Showing posts with label კოლაუ ნადირაძე. Show all posts
Showing posts with label კოლაუ ნადირაძე. Show all posts

კოლაუ ნადირაძე - წიწამურიდან საგურამომდე

წიწამურიდან საგურამომდე ეკლიანი და პატარა გზაა,
წიწამურიდან საგურამომდე სიცოცხლისგავლა
ნეტავი რაა?
წიწამურიდან საგურამომდე აშრიალებულ
ფოთლების ზღვაა.
ისევ დუდუნი ისმის არაგვის, ისევ
ბიბინებს არაგვის ველი.
ღამით ამოსულ და აყვავებულ ვარსკვლავებს
დილა მოთიბავს ცელით,
ღამით ამოსულს და აყვავებულ ნიავს
არაგვი დილამდე ელის.
ჰეი, არაგვო, არაგვიანო,
გულში ეგ სევდა რად ჩაგწოლია?!
შენს სამას შვილზე ხომ არა დარდობ? -
გყავდა და თითქოს არა გყოლია!
შენი ჩქერების თეთრი შხეფები, – ეგ ხომ
ცრემლების წმინდა ბროლია!

კოლაუ ნადირაძე - ოცნება საქართველოზე

დავიწყებული ძველი ფონები
და ნანგრევები დიდ ციხეების:
ჩვენი დიდება მოსაგონები,
ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების.

შედიხარ ჩუმად, გრილი ტაძარი...
მოთაფლისფერო სახე მამების;
და საცეცხლურში ცოტა ნაცარი
და შავი ხატი წმინდა სამების.

ნიშანი ბედის - კარზე ნალები,
სახურავები დასავსებული
და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები
უმანკო სევდით ამოვსებული.

კოლაუ ნადირაძე - 25 თებერვალი

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

კოლაუ ნადირაძე - ზღვის პირას

პატარა ბავშვის ტერფების კვალი
ნამიან სილას ზღვის პირას აჩნდა...
მე თითქოს წამით ამეხსნა თვალი
და ის დღე ვიგრძენ იდუმალ ძალით,
როცა სიცოცხლე პირველად გაჩნდა!
ვიდექი მარტო. შორიდან ფრთხილად
მოდგა სიჩუმე და გულში ჩაჯდა.
ვხედავდი პირველ გაჩენის დილას...
და მხოლოდ სილას, ნამიან სილას,
პატარა ბავშვის ტერფები აჩნდა....