Showing posts with label რეზო გეთიაშვილი. Show all posts
Showing posts with label რეზო გეთიაშვილი. Show all posts

რეზო გეთიაშვილი - ქაფქაფა ფინჯანი, ფანჯარა და ფერები ჩეფირის

ქაფქაფა ფინჯანი, ფანჯარა და ფერები ჩეფირის
მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,
ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები.
გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ მაგრამ
წასვლა, რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან მშობლიურზე უცხოდ
არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი...

რეზო გეთიაშვილი - ცაც კი დაძველდა

ცაც კი დაძველდა (დაუფიქრდი,
უკვე რამხელა
დროა გასული), მიაცოცებს
ღრუბლებად ხავსებს,
გყავს არაფერი (არაფერი),
თუმცა, ნახე რა
შვენიერია - სიცოცხლით და
სიკვდილით სავსე.

ბინდდება, რჩება, აღარ გრჩება
ალტერნატივა,
გრჩება ქალაქი (მისაღები
უკვე სრულებით)
სამოგზაუროდ, განაჩენად,
თანაც ნახე რა
მშვენიერია - ღალატებით,
სიყვარულებით.

რეზო გეთიაშვილი - როგორ წავიდნენ, როგორ მიმაგდეს

როგორ წავიდნენ, როგორ მიმაგდეს,
ტუჩზე დაცლილი ღვინის ბოთლივით,
თუკი დავიცდი, ვიცი, დილამდე
იშრიალებენ ალვის ფოთლები.

მე მეტი ღვინო სულ არ მინდოდა,
აღარ ვუნდოდი, ალბათ, ღვინოსაც,
ისე წამიღო უამინდობამ,
ლამის დაკარგულ სულზე ვილოცო,

ლამის ვინანო, ლამის ვიტირო,
ანდა დავწყევლო შენი გაჩენა,
ანდა ციებამ შემომიტიოს
შენი სიკვდილის გადასარჩენად.

რეზო გეთიაშვილი - დასასრული

მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა,
ესეც საქართველო, შენი სიკვდილი და სიცოცხლე
და ღვთის გულისათვის ნუღარ დამამადლი ორ ჩაფ
ღვინოს, დავთვრები და მინდა არაფერი ვიცოდე

ამ ჩვენს სამშობლოზე, მორჩა მეგობარო, ესეც
სრული აბსურდია, ფერი გადასულა დამღაზე,
გახსოვს, - გიკითხავდი ხშირად აფხაზეთზე ლექსებს,
მაგრამ რა აზრი აქვს ლექსში დაბრუნებულ აფხაზეთს? -

როცა თამაშია, როცა ტყუილია, როცა 
ცხოვრობ ქვეყანაში სადაც მძიმე ბედი გარგუნეს,
გახსოვს, მუხლმოყრილი ხშირად ვკითხულობდით ლოცვებს,
დღეს კი ჩვევაა და მხოლოდ ინსტინქტია - ფსალმუნი.

რეზო გეთიაშვილი - ზამთრის დივერსია

სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარი
ნისლებს შეაწმინდეს, სქელსა და მიწიანს,
მოკვდე შეიძლება, მზე ისე შორს არის
და სველი ხეები სველ ხელებს იწვდიან

ქალაქში, მთებიდან, როგორც დივერსია,
ეწყობა ნისლები, აქ, როგორც სარჩევში,
სიკვდილის მოძებნა უმარტივესია
(ბევრიც რომ ეცადო, მაინც გადარჩები).

ლონდონში ნისლები უფრო სქელ-სქელია,
ვენაში გავუშვი ყველა თადარიგი
და ფლამინგოები სანგრებს შესცქერიან,
ეს კი საშველია, შენი ბადალი კი

რეზო გეთიაშვილი - თერაპია

ბაღში გავიარე, მინდოდა საღამო
მომეწყო თავისთვის, დღეს, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და ფოთლებგამოცვლილ ბაღში გავიარე, ვიფიქრე,
ხეების მშობლიურ ენაში ძველ კურსებს გავივილი...
ფერფლი მაცვიოდა,
უფრო მშობლიური მეჩვენა სამი ხე
გვერდიგვერდ, ხეების ინტერნაციონალს
ვუსმენდი, არ იყო თუნდაც წამიერი
სიმშვიდე, ჩვეულმა ფიქრებმა წამიღეს.
ბოლოს დასასრული ჰპოვა ამ ფიქრებში
ერთმა დღემ, როდესაც მე, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და უღვთოდ გამოცვლილ ბაღში გავიარე,
ალბათ, იმ უცნაურ გრძნობას რომ გაევლო.

რეზო გეთიაშვილი - მეკუბოვე

ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე.
ვნახე, რომ სამყარო წვენით სავსეა და
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე, კარგია და წვენით სავსეა.

ხანდახან გქონდა სიჩუმის მწველი ხმა,
ყველა სხვასიტყვა რომ შეასახლეს,
მერე სიჩუმესაც ვუპოვე ის შენი მწველი ხმა.
ვნახე, რომ ჩემი სამყაროს წვენი ხარ და
მე კი ამ ყველაფრის მეარაფრე,
ვიფიქრე, კარგია, შენ მისი წვენი ხარ.