Showing posts with label გოდერძი ჩოხელი. Show all posts
Showing posts with label გოდერძი ჩოხელი. Show all posts

გოდერძი ჩოხელი - სურვილი?!

ისეთი ძილით მინდა მეძინოს,
რომ დამესიზმროს, იმქვეყნად რაა _
ქარი თუ წვიმა?
ყინვა თუ სითბო?
თუ არაფერი, რაც კაცს გააჩნდა
ამ ქვეყანაზე,
ძვალ-ხორცის მეტი?
ვაიმე,
მტკივა!
ეს რა ვთქვი, ღმერთო?!

გოდერძი ჩოხელი - მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა

მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა
და უბეში მთის ნიავი მეჯდეს,
მოვიდოდი სუყველასთან ფრთხილად
და იმ ნიავს მოგისვამდით გვერდზე.

მე რომ ვიყო შემოდგომის ქარი,
აქეთ-იქით რომ ატოკებს ხეებს,
ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი,
რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე.

მე რომ ვიყო შავ სიკვდილის ცელი
სუყველას რომ განურჩევლად სცელავს,
გავლღვებოდი, რომ არ ვიყო მჭრელი,
ჩაგივლიდით, ჩაგივლიდით ყველას.

და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას,
მე გავხდები გაზაფხულის დილა.

გოდერძი ჩოხელი - "ცა იყო შორი, ძალიან შორი"

ცა იყო შორი, ძალიან შორი,
ცაზე შენფერი მთვარე ესვენა.
მერე გორდაგორ ჩამოხდა მთვარე,
ჩამოდგა ჩემთან და მომეფერა.
ცა იყო შორი, ძალიან შორი,
ცა იყო შენი სულივით წმინდა...
მე გამახსენდი იმ ცაზე შორი
და ჩემს თვალებში უღრუბლოდ წვიმდა...

გოდერძი ჩოხელი - "მარადიული რა არის"

მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.

გოდერძი ჩოხელი - სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!.

გოდერძი ჩოხელი - "მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს"

მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,
მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი, შენ სანახავად
ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.
მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა _ ო, ნურაფერი,
ო, ნურაფერი ნუ გეწყინება...

გოდერძი ჩოხელი - "ამომიტანეთ..."

ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები ,
საჯიხვეზე ამომიტანეთ...
აქედან კარგად ჩანს საქართველო...
აქ ნისლი დიდხანს არ ჩერდება,
აქ ნისლი ქარში იწეწება,
ამომიტანეთ,
აქედან გული ამაყად იხედება;
კლდედ რომ ვიდგები
დედაჩემი აღარ დაბერდება.
ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები,
საჯიხვეზე ამომიტანეთ ,
აქედან კარგად ჩანს საქართველო....

გოდერძი ჩოხელი - მე და ყივჩაღი

სამზღვარსა მუხრანისასა
რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი,
ის რო სისხლს ლევდა, მენაცა
რო ვეყარენით პირჩაღმით.
ცოლი რო სხვაგან წავიდა,
რო გახდა დუშმანისია,
ე, მაგით ძალმიცემული
ყივჩაღი წამოიწია.
მე რო ის მკვდარი მეგონა,
ის თურმე არ მომკვდარიყო,
შორით მიმზერდა, ფიქრობდა,
იქნება დრო დამდგარიყო...

გოდერძი ჩოხელი - "ჰოი, კუზიანი დედამიწავ"

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.
ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი _ ნამთიულარი,
ხევსურეთი _ ნახევსურალი,
ფხოვი _ ნაფხოვარი,
ხევი _ ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის _ ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!

გოდერძი ჩოხელი - "სად დაგოჩოქო, არაგვო"

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულშია.

გოდერძი ჩოხელი - ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო!

თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო,
ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ:
როგორც არ უნდა გშიოდეთ,
როგორც არ უნდა გიჭირდეთ,
თვალები არ ამომთხაროთ,
ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ.
რა ვიცი, იქნებ, თვალები
სამარეშიაც დამჭირდეს,
უთვალოდ მნახოს დედამა,
ცხარე ცრემლებით ატირდეს..

გოდერძი ჩოხელი - ბედისწერის ცხენი

თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
მაგრად არის ჩარჭობილი პალო,
ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით
სადღაც მივალთ, რაღაცაზე ვწვალობთ.

თოკს ვერ გაწყვეტს ბედისწერის ცხენი,
პალოს მაღლა არ გაუშვებს მიწა,
ვერა ვხვდებით, რაგინდ ბევრი შევძლოთ,
ვერასოდეს ვერ მივაღწევთ მიზანს.

თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
ტრიალებს და გვატრიალებს ჩვენც,
ცა არ მოჩანს მაღლა ასაფრენი,
თოკი იჭერს ბედისწერის ცხენს.

გოდერძი ჩოხელი - არაგვს

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულშია.

გოდერძი ჩოხელი - არაგველები

სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა;
გალაღებული სახე მქონდა,
გულით ვხარობდი,
მივიჩქაროდი ძველ ქართველებთან.
სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში
წინ სამასივე არაგველი შემომეგება!
აქამდის სად ხარ?
მკითხეს ერთხმად
და
უცებ შევკრთი,
გამომეღვიძა...

გოდერძი ჩოხელი - აპეურები

დღისა და ღამის გასაყართან მაბრუნებს ბედი
და ქედზე მძიმე უღელი მადგას.
წაჭერილი მაქვს აპეურები:
თეთრი და შავი _
ორი ფერის გამძლე ბაწარი.
უნდა ვიბრუნო, ვიტრიალო და როგორც ხარმა,
ქვამარილივით გაცრეცილი დღეები ვლოკო.
არ გამომხსნიან ამ უღლიდან, სანამ ჩემს ქედზე
არ გაილევა, არ გაწყდება დღის აპეური.
შემხსნიან მერე შავ ბაწარსაც და
მოწყურებულს შორს წამიყვანენ,
დავიწყების მდინარეზე წყლის დასალევად...
დღისა და ღამის გასაყარში
ღამის მეხრეს გამაყოლებენ.
თვალს გამაყოლებს შემოქმედი და
ჩვეული სიდინჯით იტყვის:
ღვინია ხარმა თავის წილი
კალო გალეწა.

გოდერძი ჩოხელი - უფლის გზა

მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.

გოდერძი ჩოხელი - თხოვნა

ამ დღემაც ისე ჩაიარა
უხმოდ,უბრალოდ,
სულში დატოვა ღრმა იარა
გაქრა უკვალოდ.
ვერ შეველიე საწუთროზე
დღითი- დღე ჩივილს,
წლები მიდიან 
ემატებე ტკივილი ტკივილს.
გულში ჩამიქრა სიხარული
გაქრა მზის სხივიც,
სულის სიღრმეში 
ბინდისფერი ყორანი ყივის.
უფალო მიხსენ,
კვლავ ამინთე გულში სანთელი 
და სულს მომფინე
შორეული სივრცის ნათელი

გოდერძი ჩოხელი - სევდა ზღვა არის

სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი.

გოდერძი ჩოხელი - ნუ გეშინია

ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი
ჩემი სამშობლოს მიწავ,
ნურც ჩვენი დაბეჩავება,
მშობელს რო ვეღარ გიცავთ;
იმედი გქონდეს ხვალისა,
შენს სალოცავებს ვფიცავ -
დაიზრდებიან ბალღები,
ალგეთს ლეკვები მგლისა!

გოდერძი ჩოხელი - გაზაფხულზე

გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერპეპლებიანს.

ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.

მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს...