Showing posts with label ნუკრი ბერეთელი. Show all posts
Showing posts with label ნუკრი ბერეთელი. Show all posts

ნუკრი ბერეთელი - წამოდი!

გავიფინე შენი თმები და
ავუყევი ბილიკს ოცნების.
ხევსურეთის კუშტი მთებიდან_
მზის სხივიც რომ ფრთხილად ცოცდება_
მოგწვდები.

მკლავები მაქვს მზემდე აწვდილი.
ნისლგამატეული მთა მიყვარს,
ცას რომ გადუმალავს არწივებს,
წინ რომ დაგიდგება: სა მიხოლ!
წაგიყვან.

წამოდი, რად გვინდა იაბო,
მზე ხელისგულიდან ამომდის.
არღუნის მონაყოლს გიამბობ,
სანამ დაგვამუნჯებს არდოტი...
რა მოგდის?!

ნუკრი ბერეთელი - მე შენ გიღალატებ ცოლთან

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მოვა ის უგულო ღამეც
და ეს ოცნებებიც ორთა,
ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გააზანტებს, რათა,
ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
თავის და სხვათა და სხვათა!
მიწყივ საკუთარის, მიწყივ...

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
გული უძღებია კაცის,
შენთან ყველაფერი მქონდა,
მქონდა დიდებაც და მარცხიც
გამოერეოდა ზოგჯერ...
მარცხს ვინ დაეძებდა - გწამდი!
ქისტის მარჯვენივით მოგჭერ
კუზად ამოზრდილი დარდი.