მე დავამთავრე ბრძოლაც და ომიც,
მე დავამთავრე სულის წვალება.
ვხედავ სამყარო საომრად მოდის
და მე ვიგემე გარდაცვალება.
მე ენაზე ვგრძნობ სულის სიკვდილის
და დამარცხების ამაზრზენ გემოს.
სისხლი ისე მდის ფეხის გულიდან,
თითქოს ეკლიან ტრამალზე მევლოს.
მე დავამთავრე სიკეთის ძებნა,
ჩემგან სიკეთის კეთებაც მორჩა.
მე დავამთავრე ვედრება ღმერთთან,
მათი მოსმენაც ვინც დღემდე მმოძღვრავს.
მე დავამთავრე წრფელი ღიმილი,
გზები მოვჭერი ჩემსკენ სავალი.
დამთავრდა ჩემი სულის კივილი,
ჩამოვიშორე ყველა მტარვალი.
მე გავიცანი ყველა თქვენგანის
სული და ხორცი სიღრმისეულად,
მაგრამ ზოგიერთს სული არ ჰქონდა
და სისხლი ღვარძლად ამომღვრეულა.
მე შევიგრძენი ქვეყნად ყოველი,
სიკეთე, სიბრძნე, თვით ბოროტებაც
და მე დღეიდან რკინის გულით ვარ,
სხეულში მიზის ქვის ქანდაკება.
გუშინ ვიყავი, თბილი და სათნო,
განა ურჩხული... ადამიანი...
ყველა თქვენგანით და ამ ცხოვრებით,
დღეს სამუდამოდ დავნაგვიანდი.
Melano Zukakishvili - Nagvis Gemo
მელანო ზუკაკიშვილი - ნაგვის გემო
როგორ მეცნობა, კარგი სიტყვებია. არ დაიკარგო საქართველოსთვის.
ReplyDelete