Showing posts with label მორის ფოცხიშვილი. Show all posts
Showing posts with label მორის ფოცხიშვილი. Show all posts

მორის ფოცხიშვილი - ვინ რა ინატრა

ჩიტმა-ცა, თევზმა-წყალი,
მგზავრმა-გზა, ცხენმა-ნალი,
ვირმა-ბზე, აფრამ -ქარი,
ტურამ-ტყე, მგელმა ცხვარი,
ჯამმა-რძე, ყველმა-პური,
ვაზმა-მზე, გულმა-გული,
მე კი შენ!..

მორის ფოცხიშვილი - შეცდომა

რა ხდება, დღესაც არ ვიცი,
ხშირად მეშლება, ვხედავ, -
დედას ბებიას ვეძახი,
ბებოს ვეძახი დედას!

ორივე საყვარელია,
ორივე მიყვარს მეტად, -
დედა ბებია მგონია,
ბებო მგონია დედა!

მორის ფოცხიშვილი - ნადირობა

ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის, _
ავფრინდები და...
ვაიმე...

მორის ფოცხიშვილი - ცა უსასრულო

ცა უსასრულო,
ზღვა უნაპირო,
გზა - ატლასივით გლუვი გემბანი.
მოგიგონებდი, მაგრამ ვაი, რომ
აყვირდებიან მოგონებანი.
შეაშფოთებენ იელებს ძილში.
დააღვიძებენ სიზმრებს, ვით ბავშვებს,
დააფეთებენ დაბორკილ რაშებს,-
ვაით და ვიშით,
ვაით და ვიშით...
მოგიგონებდი,
კვლავ რომ არ მქონდეს,
აწ დაკარგულის დაკარგვის შიში.

მორის ფოცხიშვილი - უნდა ითქვას, რაც ნამდვილად სათქმელია

უნდა ითქვას, რაც ნამდვილად სათქმელია,
აგროვებს და აგორავებს ზღვა კენჭებს, -
ამ ჯგლეთაში ვინც ძალიან ჯანმრთელია,
რა ვქნა, მისი ჯანმრთელობა მაეჭვებს.

ეს ცხოვრება წვა თუა და მეწყერია,
მაინც ჩვენი ცხოვრებაა ამჯერად, -
საწუთროში ვინც ძალიან დღეგრძელია,
რა ვქნა, მისი არაფერი არ მჯერა.

გვცდიდა სფინქსი...
დრო ტაატით გადიოდა...
მაგრამ იგავს ვინ ხსნის ასე მარტივად, -
როგორ მოხდა, არაფერი არ გტკიოდა,
როგორ ხდება, არაფერი არ გტკივა.

მორის ფოცხიშვილი - ყველას ასე ეგონა

როცა იბადებოდა, ტიროდა თუ მღეროდა,
ყველას ასე ეგონა, უფლისწულად ჩნდებოდა.
როცა იბადებოდა და სიცოცხლით თვრებოდა,
ბევრს ნამდვილად სჯეროდა, ბედს რომ არ ასცდებოდა.
იღბლიანი ვარსკვლავი ინთებოდა, ქრებოდა,
ყველას ასე ეგონა, ცეცხლი არ ჩაჭკნებოდა.
იბრძოდა თუ იწვოდა, როცა ცარგვალს წყდებოდა,
ყველას ასე ეგონა, ტყვია არ მოხვდებოდა.
რწმენა უკვდავებისა ვიდრე გულში რჩებოდა,
ბევრს ეგონა, სიკვდილი მას არ შეეხებოდა.

მორის ფოცხიშვილი - სულ ორად ორი სიტყვისათვის

სულ ორად ორი სიტყვისათვის
დავთმობდი ახლა
და დავტოვებდი ყველაფერს უცებ.

ვიყიდდი ბილეთს, -
უკანასკნელი მატარებლით
ჩავიდოდი სოფელში მშვიდად...

გადავირბენდი მწვანე კოინდარს,
სულმოუთქმელად შევაღებდი
ძველებურ ჯარგვალს,
რომ კიდევ ერთხელ გამეგონა:
„მოხვედი, შვილო?“

მორის ფოცხიშვილი - ის ცა, ის მზე...

ის ცა, ის მზე,
ის მიწა და
ის მაცდური ჟამი,
მე რომ მღრღნიდა,
მე რომ მშლიდა,
ბადაგოვან შხამით;
ის საუფლო,
ის ბილიკი,
ის ცრემლივით ნამი, -
ერთის წუთით დამასიზმრეთ,
კიდევ ერთის წამით!
იმ ბადეში,
იმ მორევში,
სულს რომ ვლევდი ლამის,
ერთის წუთით ჩამაბრუნეთ,
თუნდაც ერთის წამით!

მორის ფოცხიშვილი - "ყველაფერს ნუ ამისრულებ"

ყველაფერს ნუ ამისრულებ,
ნუ გამიმეტებ, ღმერთო!
მე მირჩევნია ჩემს მაგიდაზე
ნატვრის ლამპარი ენთოს,
ვიდრე ნატრული ბედით კმაყოფილს,
ნატვრა არ მქონდეს ერთობ...

გემუდარები, ყველაფერს
ნუ ამისრულებ, ღმერთო!

მორის ფოცხიშვილი - ყველა დაკარგულს დაეძებს

"ყველა დაკარგულს დაეძებს
და უნებურად ჰკრგავს
მას, რაც საკუთრად მისია
რითაც არავის არ ჰგავს.

არავინ იცის, სიკვდილი
ვის სად მოუქნევს ნამგალს, -
ყველა საკუთრად მიითვლის
მიწას, სამარეს, სანგარს.

მას, რაც საკუთრად მისია,
რითაც არავის არ ჰგავს, -
ყველა დაკარგულს დაეძებს
და უნებურად ჰკარგავს"

მორის ფოცხიშვილი - ვინც ამ გოგოს გააცინებს

შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინც მისწვდება _ მისია,
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია...
ეს ცხოვრება ასე არის,
ის ცხოვრება ისეა.
_ ეს მანდილი ვისი არი?
_ ეს ჩანგური ვისია?
_ ეს ხომ ჩემი დისი არი...
_ ეს ხომ ჩემი ძმისია!
ვკისკისებდით მალხაზები,
დარდი გვქონდა რისია?!
თურმე დასასრული იყო,
მე ვთქვი _ დასაწყისია.
როგორ გაჰქრა სიყმაწვილე,
ვეღარ ამომიხსნია.
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინ გაიგოს, ვისია?
ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!
ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს,
ვინც აკოცებს _ მისია.
ეს ცხოვრება ასე არი,
ის ცხოვრება ისეა.

მორის ფოცხიშვილი - სანთლის ფრთებივით ჩამომსხვრეული

სანთლის ფრთებივით ჩამომსხვრეული
წლები გზებად და გზები გედებად,-
თანდათანობით დნება სხეული
და სული შუქად სახიერდება...

ვიცი,წვას ვერვინ გამიადვილებს,
მაგრამ არ ვიცი,სულაც რა მომდის,-
თანდათანობით უნდა წავიდე
და შენთან დავრჩე თანდათანობით.

ო,არ გეგონოს,რომ მხრებს ვასვენებ
და თეთრ ჩეროში თოვლს ვეფიფქები,-
ის რაც მე არ ვარ,არ იარსებებს,
რაც იარსებებს,არც ის ვიქნები.

დარდით ივსება ბედის რვეული,
ღამე იწვის და გული ჩერდება,-
თანდათანობით დნება სხეული
და სული შუქად სახიერდება.

მორის ფოცხიშვილი - გახსენება

`როცა ვიტყვი `ი~
მაშინ გამო...დი!~
ბალღური

თითქოს გუშინ დასრულდა
შინ და გარეთ, შინ,
ჭრელკაბიან ასულთან
თა...მა...ში...

`ენკი, ბენკი, სიკლისა~,
ენკი, ბენკი, და, _
დღენი სიყმაწვილისა
გა...ვი...და.

მორის ფოცხიშვილი - გაჰქრა, წავიდა...

რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა,
რაც არ გამქრალა, ქრება,
ქრება, რომ მერე თავიდან
კვლავ მოგვევლინოს ვნებად.

რაც მიდის, მიდის, რაც არა,
რჩება უბრალოდ, რჩება,
რჩება ის, რაც არ დამწვარა,
რაც არ გაშლილა ფრთებად.

რაც მოდის, მოდის დროულად,
მოდის, მოჰყვება ნამქერს,
მოდის ის, რაც არ მოსულა,
რომ მოვიდეს და გაჰქრეს.

მორის ფოცხიშვილი - "ტირიფო, ტირილით გაგაკვირვებ"

ტირიფო, ტირილით გაგაკვირვებ,
რა გითხრა მტირალა ტირიფს, -
მე თვითონ არ ვიცი, რა მატირებს,
მგონია ტირი და ვტირი.

როგორც მონადირე ნანადირევს
დრო გვყოფს... ჭირვეულობს ჭირი...
მე თვითონ არ ვიცი, რა მაყვირებს,
მგონია ყვირი და ვყვირი.

თენდება იჭვის და დარდის დილა,
რას მერჩი, რა გინდა, ქარო, -
მე თვითონ არ ვიცი, სად მივდივარ,
მგონია ჩქარობ და ვჩქარობ.

მორის ფოცხიშვილი - გაქცევა

ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს.
და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს,
ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს,
უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა,
რატომღაც მარტო დარჩენა გსურს,
რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც,
გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს...

მორის ფოცხიშვილი - ჭიქა საუბარი

ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის,
უბრალო ნდობა, -
და მაინც შევხვდით...
სისულელე ყოფილა მტრობა!

სულ ერთი ჭიქა საუბარი
კმაროდა გზნებით,
რომ ერთმანეთში გვეპოვა ძმები.

დრო დროს ედავა,
ცა გაეხსნა სასურველ სურვილს.
მაინც ერთად ვართ, -
სისულელე ყოფილა შურიც!

მორის ფოცხიშვილი - ქვაზე ამოკითხული

ვაი შენ, წუთისოფელო,
დაგცადე ათასფერადა, _
შორით დაგიდექ,
შორიდან
არა, არ ღირდი ცქერადა,
ახლოს მოველ და
დამდაგე,
გამხადე დღეთა წერადა,
გავიქეც, გამომეკიდე,
გზა მომიქციე მტვერადა.

ცეცხლად მეკიდე,
მე კიდევ
დარდი ისედაც მკვერავდა,
ვერ იქნა, გაგსწორებოდი,
ვერ იქნა, აუჰ, ვერა და...
კლდე იყავ,
კენჭიც არ გქონდა
მოსარყევ-მოსამტვრევადა.

მორის ფოცხიშვილი - ქარი

მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა
ჩემი სახელი, ქარო?
შენ ჯერ ბავშვი ხარ
და მეშინია,
არ შემიყვარო, ქარო.
მე მეშინია, არ მოიხიბლო
ამ დამსხვრეული ფრთებით,
ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,
ღელვით, წუხილით, გზნებით...
წადი, იქროლე,
ძლიერ ბევრია,
ვინც ჩემზე უკეთ გალობს,
რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია,
ო, აქ რა გინდა ქარო?!
სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც...
ცხოვრება მათთვის
საპნის ბუშტია,
შენ თუ დაჰბერავ, ქარო.
მე კი უხედნელ, ველურ რაშებით
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,
სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,
არ შემიყვარო, ქარო... !

მორის ფოცხიშვილი - აღმოჩენა

წყალს ვითხოვდი,
ცხრა მთას გადმოდიოდა,
ჩემს მკლავებში
ნაკადულად დიოდა,
სულ სტკიოდა
თურმე რაც მე მტკიოდა,
ჭრილობაზე
მეღვრებოდა იოდად...
არ მტოვებდა.
როცა სხვები მტოვებდნენ,
ხორცს იგლეჯდა,
ოდეს სხეულს შიოდა,
სულს მითბობდა,
ალბათ გრძნობდა,მციოდა,
იწოდა და
ნაპერწკლები სცვიოდა.
ჩემთვის დუღდა,
მწიფდა,როგორც ვენახი,
ერთი იყო,ორად არ გაყოფილა,-
მახსოვს,ადრე
ღვთის წყალობას ვეძახდი,
ახლა ვამბობ:
სიყვარული ყოფილა!