ცაცხვებს აქვთ რაღაც ქალური,
შერხევა
სურნელი,
სინაზე,
ჭორები ფოთლების ხმაურით,
გუშინწინ რაც მოხდა იმაზე...
წვიმდაო,
წვიმდაო გუშინწინ,
დავსველდით ტოტიან, ფოთლიან,
თქვენ ცაცხვებს ოღონდ ნუ დაუშლით
და ამბებს ამბებზე მოთვლიან...
წვიმდაო,
წვიმდაო გუშინწინ,
უეცრად, სად იყო, სად არა,
იმ ბიჭმა,
ის გოგო,
სიცილით,
ჩვენს ქვემოთ გამოატარა.