაც ოქროს ფერი სძევს...
მაგრამ სულ სხვა რამ არის
სხივებნათამამარი,
საქართველოს ცხელი მზე.
ვნახე მტერთა ციხენიც,
ჩვენი დარტყმით ფიცხელით
მათი ბჭე შეზრიალდა.

იოსებ ნონეშვილი - "შენ არა გაქვს მეფის გვარი"

შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ, თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?

არ მომეკრა შენთვის თვალი,
სიზმრად მაინც გნახავდი,
ხარ ყინწვისის ანგელოზი,
თეთრ ღრუბლებში ნახატი.

შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ,
თეთრი უფრო გიხდება.

იოსებ ნონეშვილი - დედა

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

იოსებ ნონეშვილი - ჩემს ქუჩაზე

ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის.
ქალია თუ ბედისწერა,
თუ სიზმარი ცხადი.
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს
ნატვრა ამის გარდა -
შორს გვფარავდეს ლერწმის ქოხის
საოცნებო კალთა.
თეთრ გვირილებს ვკრედეთ ველად,
სიყვარულით მთვრალი.
მიბერავდეს მისი ქერა
დალალების ქარი.
და როს წლები წავლენ წყნარად,
დავბერდებით უკვე,
როს მის თმებში მზე კი არა,
მთვარე გააშუქებს;
როს შორს დარეკს, როგორც ზარი,
ჟამი გარდასული
და გაქრება, ვით ზღაპარი,
ბუხრის პირას თქმული, -
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს
ნატვრა ამის მეტი -
დე, აფრინდეს ლერწმის ქოხი,
ვით ცისფერი გედი...
აგვიყვანოს, ლურჯი ფრთებით
გასჭრას ზეცის კალთა,
სადაც კრთიან ვარსკვლავები -
სულნი წინაპართა.
...ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის.
ქალია თუ ბედისწერა,
თუ ოცნება ცხადი?!

იოსებ ნონეშვილი - ცხოვრების გზაზე

ცხოვრების გზაზე
რად შემხვდი გვიან,
გულზე სახმილი
რად შემომიგზენ…
რა მშვენიერი სახელი გქვია,
რა სევდიანი
თვალებით მიმზერ.
აღმოსავლეთის მგოსნები ყველა
წარმოგაჩენდნენ
თვალებით შველის,
რას არ იტყოდნენ,
რომ ცისარტყელად
გამოეშუქათ წარბებიც შენი.

მე კი…
ო,მე კი ვერც ვხედავ კარგად
რა ხორციელი მშვენება გხატავს…
რაც ჩემი იყო,
რაც დამეკარგა,
რაც სულში ოდით ყუჩობდა ნატვრად,

იოსებ ნონეშვილი - მასწავლებელი

მასწავლებელი - მშობლის ალერსით
ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი - ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.

მასწავლებელი - ჩვენს სიყვარულში
განათებული, როგორც ოცნება,
მასწავლებელი - სინდის-ნამუსი,
მხოლოდ ხალასი პატიოსნება.

მასწავლებელი - დედის გულივით
მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.
მასწავლებელი - ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი.

იოსებ ნონეშვილი - შემოდგომა

ხილით, ლხენით, ზეიმით
შემოდგომა მოვიდა.
- შემოდგომავ, გვითხარი,
მობრძანდები შორიდან?

- არა ჩემო კარგებო,
შორი მგზავრი როდი ვარ,
მე თვენს ვენახებიდან,
ბაღებიდან მოვდივარ.

- გვითხარ, ასე ბარაქით
ნეტავ ვინ დაგამშვენა?
- ვინა? თქვენი მშობლების
დაუღლელმა მარჯვენამ.