Showing posts with label ტიციან ტაბიძე. Show all posts
Showing posts with label ტიციან ტაბიძე. Show all posts

ტიციან ტაბიძე - სერგეი ესენინს

გაუხედნავი კვიცი იყავი
და სისხლიანი როგორც ჩაღატარ.
დარჩები ლექსში გაურიყავი,
ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან.

მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების
და მოატანე დარიალამდე.
სული სულს როგორ დაემალება?!
ჩვენი თვალებიც ცრემლით დალამდენ.

განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი,
რომ გადარჩენა არ გხარებია?..
ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი,
სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?..

ტიციან ტაბიძე - დროშა ქიმირელთა

ცა დარხეული,როგორც დროშა
ქიმერიელთა,
ქალდეას დროშა მეწამული
და მოწამლული.
თავის კბენისთვის მორიელმა
დრო მოიხელთა
დამწვარ ქალაქის ამოვარდა
ცხელი ალმური.
და ისევ უნდა რომ ატირდეს
ჩემში ლირიკა,
თეთრ კვირეების მოგონებას
რომ მოერიდა.
ლაფორგის ტაძარს ჯამბაზივით
აყვა ბილიკად
და დიდ გუმბათზე ობის ქსელად
ჩამოეკიდა.

ტიციან ტაბიძე - ლექსი მეწყერი

მე არ ვწერ ლექსებს-ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს..

მე დავიბადე აპრილის თვეში-
გაშლილ ვაშლების ყვავილებიდან
მაწვიმს სიცოცხლე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან..

აქედან ვიცი-მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ-ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს მეყოფა გამოსარჩლებად.


ტიციან ტაბიძე - ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი

ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდეს.

ტიციან ტაბიძე - წიგნიდან ,,ქალდეას ქალაქები"

გაფიზის ვარდი მე პრუდომის
ჩავდე ვაზაში.
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის
ბოროტ ყვავილებს.

და რაც შემხვდება, შემაჩერებს
შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს
და დაიჩრდილებს.

გრძნობის სიჭარბე მომეტებით
გრძნობას ამკრთალებს,
უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე
ვნებიან თვალებს.

ტიციან ტაბიძე - მგოსნის სონეტი

ყველა მოკვდება... ყველა გაჰქრება,
საქორწილოსაც გაგვხდიან საცმელს,
საფლავის მტვერი დაეფარება
ჯერ გადაუშლელ გრძნობის კრეტსაბმელს.
ვინ გაიხსენებს, ჩვენ რო გვიყვარდა,
ან ვინ გაიგებს, ჩვენ რო ვცხოვრობდით?
არყოფნის ღამის დაგვფარავს ფარდა,
არყოფნის ღამე გვეტყვის „მშვიდობით“.

მგოსნის სონეტი მოვა საფლავზე
მტვრიან და ძველი წიგნით ამდგარი,
მოვა და მწარედ აქვითინდება,
როს შეაშფოთებს ტირიფს შტოს ქარი.
დაუწყებს ტირილს განვლილ ცხოვრებას
გამოუტანელ სიზმარივით მკრთალს,
და შეავედრებს დამწვარ მგოსნის სულს,
ყოვლის გამკითხავს ზენაარ უფალს...

ტიციან ტაბიძე - "ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი"

ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი,
სიშორის ორმოს ავავსებთ სევდით,
მთელ ქვეყანაზე მარტო ვართ ორი,
ქვეყნის დასასრულს ორი შევხვდებით...

სად შემიყვარდა, რად შემიყვარდა?
მე არ ვკითხულობ, არც მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება...

შენი სიშორის მიმაფრენს ქარი,
შენ სურნელების წვიმა მაწვიმებს.
ანგელოსი ხარ თუ ჯადოქარი,
წაიღე სული, არ დაგამძიმებს.

ტიციან ტაბიძე - ტფილისი

მეფე ლომკაცმა, თუ მგელკაცმა დაგარტყა კვერთხი
და ჩემ წამებად შენ აღსდექი ქვეყნად, ქალაქო,
ბევრი ვაჟკაცი გალავანთან შემოიფერთხე,
მეც მინდა, გული სისხლის ლექსად შემოგალაქო.

მეც მიმინო ვარ, გოგირდის ტბას შენ რომ ჩაფალი,
მეც სიკვდილამდე წყურვილისგან მიშრება პირი.
ვიცი, სხვა ღმერთზე უწყალოა ქართლის უფალი,
მაგრამ მისი ვარ სამუდამო მე ოქროპირი;

ვიცი, გიცავდენ მეციხოვნე მორკინალები,
ვიცი, ძვლებიდან ამდგარია შენს ახლო მთები,
ვიცი, გთელავდნენ ყიზილბაშის ცხენის ნალები
და წაუჭრიათ ტაძრებისთვის ხმლებს გუმბათები.

ტიციან ტაბიძე - ილაიალი

სკიფიაში ვარ... ქიმერიის
მწუხრით დამწვარი,
ალი, ძვირფასო, მე შენი ხმით
ვკითხულობ პუშკინს.
ბახჩისარაის შადრევანის
მასველებს ღვარი,
ძველ შადრევანებს ატირებას
არავინ უშლის...
და ვეკითხები ამ დაბურულ
სკვითების ღამეს:
რა იქნება ჩვენი ჭაბუკობა
და გატაცება?
ვინ გადაფისა ასე გული
მშრალი ბაღლამით
და არ გვაცალა შთაგონების
დავაჟკაცება...

ტიციან ტაბიძე - მეარღნეები და პოეტები

... და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.

სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.

მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ არაგვიდან,
რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.

ტიციან ტაბიძე - მაშ გამარჯვება

თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!

სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.

ტიციან ტაბიძე - შორეული

ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი,
სიშორის ორმოს ავავსებ სევდით,
მთელ ქვეყანაზე მარტო ვართ ორი,
ქვეყნის დასასრულს ორი შევხვდებით.

სად შემიყვარდი, რად შემიყვარდი?
მე არ ვკითხულობ, არ მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება.

შენი სიშორის მიმაფრენს ქარი
და სურნელების წვიმა მაწვიმებს,
ანგელოზი ხარ თუ ჯადოქარი,
წაიღე სული, არ დაგამძიმებს.

ტიციან ტაბიძე - მეწყერი მეწყერს

გაელავს, დაჰკრავს მეხი მეხს მწვერვალს,
მთა ტიტველია, არ აქვს საფარი,
თვითონ მეხია და თვითონ ელავს,
როგორც შამილის თეთრი ფაფარი.

ნეტა თუ სადმე ხარ ძე კაცისა,
ამ უკვდავებას ქედს არ უხრიდე.
თუ გაწყდა ძარღვი სიმამაცისა,
მე ცოცხალი ვარ ერთი მჲურიდი.

ვარ დაფრენილი ორბისგან გნოლი
და არ იკარებს გული სალავათს,
ხევსურის ჯაჭვის ნაგლეჯი რგოლი -
ერთი ვაცხადებ მარტო ჰაზავატს.

ტიციან ტაბიძე - ანანურთან

შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“,
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.

ტიციან ტაბიძე - მაშ გამარჯვება...

თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!

სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.

ტიციან ტაბიძე - ლექსი მეწყერი

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

ტიციან ტაბიძე - ვალერიან გაფრინდაშვილს

შენი ოცნება მოიხარშა გოიას ქვაბში,
აღარ სცილდები დაბნელებულ ძველ ესკურიალს.
მწარეთ გაწამებს ბალახვანი, როგორც გურიელს,
ღამის მხედარო, ანთებულო ღამეთა წვაში.

შენ შეიყვარე ოფელია, აღარ სცვლი სხვაში.
ვიცი, რომ უფრთხი გაგიჟების სხვა ქარის ტრიალს,
მაგრამ სადავე შენი ლექსის დახრის დარიალს,
ახლოა მოსე, პოეზიის მეწამულ ზღვაში.

დუელში მოკლულ ორეულთა დადევი გორი,
ლოტრეამონის მაინც გებრძვის შენ მალდარორი,
მეც შენთანა ვარ ამ ბრძოლაში, ვინ დამაკავებს?
უკანასკნელი დაისების ცეცხლში ალდები,
მეც თავს დამნათის ჩემ ქალდეას ცეცხლის კალთები,
მაგრამ სახელი პოეტების უფრო გვაბრმავებს.

ტიციან ტაბიძე - ქალდეას ქალაქები

გაფიზის ვარდი მე პრუდონის
ჩავდე ვაზაში.
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის
ბოროტ ყვავილებს.
და რაც შემხვდება, შემაჩერებს
შორეულ გზაში,
ჩემ ღვრია ლექსში დაისვენებს
და დაიჩრდილებს.

გრძნობის სიჭარბე მომეტებით
გრძნობას ამკრთალებს,
უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე
ვნებიან თვალებს.
და ჩემი ჩანგი სირცხვილიდან
დაიმსხვრეოდა,
თუ გიტარაზე მისი ლექსი
მომესმებოდა.

ვიცი, რომ მოვა საყვარელი
ვისაც მოველი,
ვიცი, რომ მოვა სილამაზე
დაუთოველი.
მეც წავუკითხავ და ვუმღერებ
ჩემ ქალდეაზე,
ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს.

ტიციან ტაბიძე - ასე მგონია, თითქო ვხედავდე,

ასე მგონია, თითქო ვხედავდე,
რომ უზარმაზარ კოლხიდის ბაღებს
სამი წლის შემდეგ ქართველი ხალხი
აღფრთოვანებით შეაღებს კარებს.

გადაშლილია თვალმიუწვდენი,
უსაზღვრო სივრცის ციტრუსის ბაღი,
ზღვას გადულახავს თავის ზღუდენი
და ცასთან ერთად შეუკრავს თაღი.

ამდენი ნერგი რა ხალხმა დარგო,
ვინ შეარჩია ფერად ხეხილი.
ამ დიდ ხეებზე როგორ მოარგო,
ვაზი ულვაშებგადაგრეხილი?

ტიციან ტაბიძე - „ღვდელი და მალარია” კუბოში

გავა წლისთავი... ნოემბერი,
ბნელ ოლარებით,
ჩემში ატირებს მამაჩემის
შავ ანაფორას.
უკანასკნელი ლექსი ჩავდე
მე მონანებით,
როდესაც გულზე უცხო ღვდლები
ადგამდენ გორას.
მის საფლავშიაც ატირებდა
ძველი არია,
ძვირფასი მამა - გიჟი ღვდელი
და მალარია.