Showing posts with label გიორგი საჯაია. Show all posts
Showing posts with label გიორგი საჯაია. Show all posts

გიორგი საჯაია - ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი პოეტის ცხოვრებიდან

გუშინ, დილით, სანაპიროზე, დედაჩემს შევხვდი.
მე, როგორც ყოველთვის, რომელიღაც სამიკიტნოდან მოვდიოდი,
ღამენათევი და გალეშილი, უწესო და უსაქციელო.
ის, როგორც არასდროს, მშრალი ხიდისკენ მიდიოდა,
ღამენათევი და თვალცრემლიანი, გამხდარი და წელში მოხრილი.
ხეს მოვეფარე (ვერ შემნიშნა) და დიდხანს,
დიდხანს ვუცქირე კვალში, შუშის თვალებით,
ვიდრე ხიდის ქვეშ, მადათოვივით არ გაქრა, პატარა დედაჩემი.

შუადღისკენ, სახლში დაბრუნებულს,
საგრძნობლად შეთხელებული წიგნების თარო მომხვდა თვალში.
ხოლო საღამოს, დედამ ხორციანი კერძი გააკეთა.

უარი ვერ ვთქვი, თუმცა, ჭამა კი გამიძნელდა -
ასე მეგონა, ჩემს საყვარელ ავტორებს ვჭამდი:
ჰესეს, დრაიზერს, ჰემინგუეის...
და რაღაც მომენტში, კი არ მივხვდი, არამედ ვიგრძენი,
რომ უბედურება სულაც არ არის წიგნებით საზრდოობა,
წიგნებით, რომლებსაც შეუძლიათ,
ერთხანს სულიერად გამოგკვებონ, მერე კი,
თუ საჭიროებამ მოითხოვა - ფიზიკურადაც...
უბედურება ის არის, რომ ჭილაძის მერე სულერთი გახდა,
თუ ვის შევჭამდი.

გიორგი საჯაია - "შენი ოცნება დუბლინია"

შენი ოცნება დუბლინია,
თამ,
ჩემი - უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე...
აზაზელი...
გკითხულობ:
"...იცი? ირლანდია,
რამდენი წვეთი დავითვალე..."
მთვარეა,
ცაა,
გირლანდები...
ფეიერვერკი...

გიორგი საჯაია - წვიმს

წვიმს. ზეცას მკერდი მთვარის ქიმზე გაუსერია,
სადღაც ისროლეს! - თუ არ ვცდები, მაუზერია.

წვიმს. ნაცნობ ქუჩით ღამის აჩრდილს ფეხდაფეხ მივსდევ,
სადღაც მოთქვამენ... (შეეწიე, უფალო ქრისტევ).

წვიმს. ბედმა ისევ უდარობას არ ამარიდა.
სადღაც სიკვდილი იზმანება ცივ სამარიდან.

წვიმს. მკვლელობათა მაგონდება მთელი სერია...
ისევ ისროლეს! - ექოზე ვცნობ, მაუზერია.

გიორგი საჯაია - წერილი ბოთლში

გამოუვალი წვიმებია. ასეთ დღეებში
მთაში მივდივარ, სადაც ტყეა, ტყეში ქოხია,
ქათმის ფეხებზე შემომდგარი; ქოხში სხვენია,
სხვენში სკივრია დამალული, სკივრში - კურდღელი,
კურდღელში - იხვი, იხვში - კვერცხი და კვერცხში - ნემსი,
რომლითაც ასეთ ძნელ ამბებში ტუჩებს ვიკერავ,
რომ უცებ რამე არ წამომცდეს, დარდის მაგვარი.

გიორგი საჯაია - ცენტრიფუგა

შენ, ერთი უბრალო ბროშურა 
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე, 
რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს, 
რომელიც, თავის მხრივ, ასევე, 
ეკუთვნის სადაფის ამბუშურს, 
რომელსაც უმზეო ტაროსში 
აბოლებს, კითხულობს პასტერნაკს, 
დროდადრო - ბობროვს ან ასეევს. 

დროდადრო ყველაფრის ახლიდან 
დაწყებას ცდილობს და ალაგებს 
ჩანთას და გარბის და გაჭრილი 
ვაშლივით ჰგვანან და მისდევენ 
ერთმანეთს ქუჩები, სახლები, 
სახლები, ქუჩები - ქალაქი, 
რომელიც ყელში აქვს გაჩრილი 
და სიმსივნესავით იზრდება. 

გიორგი საჯაია - ჩემო იარალი

ვერაფერ ახალს ვერ გთავაზობ. არათუ
ახალს, ძველიც კი არაფერი არ დამრჩა
სათქმელი. ჩუმად მივუყვები ნარატივს,
სადაც ვიცხოვრეთ, გვიყვარდა და გადავრჩით

ამდენად, სიკვდილს, სასწაულით, რამდენჯერ?!
სოფლით, ორღობით, ლილოჭრილით... გამაშით,
ჩაფხუტით, ჩექმით, იარაღით, ფარაჯით,
ბაბთით, ცილინდრით, მოკასინით, და ა. შ.

მხარდამხარ, მედგრად, თავგანწირვით, უშიშრად,
ზამთრით, სიცივით, პურის რიგით, კუპონით,
შიმშილით, არყით, ოპიუმით, ჰაშიშით,
უღვთოდ, უდროოდ, უსამშობლოდ, უგონოდ -

რამდენჯერ, ჩემო იარალი?! არათუ
ახალს - ძველიც კი არაფერი არ დარჩა,
სათქმელი. უხმოდ მივუყვები ნარატივს,
ანდანტე... პრესტო... მოდერატო... ვივაჩე...

გიორგი საჯაია - შემოდგომის ინსომნია

აღარაფერი აღარ დარჩა ძველი განძიდან,
დუმილის ოქროც განიავდა და სიტყვის ვერცხლიც.
ღამის პეპელა სტრიქონებით ვაპურებ მერცხლებს,
სიცარიელით ჩემი სული როგორ დამძიმდა.
რადგან რაც იყო გასაზიდი, ჟამმა გაზიდა
და ახლა დროის უზარმაზარ საცერში გაცრილს,
სექტემბრის ქარი სხეულიდან ფოთლებს-ღა მაცლის,

მე, ასეთ ბებერს, ასეთ ხმელს და ასეთ გატოტვილს
მათში, ვინც მოდის და ფესვებზე თეთრ ბატკანს მაბამს.
შემოდგომაა. ინსომნია. ტრაგიკულ ამბავს,
წიგნის თაროზე შემომჯდარი, ყვება ბალმონტი -
როგორ დედდება სისხლძარღვებში ქაღალდის წებო...
ჩემი დაღლილი თვალებიდან ღამე გადმოდის
და ჩემს მაგიერ ტანთ იხდის და ლოგინში წვება.

გიორგი საჯაია - ღმერთების მტერი

იცი, როგორ ვარ? ქარბუქი რომ თავს დაატყდება 
სოფელს და ყველა მიატოვებს. სიცარიელე 
ისე იზრდება ამ სოფელში, წლების მანძილზე, 
საკუთარ მკერდში რომ ვაშენე, ჩემი მფარველი 
სულებისთვის, რომ ცოტა ხანში არათუ სამ-ოთხ 
ტყის სულს, არამედ, ზუსტად ვიცი, მთელი სამყაროს 
მხეცებს დავიტევ, ჭეშმარიტი შამანივით და 
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ 

იცი, როგორ ვარ? კატას სარზე რომ წამოაგებ 
და უცქერ, როგორ საცოდავად ფართხალებს. უცქერ 
და ამაყი ხარ, კმაყოფილი, იმით, რომ ასე 
იოლად არ ხარ მისაწვდომი, ასე მარტივად 
გასაგები და თავს იმშვიდებ იმით, რომ შეგწევს 
ძალა ბრძოლის და ძალა თქმის და ძალა გაქცევის 
ბოლოს და ბოლოს - შენს ხელთაა შენი ბედიც და 
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ 

გიორგი საჯაია - ქუჩის მუსიკოსი

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით - ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.

გიორგი საჯაია - ქარი არის

ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.

გიორგი საჯაია - ფიკუსები

სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი.
ვარ ერთი დარბეული სიმაგრის მეციხოვნე,
საკუთარ მარტოობის დარაჯი უნიათო.

ოთახში (კვადრატული მეტრია ოციოდე),
რომ არა მიმოწერილ ლირიკულ კანტატებით
კედლებზე, შიგადაშიგ, ჩრდილების მოციონი,
საერთოდ, როგორც წესი, დუმილის ანდანტეა.

ძველებურ სავარძელში ძალიან კომფორტულად
ვზივარ და უძილობის ორდენის კავალერი,
წვიმებით ამოჭმული ფანჯრების ოფორტიდან
გადმოსულ ლოკოკინა ღამეებს ვამარილებ

და ვუყრი შესაწოვად ქოთანში მარადმწვანე
ფიკუსებს, ვუხალისებ ნიადაგს ეროზიულ,
რომ ერთად გადავლახოთ როგორმე ფოთოლცვენა,
ასეთი ყვითელი და ასეთი - ციროზივით.

და უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი...

გიორგი საჯაია - ფანტასმაგორია

(თამო ჩხეიძეს)

შენი ოცნება დუბლინია,
თამ,
ჩემი - უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე...
აზაზელი...
გკითხულობ:
"...იცი? ირლანდია,
რამდენი წვეთი დავითვალე..."
მთვარეა,
ცაა,
გირლანდები...
ფეიერვერკი...
ბარბიტალი,
თვითმკვლელის დოზით –
სიგიჟეა!
შეშლა, პოზაა გროტესკული...
მგონი სიკვდილი მივიჩვიე,
მგონი სიცოცხლე პროტესტია,
თამ...
და ოცნება დუბლინია...
თბილისი - უფრო სასაცილო!
გარეთ ღამეა,
დუმილია,
სიცარიელე...
აზაზელი...

გიორგი საჯაია - უღელტეხილი, 8 აგვისტო

გვირაბს გამოვცდით, -
შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, -
შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.

გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.
ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი.
შენ თქვი: ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მან თქვა: ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მე ვთქვი: რთულია სიყვარული. და არა - წერა.

" უკეთუ გინდეს შემოდგომად მისდა - უარყავ! "
ვაშლის დახლები, სხვა დახლები, დახლები ნიყვის...
შენ თქვი: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მან თქვა: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მე ვთქვი: კარგია საქართველო... როდესაც გიყვარს.

გიორგი საჯაია - უმისამართო სონეტი

ერთხელ, როცა წასული, ჩემგან, ქმართან დაწვები,
ჰკითხე მთვარის ბაღებზე გადმოვლებულ იბისებს,
წითლად როგორ ენთება ფერმიმკრთალი ღაწვები
ევას, როცა ადამი მის სიწმინდეს იფიცებს.

თუმცა, ვიცი ვერასდროს - ასე იყო მარადის -
ფერით უხერხულობის შენ ვერ შეიმოსები,
შენს ნერვს ვერ აათრთოლებს მწარე გესლი ღალატის,
ქმარზე მეტად გხიბლავენ როცა ჩემი გლოსები.

და დადიხარ ცით-ცამდე გადადებულ ხიდეზე,
როგორც წმინდა სელენე - ღამეთა დედოფალი!
ოცნებობ შარლ ბოდლერზე და მოპასან გი დეზე...

და რადგანაც ჰესპერი მხოლოდ ისე ციალებს,
ვით შენს მკერდზე ბნეული მარტოხელა ოპალი,
შეგნებულად არ ვაწერ სონეტს ინიციალებს...

გიორგი საჯაია - ტრიოლეტი

მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა,
ზეცა - უძირო და ლურჯი სივრცე 
(ბოლოს მას უნდა მეც სული მივცე). 
მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა. 
ფიქრმა ნისლებით სული შენიღბა 
და მთელ ამ ქაოსს დრო იხვევს თითზე... 
მთვარე სფინქსია, ღამე - ენიგმა, 
ზეცა - უძირო და ლურჯი სივრცე. 

გიორგი საჯაია - სიყვარულის კამიკაძე

ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",
გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!

მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად
იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.

გიორგი საჯაია - სერიული თვითმკვლელი

რა შორს მიდიხარ?! შემოდგომის ამ პირველ ფოთოლს
უამბე... ამ სკვერს, ამ შადრევანს, ამ – მოკლედ, რა შორს
მიდიხარ?! ღეჭავ სიგარეტის ფილტრს, ანუ ფითილს,
ანუ კბილებში, კვამლთან ერთად, ყოველგვარ კავშირს

ცრი, მასთან, რასაც ცოტა ხნის წინ კავშირი ერქვა
შენს და ღმერთს შორის და ყველაზე მარტივ გზას ირჩევ,
როცა მიდიხარ... და გველივით ტყავს, ანუ მერქანს
იძრობ და ხელში ცარიელი ბოთლით და სირჩით,

მიდიხარ, როცა პოეტი ხარ, ანუ თუ იცი,
რომ ყველა წასვლა ნაცადია და ის-ღა გაკლდა,
რომ სერიული თვითმკვლელივით მორიგ სუიციდს
უძღვნი ამ ფოთოლს, ამ შადრევანს, ამ სკვერს, ამ... მოკლედ,

უტევებ ცოდვებს პილატეს და ბანგას მარიაჟს,
უწვეულებოდ, უნადიმოდ და უტრაპეზოდ,
ირგებ სხეულზე, ტოგასავით, ღამეს, ბარეჟის
და ვენებს იხსნი, მარმარილოს ცივ კანაპეზე.

გიორგი საჯაია - სასაცილო ხარ

სასაცილო ხარ... ლაპარაკობ გაუთავებლად,
ყველ-არა-ფერზე, გაფუჭებულ რადიოსავით,
არაფერს ტოვებ უთქმელად და გაუტარებლად.
ვილაპარაკოთ - კეთილი და პატიოსანი.

რაზეც გენებოს, დაწყებული სტრატოსფეროდან,
დამთავრებული ნაწილაკით ელემენტარულ,
(ბედი შენი, რომ მე დუმილის დიდოსტატი ვარ
და ვიფარგლები მხოლოდ ენით არავერბალურ...)

ვილაპარაკოთ, მაგრამ კრინტი არ დაძრა ღმერთზე! -
წინაშე შენი სათნოების, ერეტიკული,
მე ანგელოსი ვიქნებოდი, რომ არა ერთი
პატარა ნაკლი - პოეტი ვარ, გენეტიკურად.

გიორგი საჯაია - რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვახსოვს"... "არ გვიქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი -
მზერა, რომელიც ავარიდეთ...
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.

გიორგი საჯაია - პელიკანი

თავდაპირველად, ისე მოხდა,
რომ მეგობარი დავკარგე.
იმ დღეს ყველა ტიროდა.
ყველა - უპატრონო ძაღლებიც კი, ცარიელ ქუჩაში.
მე კი, ვთქვი, დღეს ცუდი დღე არის-მეთქი,
მარჯვენა ხელი მოვიგლიჯე
და აყმუვლებულ ძაღლებს გადავუგდე საჯიჯგნად.
ხელი, რომელიც მეგობრისთვის
საშველად უნდა გამეწოდა და ვერ შევძელი.

მერე მამა დავკარგე. იმ დღეს თოვდა.
მთელი კვირა თოვდა.
და მე ვთქვი, რომ ცუდი კვირაა-მეთქი.
ვთქვი და მარცხენა ხელი მოვიჭამე, სიმწრისგან.

მერე სამშობლო დავკარგე.
ვთქვი, ცუდი თვეა-მეთქი,
მარჯვენა ფეხი მოვიგლიჯე,
რომელიც ომიდან გაიქცა
და მტერს გადავუგდე, დროებით თავშესაქცევად.