Showing posts with label შალვა ბაკურაძე. Show all posts
Showing posts with label შალვა ბაკურაძე. Show all posts

შალვა ბაკურაძე - კეთილი ადამიანები

ქალაქი სადაც დავეფუძნე დიდი ხანია აღარ არსებობს
ყოველდღიურად მოგონილ საგნებს ვეხებით
მოგონილ ადამიანებს ვხედავთ და
მოგონილი სიტყვები გვესმის
ერთმანეთია ის დიდი სიტყვა ქალაქის შექმნა რომ ჩაგვაგონა
და სიყვარულმა დაგვაგებინა ერთმანეთისკენ მავალი გრძელი ქუჩები
ქუჩების გასწვრივ შენობებია
და შენობებში რა გამოლევს საწოლ ოთახებს
იქ იგონებენ ერთმანეთისთვის:
ახალ ჟესტებს
ახალ ტკბილ სიტყვებს
ახალ სიცოცხლეს
და მოგონილ ღმერთებს ჰგვანან
ქალაქი სადაც დავეფუძნე მშვიდ ყურესა ჰგავს უსასრულო ოკეანეში
აქ ყველა კაცი ნავსადგურია და ხომალდი შორეული ნაოსნობიდან
დაბრუნებული