სუნი ავარდა უმადურების,
ამპარტავნებამ დაისადგურა.
იმედის ჯარის ბოლო მარშალი
დღეს ნატყვიარი კვნესის აწყურთან.
მთავრდება ჩემი სიცოცხლის ჰიმნი,
ბედნიერებას სისხლში ახრჩობდნენ.
ახლაც არ ვიცი, თუ რისთვის ვიბრძვი,
წრფელი სიტყვისთვის ასჯერ ჩამქოლეს.
ასჯერ მესროლებს სიტყვით გესლი და
მეასედ ვიკრებ ძალას კვდომილი.
ყურს მაინც მხოლოდ ლოცვა ესმის და
კვლავ წამოვდგები ძირს დამხობილი.
ბრბო შეერია სატანურ მეჯლისს,
ადამიანებს მართავს თვით ეშმა.
იუდა ჩუმად ტყვიასაც მესვრის,
გადამარჩინა რამდენჯერ ღმერთმა.
ვგრძნობ აღარ მესმის ენა ამ ხალხის,
ერთს ამბობენ და ფიქრობენ სულ სხვას.
გული ატირდა დარდით - განა წვიმს,
სამყარო ჩემს სულს მუშტებსაც ურტყამს.
ნდობა მოვკალი ჩემი ხელებით,
უკვე ტკივილს და სევდასაც ვერ ვგრძნობ.
გაქცევა მინდა, ფრთებს ვერ ვერევი,
იმედად შენღა შემომრჩი, ღმერთო.
Melano Zukakishvili - Meased Vikreb Dzalas Kvdomili
მელანო ზუკაკიშვილი - მეასედ ვიკრებ ძალას კვდომილი
No comments:
Post a Comment