ტიციან ტაბიძე - ლექსი მეწყერი

მე არ ვწერ ლექსებს-ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს..

მე დავიბადე აპრილის თვეში-
გაშლილ ვაშლების ყვავილებიდან
მაწვიმს სიცოცხლე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან..

აქედან ვიცი-მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ-ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს მეყოფა გამოსარჩლებად.


იტყვიან ასე-იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი,
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ წარუდგია არცერთი ბიჯი,

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა..

მე არ ვწერ ლექსებს-ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს!..

Tician Tabidze - Leqsi Mewyeri
ტიციან ტაბიძე - ლექსი მეწყერი

No comments:

Post a Comment