Showing posts with label მურმან ლებანიძე. Show all posts
Showing posts with label მურმან ლებანიძე. Show all posts

მურმან ლებანიძე - გალაკტიონს

ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:
იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.

აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა:
იწვა გალაკტიონი – მოხუცს ბეჭი სტკიოდა.

ალბათ, შუბლიც სტკიოდა – მაინც, მეფურ იერით,
იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.

რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი –
იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.

დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა
და რაც ახლა ხდებოდა, – მისი ჟინი მართავდა…

მურმან ლებანიძე - დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით,
თოვდა, თოვდა... რა კარგია თოვა...
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით
გამაჩერა,სიგარეტი მთხოვა...

მივაწოდე, - გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ, - მთვრალი ვარო მითხრა,
გავაბოლეთ, - გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა,რა დროაო, მკითხა...

მე ვუთხარი, - ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა,
"ეჰეჰეი!" - შეუძახა თბილისს და ღიღინით
ვერის აღმართს აჰყვა...

თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,
თოვდა, თოვდა... რა კარგია თოვა...
რა კარგია, რა ბევრი და ცოტა -
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!

მურმან ლებანიძე - მოვა სექტემბერი წვიმით და ტალახით

მოვა სექტემბერი
წვიმით და ტალახით
და უცბათ მოიწყენს
პატარა ქალაქი.

აღარც „დაჩნიკები“,
აღარც ბაზრობები,
აღარც ტურისტკები,
აღარც გაცნობები!

აღარც ქოლგები და
აღარც “ფიატები“
აღარც ბრკოლდები და
აღარც გვიანდები.

მურმან ლებანიძე - მე იმ დროს ვნატრობ, ჩვენ რომ ვიქნებით

მე იმ დროს ვნატრობ, ჩვენ რომ ვიქნებით,
რომ ვიქნებით და რომ არ გავქრებით.
რომ გავიხარებთ განძის მიგნებით,
კორდებს რომ მოვფენთ ჩვენი აკვნებით.

მე იმ დღეს ვნატრობ, ავდრების ბღავილს,
ამ პლანეტაზე ქართველისთვის გამწყრალს,
რომ ჩავაწყნარებთ და ქართულ ყვავილს
რომ გავახარებთ გამზრალს და გამჭკნარს.

და მიწის ბურთზე მსაჯულის მკაცრის
და მიუდგომლის პირით რომ ითქმის:
„დახე, რას შვრება ქართველი კაცი -
ეს აქამომდე უცნობი თითქმის!“

მურმან ლებანიძე - ამ ბრიყვს ჰგონია...

1
ამ ბრიყვს ჰგონია ჩემთვის ვაშენებ!
„სახლს იშენებსო!“
ან ეშლებათ, ანდა სტყუიან!
მე შენ წაგიყვან
და საძვალე გორმახს გაჩვენებ,
სადაც...
ცაცხვები ბზუიან...

ახლაც არ გჯერა?!
ახლაც არ გჯერა?!
აქვთ ამათ რამე?!
ნივთიერი რაიმე წაჰყვათ?!
შეუჭამიათ
ქარებს, თოვლებს, წვიმებს წარწერა -
ღირს მოწყენილი
კორდი ესე დროდადრო ნახვად!

მურმან ლებანიძე - ქართველები

ხმამ, მსუყემ და ჯანიერმა,
მტარებელი შეჰყარა:
-,, ქართველები?!
რაც ხალხი ვართ,
იცის, ძამა, ქვეყანამ!

ორი კაცი სუფრას შეიქმს,
სამი კაცი -
ქეიფს!

ოთხი კაცი - არიფიონს,
ხუთი -
პარტიას!
ექვსი კაცი მანიფესტს ვწერთ,
შვიდი -
ქარტიას!

მურმან ლებანიძე - "ტარდაგებულს ყიდულობს..."

ტარდაგებულს ყიდულობს
გლეხი
ცელს და ნაჯახს,
პურს ქარხნისას ჰყიდულობს,
ცოტას კიდეც დიდგულობს,
კიდეც
თვალებს ქაჩავს.
შაქარს წყალში აზავებს,
სვამს
ქიმიურ მაჭარს,
სვამს და კიდეც გაძალებს-
შხამს გაძალებს საზარელს-
შაქარ-წყალს და
ჭაჭას.

მურმან ლებანიძე - გამრავლდა შაშვი

- გამრავლდა შაშვი
(ჩინელივით!) ქალაქის ბაღში...
ეგ იმიტომ, რომ
აქ არ დასდევს კაცი თუ ბავშვი...

- მე დავინახე
კვიპროსის კენწერო ცაში:
ღამის ხუთიდან
დილის ცხრამდე გალობდა შაშვი...

- ეგ ძაან კარგი,
რომ ხელს უწყობს ქალაქის ხალხი,
მაგრამ სოფლად რომ
გადაშენდა, არ არის კარგი!

- როგორ?! სოფელში
გადაშენდა ნამდვილად შაშვი?!
- თვითონ... სოფელი გადაშენდა...
სოფელთან, - ბავშვიც!

მურმან ლებანიძე - ის მოაბიჯებს

ის მოაბიჯებს
ძეძვით, შამბნარით,
ფეხებდამსკდარი
მხურვალე რიყით:
თქვენ გზას ეკლიანს
მას ვერ აკმარებთ,
ის დაასრულებს
ცხოვრებას ციხით:
მაგრამ გაჩნდება
მისი პროფილი,
მძლე სილუეტი
ფოლადის მჯიდით...
მან კარგად იცის, -
არის სოფელი
ამ აწმყოსა და
მყოობადის იქით.

მურმან ლებანიძე - მშვიდობას ვაშა!

მშვიდობას ვაშა!
ეგ - კი! ოღონდ მშვიდობა თუა
დღეს ეს ჯახირი
ნამდვილ ომს და ამ ცივ ომს შუა!

ოცდათხუთმეტი
წელიწადი მსოფლიო ბზუა,
ხმლისპირი არ ჩანს -
კისრებს ბასრავს მახვილის ყუა!

სისხლი - ნილოსად!
კი, ნილოსი პაწია რუა! -
პეტრე ხომ სტყუის,
არც ნაკლებად პავლია სტყუა!

ღმერთო, მოგვხედე! -
მაგრამ ღმერთი ბლუა და ყრუა...
გონს, გონს მოეგე,
ძევ კაცისა, მოიეც ჭკუა!

მურმან ლებანიძე - ნოემბრის ცხრაა

ნოემბრის ცხრაა,
უკვე ცხრაც მიდის,
კი, ათი ჰქვია
ფეხადგმულ ხვალეს;
ვხედავ მთაწმინდას,
ვხედავ მთაწმინდის
გაცრეცილ მთვარეს...
ავადმყოფ ღვინოს,
უკვე დაწმენდილს,
(მარტოდმარტო ვარ)
ჯერ ისევ მწარეს
ვსვამ, კრულვას ვუთვლი
ლაჩარს წარწმედილს
და... ვადღეგრძელებ
სამშობლო მხარეს.

მურმან ლებანიძე - ნადირობისას

ნადირობისას
რტო შეუფრთხო, ეგონა, არჩვმა
და რას, თუ მეტყვი,
რას მოკლავდა?! -
შვილი მოკლა
ბედკრულმა კაცმა...

მკრეხელობაა,
რა თქმა უნდა, ამაზე წერა,
მაგრამ ის კაცი
ა, აგერ მყავს,
ერთად ვსვამთ -
გჯერა?!

ხუთი წლის თავზეც
თვალში მსხვილი კურცხალი უდგას,
ეგ - მართალია!
მაგრამ რა ჰქნას?!
არსებობს!
სუნთქავს!..


მურმან ლებანიძე - ყველას! ყველას! ყველას!

ქართლ-კახეთად, იმერეთად,
სამეგრელოდ, გურიად,
ვისაც ჩვენი გაყოფა
და გათიშვა სწყურია,
ან ჭკვიანი მტერი არის,
ან უგნური მოყვარე,
ამიტომაც, სადაც წავწვდი,
ერთიანად მოვთხარე...
მიყვარს - მტკვარი,
მიყვარს - ქსანი,
ტეხურა და ენგური!
მიყვარს - „ლილე“,
მიყვარს - „ლალე“,
მიყვარს - „ჩელა“
მეგრული...
მაგრამ ყველას მირჩევნია
ერთ დიდ მუშტად შეკრული,
რა თქმა უნდა, საქართველო -
ვიყოთ მისი ერთგული!
დღეგრძელ იყოს, საქართველოვ,
შენი მზე და შენი ცა
მრავალ ათს, მრავალ ათას,
მრავალ ათას წელიწადს!

მურმან ლებანიძე - ერთი ზამთარი

ერთი ზამთარი,
ალბათ, იმდენს ვერაფერს იზამს, -
მოვა მეორე,
გადაბამბავს კუკიის მიწას;
მოვა მესამე, -
მეოთხეც და მეხუთეც მოვა, -
იქნება ქარი,
იქნება მზე, იქნება თოვა;
და, უცბად, ერთ დღეს,
გაზაფხულიც ხომ იტყვის მისას:
გაფაშფაშდება
და ჭურჭლისას ჩატეხავს ფიცარს...
ამასობაში, -
ათას დღიურ საქმეში ჩამხრჩვალს, -
კაცს მშობლის ბორცვი
მაინც ახსოვს, შოულობს სახსარს;
გაზაფხულია,
გამოსულა ფოთოლი ნორჩი,
ხედავს - რას ხედავს:
დაწეულა სამარხი ბორცვი;
ვაი, სირცვილო!

მურმან ლებანიძე - დაგრძელდა შემოდგომა, ზამთარი იგვიანებს

დაგრძელდა შემოდგომა, ზამთარი იგვიანებს,
საჩუქრად
ოქროსფერმა
დღეებმა
იკრიალეს...

არის ილუზია: ისეთი საღამოა, -
ზამთარი
საერთოდ,
საერთოდ
აღარ მოვა...

ღმერთო, მაპატიე, - ჭმუნვა განმიქარდა:
რაღაც
მიხარია,
რაღაც -
გამიხარდა.

მურმან ლებანიძე - ქვეყნის - ამდენი წყლულით

ქვეყნის - ამდენი წყლულით,
ვნებით - სახლის თუ ქუჩის,
უცბად - გვერდს იცვლის გული,
კვლავ შებრუნება უჭირს...

დაცვდნენ - წისქვილის ქვები,
დაჩნდნენ - ფესვები ბურჯის,
მაგრამ - ხომ იყვნენ წლები
გზნებით - ოცნების ლურჯის?!

ხომ - იბაგუნე უროდ
საქმისთვის - არცთუ ფუჭის?!
გმადლობ - დაღლილო გულო
და თქვენც - ნერვებო თუჯის!

მურმან ლებანიძე - "ფლოსტებში ფეხი წაჰყო"

ფლოსტებში ფეხი წაჰყო,
ხელ-პირი დაიბანა,
დღის ჩამოირეცხა
ჭვარტლი და ტალახი,
ივახშმა ჰაიჰარად,
საძილედ ემზადება
დაღლილი ქალაქი.

წყნეთიდან დავყურებ
სკას მილიონიანს -
ვარსკვლავთა მდინარეს
ხვალის დღე მოჰყავის -
ყურს ვუგდებ ქალაქის
წრიალს და ბორიალს,
ყურს ვუგდებ ქალაქის
ფშვინვას და ოხვრას.

მურმან ლებანიძე - თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ

"თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
რა გიგემია...

თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქნი
თუ ქალის კვნესა ყურთ არ გსმენია,
ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ
სხვა უკეთესი რა გიგემია...

თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არა გრძნობ
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს,
სხვა უკეთესი რა გიგემია...

მურმან ლებანიძე - მე თუ მკითხეს

მე თუ მკითხეს,
შენ თუ გკითხეს, ჩვენ თუ
გვკითხეს,
გვყავს ვინ, გვყავს ვინ, სხვა
უმეტეს ღირსეული!
აქ პონტისპირ, აქ გრანიტში
უნდა იდგეს
აზიიდან ევროპისკენ
მიქცეული!
იდგეს ბოსფორს და
დარდანელს გაჰყურებდეს,
არც ბრძენ-კაცად, არც
ცხენ-კაცად დაშტამპული,
რაღაც სულ სხვა, ახალ
დღეებს მსახურებდეს,
უსაშველოდ დიადი და
მასშტაბური!

მურმან ლებანიძე - ბულბულს მირჩევნია შაშვი

ბულბულს მირჩევნია შაშვი,
გალობს, ჩქარობს, ხარობს ბავშვი,
გულწრფელს ჩამოაგვირისტებს
უცებ, რაც მოუვა თავში.

ეს ბულბული მგალობელი
მხოლოდ თვალისმოკვრამდეა.
ღმერთი ჰყავდეს მწყალობელი და,
ცოტა არისტოკრატია.

ჰგონებს ულამაზესია,
სწავლულებით სხვა ჯიშია,
მხოლოდ მთვარიანში გალობს -
ნამეტნავად აზიზია.