მუხრან მაჭავარიანი - მდინარენი არგვეთის ახლომახლო

დილით
ეზოდან
გამოვიდა შარაზე ვინცა
და თუნგით ხელში
გაემართა წყაროსკენ მარდად,
გადმოიტანა
ვინც ბოსტნიდან
კამა და ქინძი;
ეს იყო კატო,
პელაგია,
მაკა თუ მართა, -

ახლა ისინი -
ღამეა და...
ტახტებზე წვანან.
ნაჭრის საბნებზე
ნორჩი მთვარე თამაშობს ჭადრაკს.
საყურეებად გაუყრიათ
სამყურებს ცვარი.
ჭასთან დუმილის ეშინია
პატარა ჭადარს.

მდინარენი კი...
დიან,
დიან,
დიან და დიან...
არის ღამე თუ არის დილა
ეს სულერთია!

წვიმამ გადაიღო...
აღფრთოვანდა ერთბაშად ყველა,
ტრიალ მინდორზე
ნაკადულად განერთხო ელვა,
შავი მერცხალი
აივნიდან გაიჭრა ველად,
მერცხალს -
ყვავილთა თაიგული
მიართვა ველმა.

ჟრუნა ქათმები,
აბუზულნი ქლიავის ძირას, -
ერიდებოდნენ
კოკისპირულს
რომელნიც წვიმას,
წვიმამ გადიღო თუ არა,
მყისვე -
პეპლებს დასდევენ,
წინ და უკან
იწვდიან კისერს.

მდინარენი კი...
დიან,
დიან,
დიან და დიან...
არის დარი თუ არის წვიმა -
ეს სულერთია !

ვინც შარშან ამ დროს
მიაბარა სამარეს მამა,
ვისაც კარგა ხანს უგრძელებდა
წამწამებს ცრემლი,
ამჟამად იგი
ღვიძლი შვილის დაჰხარის აკვანს,
პაწაწკინტელას
ახლა
ქოჩორს უვარცხნის ხელით.
მდინარენი კი...
დიან,
დიან,
დიან და დიან...
არის ჭირი თუ არის ლხინი -
ეს სულერთია.

Muxran Machavariani - Mdinareni Argvetis axlomaxlo
მუხრან მაჭავარიანი - მდინარენი არგვეთის ახლომახლო

No comments:

Post a Comment