Showing posts with label ანზორ აბულაშვილი. Show all posts
Showing posts with label ანზორ აბულაშვილი. Show all posts

ანზორ აბულაშვილი - სოხუმი

როცა ალმოდებულ ქალაქში –
ალმოდებული სიყვარული,
შუა ქუჩაში განწირული კივილით,
ხელებგაშლილი გარბოდა,
ჯერ უწვერული,
უცაბედად მოცელილი ბიჭისაკენ
და ათიოდე ნაბიჯიღა აშორებდა
დაღუპულამდე,
ასევე უცებ – მასაც –
ყვავილს, სიფრიფანას და ენძელისფერს,
საბედისწეროდ, შიგ გულში მისწვდა
ტყვია და... მორჩა...
მერმე იმათი გულებიდან მოწანწკარე
მდუღარე სისხლის წვრილმა ნაკადმა
მტვრიან ასფალტზე
ერთურთისკენ გაიკვალა გზა
და ერთმანეთში შერეული
გულის ფორმის ტბორ-გუბედ დაჩნდა.

ანზორ აბულაშვილი - ორი ჩრდილი

სიზმარ-ცხადია... ჭაჭანებაც, ვითომ, კაცის
არა ჩანს ირგვლივ,
მზეა და თანაც – ვარსკვლავთ კრთომის –
ჭინჭველათა ჩქამი რამ ისმის...
ჰა, კვაზიმოდო!.. მაგრამ ვითარ გაუჩორკნავთ,
ვერ ხვდება იგი...
და აპოლონიც!.. სიაღნაგის არცა იმან
უწყის რა თვისი.
ამ სიზმარ-ცხადის მომხილველმა რაი მეტი
უნდაღა ვცოდო...
უცებ, ვითომდა, ერთარსებად ორივ ჩემში
მსახლებლად ვცანი!
სჭვრეტს კვაზიმოდოს აპოლონი და აპოლონს
სჭვრეტს კვაზიმოდო
და ესმით ზეცით: – განუყოფი, ამიერით,
ღვიძლი ხართ ძმანი!..
და პირველქმნილა სულიერი ღმრთისგან, ვითომ,
ეს ორი – სწორედ!
მისჩერებია ერთურთს ესე თვალხილული
თეთრი და შავი.

ანზორ აბულაშვილი - ნანა

ნანინა, ნანა, ნანაო,
ჩემო ანუკა. ანო,
ძილმა ერთბაშად იისფერ
სხვა მხარეს წაგიყვანაო,
ათასფერ ყვავილებთან და
ჭრელჭრულა პეპლებთანაო.
ხედავ: - თან წვიმს და მინდორი
ოქროსფრად დაინამაო,
ყაყაჩოებით ბრიალებს
იქით ზღვისფერი ყანაო.
უფრო შორს თეთრი კრავები
მზემ ცისკენ გაილალაო,
რა საკვირველი მხარეა,
პირდაპირ - გამოცანაო,
თან მზეს ცხრა თვალი უცინის,
ხან - მთვარე კრთება თანაო,
ან აქ რამ ზარდა ერთპირად
სუყველა ალვისტანაო...
ნანინა, ნანა, ნანაო,
ჩემო ანუკა, ანაო,
სიზმარშიც მხარე გეხატვის
შენი სამშობლოსთანაო.

ანზორ აბულაშვილი - მოხერხებული ძაღლი

ესაო და მესაო,
მივყვეთ თხრობის წესსაო;
ერთ მშვენიერ გაზაფხულზე,
ერთ მშენიერ დღესაო
ერთი ცხვარი წაბაკუნდა,
შეერია ტყესაო,
რა თქმა უნდა, უღრანი ტყე
აბარია მგელსაო;
არც მას დაუგვიანია,
თვალი ავად ჰკვესაო:
- ახლა სადღა გამექცევი,
დაგიბნელებ მზესაო! -

ანზორ აბულაშვილი - მაცხოვარი

უნდა ვირწმუნოთ –
ცისკენ სვეტად ასხლტა სინათლე,
ლაჟვარდს შეერთო გამოცანა, –
კრულვა სატანის.
ურცხვად მოძვრება ხელის ბანვით
ლექსში პილატეც,
სინედრიონიც, ლაფდასხმული –
ჰურიასტანის.
მან კი თხემიდან,
დაფლეს ნაშთი სად ადამისი
და სად მალამოდ ეცხო იგი
ხორციელთ ცოდვას, –
მიართვა თვისნი ჭრილობანი –
ყვავილნი სისხლის,
ვით თაიგული, დაუმჭკნარი –
ადამის მოდგმას.

ანზორ აბულაშვილი - ერთობა

საბა, ლევან და გიორგი,
ლადო, ზაზა თუ ვეფხია -
ტარიელ-ავთანდილივით
ერთურთს რომ გადახვევია,
მაშინვე გაქრა, მოისრა,
მუხას რომ მუმლი ეხვია;
მათი ძმობა და ერთობა
ქაჯთა ციხისთვის მეხია...
სულ მტვრად აქცევენ,
რაც დუშმანს
დაუქად-დაუკვეხია.

ანზორ აბულაშვილი - ზამთარში ზაფხული მენატრება

ზამთარში ზაფხული მენატრება,
ზაფხულში - იანვარს ვნატრობ,
მინდორში მყინვარი მელანდება,
მთაში ვარ -
ტრამალი ფართო.
ლაჟვარდო,
სულზე რომ მომენათე, -
მანატრე დამკვიდრება ცაში,
მაგრამ მანდ
მიწა რომ მომენატროს,
მიწა ვინ მაღირსოს მაშინ...

ანზორ აბულაშვილი - საახალწლო

თოვლმა უცებ დაბურა
მინდორი თუ კორდი,
თოვლის თეთრი ბაბუა
საჩუქრებით მოდის.
ათასფერად ბრიალებს
ჩვენი ნაძვის ხეო.
დადგა მღერა-სიცილით
ახალი წლის დღეო.

ანზორ აბულაშვილი - დავითი

რა ზღაპარი და რა მითი,
ოდეს მეფობდა დავითი!
მის ქებად სიტყვა მღალატობს:
ვინც მტერს უჯაბნელს -
სჯაბნიდა,
მოყვასს,
ქვეშევრდომს არასდროს
არ დახედავდა მაღლიდან.
ბრძენი, უებრო სარდალი,
„მაღალი, უხვი, მდაბალი“,
ჩაგრულთ შემწე და ქომაგი,
ქართლში მესიის ბადალი.
სამართლიანი, მოწყალე,
კირითხურო და სწავლული,
მარადის ძილშიც ცოცხალი,
შვილთ ცრემლით საფლავნამული.
რაც აქ ვთქვი,
ქვეყნის კიდემდე
იცნობდნენ სწორედ ამითი,
სამწყსოს ეღვენთა სიკეთედ,
აი, ვინ იყო დავითი!
გარეთ რომ დუშმანს ჰკვეთავდა,
შინ მეზვრის კვართი ემოსა...
ვისზეც მეფობდა,
ნეტამც მათ,
ნეტამც იმ საქართველოსა.

ანზორ აბულაშვილი - მახარობელი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.

წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!