Showing posts with label გაგა ნახუცრიშვილი. Show all posts
Showing posts with label გაგა ნახუცრიშვილი. Show all posts

გაგა ნახუცრიშვილი - სამყარო... მერე სამყარო ისევ

სამყარო... მერე სამყარო ისევ,
ჰორიზონტია ჰორიზონტს იქით,
შენ ახლა ეძებ ერთადერთ მიზეზს
დარჩენის? არა, წასვლის, პირიქით.

არ არის არსად კიდე, არც ზღვარი
და დედამიწა თურმე მრგვალია,
ყველგან ზღვაა და ტალღები მთვრალი
და ყველგან მხოლოდ ზურგის ქარია.

სიშორეს ასე რატომ უფრთხიან,
თუ ეშინიათ სხვა სინამდვილის...
სიშორემდე ხომ ერთი წუთია,
სიახლოვემდე — დიდი მანძილი

გაგა ნახუცრიშვილი - მთვარის რიტმი

მთვარე ანათებს -
თეთრი ნაჭერი,
მოდით დაჭერით
ყვითელი დანით...
მოაქვთ ჯალათებს
უძლური ტანი,
და სულს კაფავენ
ყვითელი დანით.
ფანჯრის რაფაზე
ყვავილი ქოთნით,
ქუჩას აბრაზებს
ბებერი ლოთი,
ჩანს სილუეტი
და სიუჟეტი,
გვინდოდა მეტი,
რატომღაც მეტი...

გაგა ნახუცრიშვილი - ვარ ნაპოლეონი

ვარ ნაპოლეონი!..
მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავარად,
სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!

ვარ ნაპოლეონი!
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი,
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი!

ვარ ნაპოლეონი!..
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერკმრთალი ვარდებით,
რადგან სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ.

გაგა ნახუცრიშვილი - დაკარგული მოტივი

ცარიელზე ცარიელი ველები,
ვეღარ გხედავ როგორც გამქრალ მადათოვს,
მომაწოდე დათოშილი ხელები,
მეც მცივა და მითხარ როგორ გაგათბო!..

გაიგე, რომ დროა ახლა ასეთი,
რახანია დაიხოცნენ კრავები,
ახლა მხოლოდ სიჩქარე და გაზეთი,
ახლა მხოლოდ ღრიალებენ ძრავები.

ისევ ლტოლვა ისევ ისე წანწალი...
და ნაცნობი უცხო ჩვენი სამყარო,
დიდი ხნის წინ დამიმთავრდა საგზალი,
ძალაც არ მაქვს ლექსები რომ გავყარო.

გაგა ნახუცრიშვილი - არა მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე....

“არა, მეგობარო, აქ უარესია,
აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება – მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,
არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,
არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,
მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,
არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.

გაგა ნახუცრიშვილი - მოკლე კაბა

გაზაფხულდა,მოკლე კაბა ჩაიცვი,
სხვა რა გითხრა,შემიყვარდი მოკლედ,
უიმედო არ მინახავს მაისი,
და ნუ მეტყვი: იმედები მოკლეს.

საგიჟეთმა ოცნებები გარეკა,
იფანტება ოცნებების ჟინჟღლი,
შებმული მაქვს შენთვის ლექსის კარეტა,
თან დამყვება გადარევის შიში.

მოკლე კაბით მოდი,რამე მითხარი,
ავარჩიოთ უკაცური კაფე,
გავაღვიძოთ იმედები მიმფრთხალი,
ჩქარა,თორემ წყვეტენ შვების ძაფებს!