Showing posts with label გრიგოლ აბაშიძე. Show all posts
Showing posts with label გრიგოლ აბაშიძე. Show all posts

გრიგოლ აბაშიძე - "ცხოვრება ნათლის და ბნელის თამაშია"

ცხოვრება ნათლის და ბნელის თამაშია,
ბნელში შენ მიძღოდი, როგორც ნათლის სვეტი,
სხვისი შესაშური მე რა გამაჩნია-
შენი მშვენების და ერთგულების მეტი.

შური დამამხობდა დედაბუდიანა,
ალბათ ვერ შევძლებდი ამდენის ატანას,
შურმა შენს სიკეთეს დიდხანს უტრიალა,
ნაკლი ვერ უპოვა პატარაც.

კარი ვერ უპოვეს შენს წმინდა საყდარს,
რწმენა ვერ წაგართვეს მორწმუნეს,
შენი ერთგულების ციხე არ გატყდა,
ვერაფრით შენი თავი ვერ გამიორგულეს.

გრიგოლ აბაშიძე - შემოდგომა

რამოდენა ვენახია,
ან რამდენი ყურძენია!
რთველი დადგა, მოსაკრეფად
გამოსულან უთენია.

მე ვენახში პირველად ვარ,
ყველა ჩუმად მაკვირდება,
ჯერ არც კრეფა შემიძლია,
არც კალათის აკიდება.

არც იმაზე ვდარდობ,
წლეულს მოსავალი როგორია,
ჩემს წინ მწიფე ყურძნით
სავსე სამნაირი გოდორია.

გრიგოლ აბაშიძე - მითხრეს,სიწითლემ გადამკრა წუთით

მითხრეს,სიწითლემ გადამკრა წუთით,
ვერ დავრჩი მშვიდად და არხეინად,
არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი,
და მაინც ჩუმად რაღაც მეწყინა.

გათხოვდი,
ბოლოს ყველა თხოვდებით,
თითქმის ყველანი ხდებით დედები,
თქვენი სიმართლით,თქვენი ცოდვებით
მოძებნით,ვინმეს მიეკედლებით.

მაინც რად გვწყდება გული,რით არი?
თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს,
თითქო გვაკლდება ერთი საზმარიც,
ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია.

გრიგოლ აბაშიძე - ზღვამ აგრე იცის

ზღვამ აგრე იცის,
ქარიშხალი ყალყზე შედგება,
აიჯაგრება და
მრისხანედ დაიგრაგნება,
ამოყრის ყველა სიბინძურეს
სიღრმეში დანთქმულს
და გეგონება
თვითონ ფსკერი ამოტრიალდა.

ზღვამ აგრე იცის,
ქარიშხალი როგორც ჩადგება,
დაცხრება ღელვაც
და გაქრება ტალღებთან ერთად
ქაფი და ჭუჭყი,
ზედაპირზე ბოღმად მომდგარი.

ზღვამ აგრე იცის,
დამშვიდდება ქარიშხლის შემდეგ,
განებივრებულ კატასავით
ფეხქვეშ გაწვება
და განაახლებს მომხიბვლელად
ლაჟვარდი ლივლივს.

გრიგოლ აბაშიძე - თვალი ცქერით, გული ძგერით

თუ ვღონდები, რაღად ვმღერი,
მთმენი ჭირთა ათასფერთა?!
ვერ გავაძღე თვალი ცქერით,
გული ძგერით არ დაბერდა.

საგალობელს უწყობს კილოს
ცალკე გული, ცალკე თვალი,
გაღვივებას კიდევ ცდილობს
ფერფლწაყრილი ნაღვერდალი.

ისევ ელის აფეთქებას,
ისევ ელის ახალ ელდას...

და სიმღერაც არ ბერდება,
რაკი გული არ დაბერდა!

გრიგოლ აბაშიძე - თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი

თქვენ მიაღწიეთ მიზანს სასურველს,
თეთრო ვეშაპო, შავო ურჩხულო _
ჩვენს მოსასპობად სხვები აღჭურვეთ,
თავს დაგვახვიეთ ყველა ურჯულო.

შემოგვასიეთ ყველა მზაკვარი,
სისხლის წყურვილით მხეცი აღანთეთ...
იწვის ქართველი ბავშვის აკვანი
და ჩვილის სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს!

ქარი ქრის, მთებში გზა დათოვლილა,
ისმის მოთქმა და წყევლას უთვლიან
მათ, ვინც აქცია მკვიდრი ლტოლვილად
და ამოძირკვა დედა-ბუდიან.

გრიგოლ აბაშიძე - ნახანძრალ თბილისში

თბილისის ზეცას, ღრმას და უძიროს
გადაეფარა მწუხრის ზეწარი.
სახლთა ამ ჩონჩხებს როგორ ვუცქირო!
ამ უბედურ დღეს რად მოვესწარი!

ნაცნობი ქუჩაც, გზაჯვარედინიც,
თვალდათხრილია და შავად ბოლავს...
ისევ მობუნდა ჯალალედინი?
ისევ წავაგეთ კრწანისთნ ბრძოლა?

არა! კაენის ჰკივის მახვილი,
ეს ძმისმკვლელს დარჩა კვალი შავბნელი,
ცას შეჰღაღდებს სისხლი დაღვრილი,
უღვთოდ დაღვრილი სისხლი აბელის.

გრიგოლ აბაშიძე - ოდა თავისუფლებას

ის მოდის ზღაპრულ მშვენებით სავსე,
ასული ცეცხლის ნგრევის და შფოთის,
ტყვიების თქეში გადასდის თავზე
და დაცემულთა გვამებზე მოდის!

თმებში უბრწყინავს ხანძრების ფერფლი,
ფეხს რომ აბიჯებს ტყვიით მოცელილთ,
ვაშას მოსძახის მისსივე მსხვერპლი,
მის ნატერფალზე სისხლის მკოცნელი.

ძირს დამსხვრეული გდია უღელი,
მაჯებს აჩნია ბორკილის ჟანგი;
მოდის ამაყად წარბშეუხრელი
და წინ მოუძღვის ღვთიური ჰანგი.

გრიგოლ აბაშიძე - ორგვარი სინანული

გვიან მივხვდი: ყოველი,
ცუდიც, კარგიც მოაქვს დროს.
ჩემს ბედს ვგმობდი, რომელმაც
შენს დაცემას მომასწრო.

ეხლა სინანულსა მგვრის
ნაღვლიანი ფიქრები:
შენ რომ აღორძინდები,
მე ხომ აღარ ვიქნები!

მე მივდივარ, შენ გტოვებ,
თითქმის სასომიხდილად.

შენ აღდგები, მაგრამ მე...
მე შენ ვეღარ გიხილავ!

გრიგოლ აბაშიძე - რა დამაძინებს

გადაიარე, შავო ღრუბელო, 
მოთქმავ მიყუჩდი, ცამდის ასულო! 
ვაი დალო და ვაი ჭუბერო, 
ვაი გოლგოთის გზავ, უსასრულო! 

ბალღებს რა უნდათ ამ ბნელ ღამეში, 
როგორ დაძლევენ ამ გრძელ მანძილებს!? 
მე მათი კვნესა ახლაც ჩამეცმის, 
რა დამძინებს, რა დამაძინებს! 

გრიგოლ აბაშიძე - სინდისის განაჩენი

იჯდა ქრისტე და, მდუმარე დიდხანს,
სილაზე თითით რაღაცას წერდა,
ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან.
და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა.

შუაში იდგა ტურფა ასული,
შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას,
წამით შეირხა ფიქრში წასული
ქრისტე და წერას თავი ანება.

_ ამ ქალს, საჯაროდ, მრუში უწოდეს _
თვალს ავლებს იქ მყოფთ, გულთამხილველი, _
ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს,
ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი.

გრიგოლ აბაშიძე - უკანასკნელი სათხოვარი

უფალო, ყური მოაპყარ ჩემკენ,
თხოვნა მაქვს მცირე და უმნიშვნელო,
რაკი არ მკითხე და ისე შემქმენ,
რას იზამ, შენვე უნდა მიშველო.

მე დავიცალე რჩეულ სიტყვებად,
მათ ვტოვებ, როგორც წმინდა ნაწილებს,
მგონი არც ვინმეს ვალი მიმყვება,
არც წყევლა-კრულვით ვინმე მაცილებს.

მათუსალობის არ ვარ მდომელი,
სიკვდილშიც არვინ არ მეცილება,
ვიცი, გარდაქმნა ბევრჯერ მომელის,
ბევრი მომელის სახეცვლილება.

გრიგოლ აბაშიძე - უსამართლობა

გაზაფხულს ხეთა ჯარიც თან ახლდა, _
ტყეს სად ჩააცვა მწვანე წვრილთვალა?!
ხედავ, ბუნება ისევ განახლდა,
მთა-ბარმა ფერი ისევ იცვალა!

იქუხა ცამ და ღელე ღრიალით
მოვარდა ყალყზე შემდგარ ზვირთებით;
ცეცხლის გამჩენი, ნაკვერცხლიანი,
ატმის ტოტებზე დასკდნენ კვირტები.

ისევ გალობად დასხდნენ ფრთოსნები,
ყაყაჩოს შავი შვენის ხალები;
ყველას დაუდგა ჟამი ოცნების,
განახლების და ფერისცვალების.

გრიგოლ აბაშიძე - ფა-ფუ

ხელისგულიდან ყვავილის ფუცლებს,
თუ თოვლის ფანტელს ფაფუკს,
სულის შებერვით შენ აქრობ უცებ
და შემომძახი: ფა-ფუ!

მალე, ვით ზღვაში დაფლეთილ აფრას,
ქარი დაჰბერავს ბაბუს...
ხელისგლივით დახედავ საფლავს
და ჩუმად იტყვი: ფა-ფუ!..

გრიგოლ აბაშიძე - ფიქრები საქართველოს რუკაზე

შენს რუკას _ შენი ბრძოლების სარკეს,
წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული,
ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი,
დაფლეთილია შენი სხეული,

ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანს
შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი,
მავანს და მავანს მიუტაცნია,
სხვათა და სხვათა ადგას უღელი.

რაც დღემდის მოგყვა, რაც შეგრჩენია _
კოდორიანი, ალაზნიანი,
თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია,
ისიც გამხდარა სხვათა ზიარი.

გრიგოლ აბაშიძე - ღმერთმა შემინდოს

სიტყვა სატევრად უნდა გექცია,
თუ აღშფოთებით გული გქვს სავსე.
რა დროს ლექსია! რა დროს ლექსია!
როცა ქვეყანა გექცევა თავზე.

თვალზე ცრემლები როგორ შევიშრო,
რა დღე დაგვიდგა, რა სამწუხარო!
მე ჩემი ლექსი საიერიშოდ
ძმათაგან რომელ ძმას წავუმძღვარო!

სიკვდილი იმედს ხელიდან გვაცლის,
მოკლულებს ფანტავს ნაფოტივითა,
ამდენი გესლი, ამდენი ღვარძლი
სად იყო, როგორ ამოტივტივდა?!

გრიგოლ აბაშიძე - შხამით სავსე თასი

რაღა ვიღონო ბედო მსახვრალო,
ამდენ უბედუს ცრემლსაც ვერ მოვწმენდ
რატომ დამტოვე, ღმერთო მაღალო,
ქართველთა მოდგმის დაქცევის მოწმედ!

დროთა კავშირი გაწყდა უწყვეტი?
ბედის ტრიალში ვერ გავერკვიე?
ვისაც შესხმას და ქებას ვუწერდი,
მე როგორ დავწერ მათთვის რექვიემს!

რა ზარი ისმის, რა ულმობელი!
ასეთი ზარი ჯერ არ მსმენია.
შხამით სვსეა თასი, რომელიც
ბოლომდე ჩემი შესასმელია!

გრიგოლ აბაშიძე - ვინ ახსნის!

ადიდებულმა წყალმა გაგვრიყა,
გაღმა-გამოღმა ვდგავართ ცალ-ცალად.
თავისუფლებით რომ დავმტკბარიყავ,
ქვეყნის აწეწვამ არ დამაცალა.

მაინც ვაბიჯებ ცეცხლს ფეხშიშველა,
მტკივა და მეწვის (არ ვარ იოგი)
ვეღარც ღვთისმშობლის კალთამ გვიშველა,
ვერც გვიწინამძღვრა წმინდა გიორგიმ.

იქნებ სიცოცხლე უკვე არა ღირს,
ვინ გამცემს პასუხს, დარჩენილს სახტად,
ვინ ახსნის ჩემი ხალხის ხარაკირს,
როდესაც მისი ოცნება ახდა.

გრიგოლ აბაშიძე - ვერ შემაძულებ

სიბნელევ, საქართველოს ცაზე დაძრულო,
მაკმარე, ნუ მისევ ავსულებს,
ნუ ცდილობ სამშობლო შემაძულო,
ვერ შემაძულებ!
მე უკუნს იქითაც ვხედავ ცისკარს,
თუმცა მშობლის კვნესა მესმის გამუდმებით,
რაც უფრო მებრალება, მით უფრო მიყვარს,
მე მის სიყვარულს ვერ განვუდგები.

გასრულდი, ქარიანო ნოემბერო,
სამშობლოვ, განერიდე ბნელს და ბოროტს...
მიმიშვი, შენს წყლულებს მოვეფერო,
მაცალე, შენს იარებს ვეამბორო!

გრიგოლ აბაშიძე - ვალი

წლების ფანტელი რაც უფრო მათოვს,
რაც თავდაღმართის დასასრულს ველი,
თვალს ვერ ვუსწორებ შანდორს და ტატოს,
მზერას ვარიდებ დარცხვენით შელლის.

ხანდაზმულობას სულ ვერ ვიფერებ,
თუმცა დიდი დღეც ბედის ძღვენია
და რომ გრძელდება ჩემი სიბერე,
ლერმონტოვის და კიტსის მრცხვენია.

თვალს ვერ ვუსწორებ შანდორს და ტატოს,
ვისი სიტყვა და ლექსიც მემართა...
ვალის გადახდა მათთვის მეც მმართებს,
რაკი მათი დღე მეც მომემატა.