Showing posts with label ანზორ აბესაძე. Show all posts
Showing posts with label ანზორ აბესაძე. Show all posts

ანზორ აბესაძე - მთვარე ღრუბლებში

ღრუბლებს აბოლებს რუხი მთის ერდო,
მიაქანავებს ცაზე ირიბად
და მოჩანს მთვარე, ვით ქალის მკერდი
ჩამოხეული გულისპირიდან.
ამაღამ ფიქრი არ დამეხსნება,
ვიბორგებ, როგორც ბორგავს ყვირილა;
ნაკადულივით ვიდენ ლექსებად,
გულში ჩამრჩება ირმის ყვირილი.
ამაღამ მინდა ზღაპრული ბედი
და... ღრუბლიანი ციდან ირიბად
ანათებს მთვარე, ვით ქალის მკერდი
ჩამოხეული გულისპირიდან.

ანზორ აბესაძე - იმერეთი

თეთრი ნისლივით ოცნება ბოლავს,
მდინარეები ისევ გიჟობენ;
შემოვლებია ზურმუხტის ზოლად
მწვანე ეზოებს ტირიფის ღობე.
ცის ლაჟვარდიდან მზე იხედება,
მზე იხედება კაცის გულიდან;
ფრთას ისწორებენ თეთრი გედები
და ოხშივარი ასდის ხნულიდან.
აქ ყველაფერში მზეა უთვლელი,
აქ ყველა გული მეოცნებეა...
და არსებობის მოკლე წუთები
მარადისობას ეფიცხებიან.

ანზორ აბესაძე - ამორძალები

ცისკარს მიუგავთ ნათება თვალის,
ოქროს ვარსკვლავებს _ მკერდი,
ხან მოსწონთ, ხანაც ადარდებთ ქალის
ამორძალური ბედი.
გააშიშვლებენ ხმალს და კივილით
გააღვიძებენ ველებს
და, მტრების ხელში გულის ტკივილით
იბანენ ლამაზ ხელებს.
ყველა მამაკაცს მტარვალად თვლიან,
მტარვალად თვლიან, თუმცა
ვერ ელევიან მოპარულ ტრფიალს _
გულში ქალურად უცემთ.
ელვას მიუგავთ ნათება თვალთა,
ნისლის თეთრ ქუდებს – ფიქრი
და, იკარგება სამეფო ქალთა
საუკუნეთა იქით...

ანზორ აბესაძე - შენი სურვილი შემოჰყვა წვიმას

შენი სურვილი შემოჰყვა წვიმას,
მოედინება, როგორც ლანქერი;
სულში ბავშვობის სიმშვიდე ბრწყინავს
და ლამაზია დღეს ყველაფერი.
შევუბოჭივარ ეჭვებს და ჭორებს
და ვერას მარგებ თვალთა სისველით,
დროზე გადასჭერ მახვილით თორემ
ვეღარ გაუძლებს მარყუჟს კისერი.

ანზორ აბესაძე - მთები ერთმანეთს ეჯახებიან

მთები ერთმანეთს ეჯახებიან
რქების ჯახანით, როგორც ჯიხვები;
მზეს სიხარულის ოხვრით ხვდებიან
და ცის სიყვარულს გულში იხვევენ.
ბრაზით უნგრევენ ერთმანეთს ზღუდეს
და როცა ბრძოლა დევებს ამკაცრებს,
ზეცა შუაში ჩაუგდებთ ღრუბელს,
ვით ქალი მანდილს ქართველ ვაჟკაცებს;
და სცილდებიან ერთმანეთს ისე,
როგორც ქარაფზე მდგარი ჯიხვები,
თვალს მოკრძალებით აპყრობენ მზისკენ
და ცის სიყვარულს გულში იხვევენ.