ასე მგონია, თითქო ვხედავდე,
რომ უზარმაზარ კოლხიდის ბაღებს
სამი წლის შემდეგ ქართველი ხალხი
აღფრთოვანებით შეაღებს კარებს.
გადაშლილია თვალმიუწვდენი,
უსაზღვრო სივრცის ციტრუსის ბაღი,
ზღვას გადულახავს თავის ზღუდენი
და ცასთან ერთად შეუკრავს თაღი.
ამდენი ნერგი რა ხალხმა დარგო,
ვინ შეარჩია ფერად ხეხილი.
ამ დიდ ხეებზე როგორ მოარგო,
ვაზი ულვაშებგადაგრეხილი?
ჩერქეზ მინდორზე შავი ზღვის ნისლად
ჩამდგარან ჩაის აქ ჩარდახები,
მართლა ღირს კაცის ნახვად და მოსვლად,
როგორ მოეხსნა ხალხს არტახები!
ჩერქეზის ქალებს, ოდიშელს, აფხაზს,
ერთად გაუბამთ დური ფერხული,
დიაცის შრომას ვინ გაიკვირვებს
ანდა რითაა ეს უხერხული.
გასინჯეთ ყველა კარაბადინი,
გაყვითლებული ყველა ეფუთი,
ვის უწერია: ხილთა ქებაში
ფეიხოია და გრეიფრუტი.
ზღვა ვარაყშია, როგორც კანკელი,
გიკვირს, ტალღებში არ იყურები,
და ანათებენ, როგორც კანდელი,
მანდარინების მალაღურები.
გამოუჭრიათ თითქო ფლორიდა
ცა-დედამიწის დიდი ნოხიდან,
ჯერ კიდევ ბავშვი, თავის გორიდან
სიბრძნეში სჭვრეტდა ახალ კოლხიდას.
მოაქვთ კალთებით, მოაქვთ გიდლებით,
შქერის გოდრებით, ჩელტის ურმებით,
მოსავლის ხვავით ნუ გაკვირდებით,
და აღებასაც ნუ ეხუმრებით.
წავა აქედან ვლადივოსტოკში,
გასავლელი აქვს გზა ტაიგამდე,
ფორთოხალია, ვაშლი თუ კომში
მიაღწევს მუშის ვრცელ მაგიდამდე.
დგას მშრომელების ჯარი მამაცი,
ყველა ოფლს იწმენდს - ქალი და კაცი,
რომ გაიტანოს ეს დიდი ლელო,
მუდამ ჰყვაოდეს ეს საქართველო...
Tician tabidze - Ase mgonia titqo vxedavde
No comments:
Post a Comment