Showing posts with label თამაზ ბაძაღუა. Show all posts
Showing posts with label თამაზ ბაძაღუა. Show all posts

თამაზ ბაძაღუა - მკვდრები ყვიროდნენ

მკვდრები ყვიროდნენ:
აი, ჩვენი სისხლი და ძვლები,
ჩვენი ხელები - ბნელი ნესტით ამწვანებული,
ჩვენი თვალები - ღია და მუნჯი,
მკვდრები ყვიროდნენ,-
აი, ჩვენი დროშების შუქი,
ჩვენი ძახილის თამამი ექო,
დაუძლეველი სისხლის ჩუხჩუხი,
მდინარეებად და ღრუბლებად აღმა წასული,
მკვდრები ყვიროდნენ, მაშინ
როცა ცოცხლები სდუმდნენ

თამაზ ბაძაღუა - არა! ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას!

არა! ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას!
ხვალაც ამოვა ის დიდი, მღელვარე მზე
და გულის სარქველს აგილოკავს ცხელი ბაგეებით.
ნუთუ გგონია უკანასკნელ სიყვარულსაც
ასე იოლად გადაურჩები?
შენ აქ ვალს იხდი, მაგრამ დღისით,
შემოდგომის ნაღვლიან წვიმაში
დაინახავ, რომ ხეებს უცნაურად ეცვლებათ ფერი
და შეგაშფოთებს შემოდგომის წვიმის სიცივე.
არა, ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას,
თუ ღმერთმა მოგისაჯა, რომ შენს სულში,
როგორც სანაგვე ყუთში,
იყრებოდეს მთელი დღის ჩენჩო.
ღამით ხომ ფრჩხილებივით იზრდებიან ტკივილები.
შენ წახვსლ ტანჯვის ბილიკებით,
ხოლო შენს სახეს გადაფარავს ღიმილის მტვერი,
ღიმილის მტვერი გადაფარავს შენს მწარე ღამეს
და დაობებულ სიზმარიდან გადმოაბიჯებ.
შენ ის კარი ხარ-გრიგალი რომ
აქეთ-იქით კედლებს ახეთქებს,
შენ ის კარი ხარ-სუყველას რომ შეუძლია
გასვლა-გამოსვლა,
შენ ის კარი ხარ-
სამუდამოდ ღია და ცივი.

თამაზ ბაძაღუა - შენ თითქოს მიხვდი: ბედი რაც არი

შენ თითქოს მიხვდი: ბედი რაც არი,
გაკრიალებულ და უნატიფეს
შანდლებზე ცვივა ვნების ნაცარი,
რომელიც ცივი ცრემლით დატვიფრეს.
შენ თითქოს მიხვდი, რომ ბრძოლა არ ღირს,
რომ ჩაფლული ხარ ლაფში ყელამდე,
გამოიწრიტა სისხლისგან ძარღვი,
რადგან დუმილით ებრძვი ყველაფერს.
შენ თითქოს მიხვდი... მაგრამ არ იცი,
რად შერჩა ხელი მწვანე ფასადზე,
შენ დიდხნს დგახარ ღია კარის წინ
და სულ სხვა მხარეს ეძებ გასასვლელს.

თამაზ ბაძაღუა - მუსიკა

ყელს დაიჭრიან მკრთალი სიმები
და სულში ჩუმად აღმოცენდება
როგორც ბიბლიურ მცენარის ტოტი
და ფოთლებს ჩუმად ააშრიალებს.

მე გეფერები. ასე ძალიან
მომწყურადა ქარი და სინათლეში
იბადებიან ჩემი ფესვები,
როგორც წყვდიადის კალთაში მთვარე.

მე გეფერები. შეშლილ ტუჩების
ანარეკლივით ბრწყინავს ოთახი
და იბადება მტანჯველი სხივი
სადღაც, ჰაერის მეორე მხარეს.

თამაზ ბაძაღუა - "ჩემი ცრემლები ამ თვალების იქით გრძელდება"

ჩემი ცრემლები ამ თვალების იქით გრძელდება,
ჩემი სიმღერა ამ ბგერების იქით გრძელდება,
ჩემი ღიმილი ამ ტუჩების იქით გრძელდება,
სუსხი რომ აძრობს, როგორც ხის ქერქს შემოდგომაზე.

ქერქივით მაკრავს ეგ ღიმილი, იმ ქერქის შიგნით
ნაღველში ბრუნავს სისხლის შესაძლებლობა,
ან იქნებ მხოლოდ ფუჭი ნატვრაა... ჩემი ტკივილი
ამ სხეულის და ამ სიტყვების იქით გრძელდება.

თამაზ ბაძაღუა - "მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე"

მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,
სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,
სადაც არავინ არ დამაძებდა.
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი.

ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში
გამოვიპარე ხელებიდან,
თმები ვერცხლის ქარს შევატოვე.

მე მივდიოდი
დაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით,
როგორც შურისმაძიებელი.

თამაზ ბაძაღუა - ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო

ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!
ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,
ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერების
ილუზიაში და მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში.
ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები -
ტვინის ხვეულში ხოჭოსავით აცოცებული,
რომ გაყინული ჭრილობა შეთბეს
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ,
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ
გამახსენოს ჩემი სიმხდალე -
უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ...

საუკუნეა არ უთოვია!
საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,
საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,
აღარავინ აღარ ლოცულობს!

თამაზ ბაძაღუა - ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე

ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე
და გაზაფხულის უწყნარეს ფშვინვას მიუგდე ყური,
ილაპარაკე პურზე, მწიფე თავთავებზე, როცა ღამეში
ვარსკვლავით იფურჩქნება წითელი ვარდი.
ილაპარაკე ბალახებზე, რომ მათ ნაღვლიან
ჩურჩულში შენი სუნთქვა დაიხეს,
როგორც საფლავზე ქარიან ღამით მთვარის სხივები.
ილაპარაკე ცაზე, ჩიტებზე, მეგობრებზე, ბავშვებზე, ამინდზე.
ილაპარაკე როგორ დაბერდა შენი სახლის წინ მაღალი ცაცხვი,
ილაპარაკე როგორ აკლდა ტოტები ყოველ შემოდგომაზე,
ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე,
შენი ტუჩები გადაირბენენ გაქრობის და დავიწყების მწარე მინდორზე.

თამაზ ბაძაღუა - "ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე"

ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,
სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს
იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.

წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.

თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.