მურმან ლებანიძე - ბულბულს მირჩევნია შაშვი

ბულბულს მირჩევნია შაშვი,
გალობს, ჩქარობს, ხარობს ბავშვი,
გულწრფელს ჩამოაგვირისტებს
უცებ, რაც მოუვა თავში.

ეს ბულბული მგალობელი
მხოლოდ თვალისმოკვრამდეა.
ღმერთი ჰყავდეს მწყალობელი და,
ცოტა არისტოკრატია.

ჰგონებს ულამაზესია,
სწავლულებით სხვა ჯიშია,
მხოლოდ მთვარიანში გალობს -
ნამეტნავად აზიზია.

შაშვს სასწავლად სად სცალია,
მისი ჰობი წანწალია -
ფრანსუაა, ვიიონი -
თავისთავად ნასწავლია.

ბულბულს მირჩევნია შაშვი,
ბულბულს მირჩევნია შაშვი!
გინდა ეკლის შტოზე დასვი,
გალობს, ჩქარობს, ხარობს ბავშვი,
ისეთს ჩამოაგვირისტებს,
ას წელს არ მოგივა თავში!

Murman Lebanidze - Bulbuls Mirchevnia Shashvi
მურმან ლებანიძე - ბულბულს მირჩევნია შაშვი

No comments:

Post a Comment