Showing posts with label ირაკლი ჩარკვიანი. Show all posts
Showing posts with label ირაკლი ჩარკვიანი. Show all posts

ირაკლი ჩარკვიანი - მიქელანჯელო ანტონიონის

ვიღაცა გადმოხტა,
ქვევით მიჰქონდა სხეული ქარებს,
მოხუცი კაცი კითხულობდა__ ნეტავ რა მოხდა?
ქალაქი სდუმდა,
მხოლოდ მილების ფშვენა აღმოხდათ
და შავი ბოლი გაატარეს.

ირაკლი ჩარკვიანი - პოეტს

უძილო ფურცელს მან მისი აზრი,
დაღად დაასვა ვით თავის მონას.
დაღად დაასვა გრძნობები ნაზი,
რომელიც შექმნა და მოიგონა.
და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში,
სადაც სულები არსებობს მხოლოდ,
სადაც ღმერთების უკვდავ თარეშს
და ხელოვნებას არ ააქვს ბოლო,
იქით წაიღეს იგი ქარებმა,
მხოლოდ მათ ენდო იგი ვნებული,
მხოლოდ იმ ქვეყნად დაიფარება
ოცნება მისი,დამონებული.
მუხლმოდრეკილი,
გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებით
ჩვენგან წასული,ის ჩვენზე ფიქრობს
და ვეცოდებით.
ალბათ კვლავ მარტო,
ალბათ კვლავ ნატრობს,
ალბათ კვლავ ქმნის...
დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია,
ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის.

ირაკლი ჩარკვიანი - მჯერა

ისევ მარტო დავრჩი,
შენზე ფიქრით ვირთობ თავს,
მე ჩემ ოთახში ვზივარ,
რომელიც ციხის საკანს გავს.
მე ვიცი,რომ შენ მოხვალ,
ვიცი არ დაუთმობ მტერს,
შენ ქანდაკებს ჩემსას
ყოველთვის გადაწმინდავ მტვერს,
მე მჯერა,შენი ნდობის,
მჯერა,რომ შენ მოხვალ დღეს.
და ცივ ლოგინში მომცემ
სიყვრულით დაღლილ ხელს.

ირაკლი ჩარკვიანი - მეცხრამეტე

დღეს მეცხრამეტე თოვლია
და მეცხრამეტე ლექსი,
ჩემი წარსულის ტოლი ვარ,
გავდგი ცხრამეტი ფესვი.
სტუმრები ჩემი მხოლოდ წლებია,
დღესასწაული ცხრამეტი ლანდის
და ავსებს გვერდებს ჩუმს და სევდიანს
ეს უსასრულო,ცხრამეტი დარდი.

ირაკლი ჩარკვიანი - "დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი"

დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი,
როგორც კენტავრი ღმერთის საშოდან,
გარყვნილების და გაქრობის შიშში
გავჩნდი,ეპოქის წარმოსაშობად.

ირაკლი ჩარკვიანი - "ნასახლარები ჩემი წარსულის, წალეკა წყალმა"

ნასახლარები ჩემი წარსულის, წალეკა წყალმა,
მიწას დაემხო აშენებული ოცი სართული,
ვიცი გიყვარვარ და აღარ მინდა შენი წვალება,
ჯერ არ დაიხა ჩემი სულის ძველი საფულე,
კვლავ ამოვხედავ შენს აივანს კუთხესთან მდგომი,
ოცი წლის გავხდი და შენს ფანჯრის წინდაემხო რომი.

ირაკლი ჩარკვიანი - "მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე"

მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,
ათასი სიტყვით,სახით დაგამძიმე,
ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას,რაც ვარ.
შენ დაგავიწყდა,რომ შტორმს,შტილი მოჰყვება.
და შენი ნავი მალე მშვიდად იცურებს,სულ სხვაში.
საშიში ის არის,ვინც იმდენ ყვავილს ვერ მოწყვიტავს,
რამდენიც უნდა,
ვინც საკუთარი შიშის ტუსაღია
და სხვის თვალებში,როგორც სარკეში იჭყიტება,
ივარცხნის თმას,
შეშინებულმა,შენი ქოხი სხვაგან გადადგი,
იქ მხოლოდ სურნელიღაა დაღლილი შტორმის,
გეგონა დაანგრევდა შენს სახლს მოლხენა,და სიყვარული
შტორმს ხომ გითხარი,შტილა მოჰყვება
და ჩემი გემი დაცურავს ახლა სულ სხვაში,
მე უფრო მეტი ყვავილი მოგოწყვიტე,ვიდრე გეგონა.

ირაკლი ჩარკვიანი - აქ ხარ

ვიცი ისეც უსწრებ დროს,
მოხვედი, მ აგრამ მე ვერ გხედავ,
ამ სიმღერით თუ გაგათბობ,
შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ, ჩემთან.
ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,
მე კი ჯიუტად ვმღერი ახალს,
მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ,
ყველაზე ღვთაებრივს და მართალს.
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ ჩემთან.

ირაკლი ჩარკვიანი - საქართველო

მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,
მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.
ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,
მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ხომ ხედავ, შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,
შენ იცი სიყვარული,აზრი აღარა აქვთ წლებს.
მითხარი, რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,
მე აღარ წავალ, ისევ მოგაბეზრებ თავს.
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ,
მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს,
ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას,
მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურავ ზღვას,
მე აღარ გადმოვცურევ ზღვას!
ჩვენ განშორებას,როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს,
და ტელეანძა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.
დრო იტყვის ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა,
თქვენ იზამთ ყელაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ,რომ ვქნა!
და ჩემგან დარჩენილ,დაფლეთილ ათას ტომს,
ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს,
ჩვენ მოვიგებთ ომს!

ირაკლი ჩარკვიანი - ერთი კოცნა

ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,
ისევ გამოჩნდება გზა;
ისევ გაანათებს სითბო არნახული,
ისევ გალურჯდება ზღვა.
სანამ მე ვცოცხლობ,
სანამ მე ვსუნთქავ,
სანამ მე ვგრძნობ.
სანამ მე მიყვარს,
სანამ მე მახსოვს,
სანამ მე გცნობ.
მე მინდა შენი კოცნა,
ერთი კოცნა.

ირაკლი ჩარკვიანი - შავი ფერი

შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,
ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,
მოვადუღე, გავიკეთე, შემეცვალა ფერი,
სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.

იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,
დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,
აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,
ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდაღ!

დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,
სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,
მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,
მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.

მოვუკიდე,გავაბოლე,დამავიყდა დარდი,
მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავარდი.
ჩემი ცუდი საქციელი,არარაფერს არ ჰგავს,
ვინც ახლა არ გაიღვიძებს,
ის სამშობლოს კარგავს.

ირაკლი ჩარკვიანი - მოგიტან წყალს

ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,
შენ რომ იცხოვრებ,
ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,
შენ რომ გაიგებ,
ისეთი შუქი მინდა აგინთო,
შენ რომ გაგათბოს,
ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,
მე რომ მოგიტან,მე მოგიტან წყალს,
შენ იცხოვრე ჩემთან,
მე მოგიტან წყალს.

ირაკლი ჩარკვიანი - უძილობა

კვლავ უძილობამ გუშინ ღამით მომისამძიმრა,
ჭექა-ქუხილით,დასეტყვილი ქუჩების სუნით,
ბეჭჩამოტეხილ,მერცხალთა ბუდეს ჰგავდა მთაწმინდა,
ბალიშზე იდო შავი ბიბლია და თეთრი პური.


ირაკლი ჩარკვიანი - "სულო, განდევნე ეს მღელვარება"

სულო, განდევნე ეს მღელვარება,
მას ემალება მზის ელვარება,
ვის ევალება ცხოვრება ჩვენი
სამარადისოდ რომ გაანათოს.

ნუთუ ცხოვრება მხოლოდ ოცნების
და სინანულის მწარე ფონია,
რთულ ჰარმონიად, ეს აგონია,
ღმერთმა მიბოძა ასე მგონია.

და უცებ გაქრა ეს მღელვარება,
გრიგალთა გუნდი ცას მოესია,
ზეცამ დასჭექა და ელვარებამ
მამცნო სიწმინდე და პოეზია.

ო,პოეზია,მხოლოდ შენა ხარ,
მხოლოდ შენა ხარ დროის მფლობელი,
და ამ უფლის გზას მხოლოდ ჩვენ გავალთ,
მარად დავრჩებით შეუცნობელნი!

ირაკლი ჩარკვიანი - გუშინ ღამე

ალბათ არ იცი, რომ გუშინ ღამე გელოდი,
მარტო ვიჯექი, ჩემს ძველ ოთახში, ვწერდი,
ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმად
მღეროდნენ,
ხომ იცი, სულ ქეიფობენ აქვე, ჩემს გვერდით.

მე შენ გელოდი, ჩემი ბავშვობის აჩრდილთან
ერთად,
ის თურმე ჩემთან შეხვედრას ნატრობს,
შეხვედრა უნდა მძიმე ცხოვრების, უმწეო
გერთან,
რომელიც თავის უმწეო საქმით, თავს ვეღარ
ართობს.

და იმ აჩრდილმა, მომაგონა მე შენი თავი -
პირველი კოცნა
წმინდა გიორგის ხატი და - შენი ლოცვა,
ნუთუ არ გახსოვს,ჭაღარა კაცი ეკლესიასთან
კაპიკებს მთხოვდა,

ირაკლი ჩარკვიანი - თბილისი

მთვრალო თუშებო,ცაო პირქუშო,
კოშკებო! წარსულის სიზმრად იქეცით,
რა დამრჩენია სახლს მივაშურო,
მომწყინდა თქვენთან, ვეღარ გიცქერით.

ჭაღარა ძმაო - ალაზნის ტალღავ,
შენც ხომ გაურბი მწვანე ნაპირებს,
შენც მიუყვები დინებას დაბლა,
და გადაქცევას ლურჯ ზღვად აპირებ.

მტვრიან პროსპექტად იქცევა ბალახი,
ცხვრის ფარა - დაბნეულ გამვლელთა ჯოგად,
მე მომენატრა ჩემი ქალაქი,
ეი,ქუჩებო,გამარჯობა!

ირაკლი ჩარკვიანი - "მთვარე ვერ გასცდა რუბიკონს"

მთვარე ვერ გასცდა რუბიკონს,
ჰანიბალს თავი დაუკრა,
რომაელ ლეგიონების
კარავზე სხივი აუცვდა.
თავქვე წაიღო სიმძიმემ,
დაგორდა დედამიწისკენ,
თანდათან დაპატარავდა,
თავი დახარა მიწისკენ.
თეთრ ბურთად გადაქცეული,
თეთრკაბიანთან მიგორდა,
პატარა ბავშვის თვალები,
ათინათებად მიკრთოდა.
ჩატეხილ ხიდთან გოგონამ,
მთვარის ალერსში გართულმა,
მარტოობისგან გვემული
იხმო  მესამე ნაპირთან.
მთვარე მიწაზე დაუშვა,
თავს მოეფარა დაგდებულს,
და თვალი ავლი სისხლისგან
თოკზე წითელ კვალს გავლებულს.
არ დაივიწყოთ სატანა,
ბავშვის  თვალებში  ნახული,
იცოდეთ,რომ რუბიკონი
არ არის  გადალახული.

ირაკლი ჩარკვიანი - არა

არა,არ ღირან ეპოქები, რომ მათთან დარჩე
და ან დაარქვა გარდასულ სივრცეს შენი სახელი,
ერთი,მოკვდავის სევდა,უფრო სრულია,ვიდრე
სამყარო,
შენც ხომ პატარა ყვავილი გერჩივნა,ქარიან
სატურნს,
მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ.აი ჩვენი
ხვედრი.
მერე სიჩუმე.

ირაკლი ჩარკვიანი - P.S

თოვლიან ქართა დევნით დაღლილი,
გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა
გუნდი,
მე ისევ მოვალ,
მხოლოდ არავის არ გაუმხილო,
რომ მე დავბრუნდი.

ირაკლი ჩარკვიანი - რა კარგია

რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.