მუხრან მაჭავარიანი - კარგი დღე

წკრიალებენ ტოროლანი.
მხიარულობს წყარო.
შრიალია,
ვერხვის,
კაკლის,
ვაშლის,
ცაცხვის,
მუხის...
ერთი სიტყვით:
ყველაფერი,
ყველაფერი ხარობს, -
აქაო და...
განთიადის გვეწვიაო შუქი.

ბრუნდებიან წისქვილიდან დატვირთული ურმით.
ამოძრავდნენ ვებერთელა ტრაქტორები ველად.
გაიპარნენ ვარსკვლავები ჩუმად, ჩუმად, ჩუმად.
შემოდგომა უხარია ყველაფერს და ყველას.

არემარეს მზის სხივები მოეფინა უხვად.
მზისთვის გზა რომ დაეთმო, -
მთვარემ კეთილ ინება.
ვერხვმა,
ცაცხვმა,
კოპიტმა,
ტირიფმა და მუხამ
ბალახებზე ხელამოდ დაალაგეს ჩრდილები.

ფეხზე დადგა სოფელი.
აიკეცა კალთები.
ტაფობია შუაში.
ქედებია გარშემო.
ყმაწვილები სკოლისკენ იჩქარიან ჩანთებით.
- გამარჯობათ, ბავშვებო!

მოწანწკარებს ლაშურა.
იღვიძებენ ჭალები.
სიხარულით სავსეა
პოხიერი გარემო.
სიმინდს ტეხენ ვენახში კოლმეურნე ქალები.
- გამარჯობათ, ქალებო!

იღებს თავის ნაოფლარს
ხალხი - მხნე და გამრჯელი.
მთვარეს ფერი ეცვალა.
მზე ფანჯრებში იჭრება.
ზვინებს დგამენ კალოზე მკლავმაგარი ვაჟები.
- გამარჯობათ, ბიჭებო!

გამოდიან ეზოში ნაირფერი ქათმები.
კრუხი უხმობს წიწილებს
(ცანს, რაღაცა იპოვნა),
ყიპყიპებენ იხვები,
ყიყინებენ ბატები,
იცოხნიან ღობესთან ქორენა და ნიკორა.

გამობრძანდა მამალიც.
დადგა.
კოპნი შეჰყარა.
და
გარემოს ისეთი სიამაყით გაჰხედა, -
უმადლოდეს უნდა მას თითქოს მთელი ქვეყანა, -
რომ
ასეთი კარგი და მზიანი დღე გათენდა.

Muxran Machavariani - Kargi Dge
მუხრან მაჭავარიანი - კარგი დღე

No comments:

Post a Comment