კომბაინერი თამბაქოს ახვევს.
გაჩერებულა ტრაქტორი აქვე.
აქ ბერიკაცი ღობესა ღობავს.
ლივლივებს ოდნავ ბალახი ქორფა.
მოლზე გულაღმა წევს გლეხის ბიჭი, -
ამოუდვია ხელები თავქვეშ.
მისჩერებია კრიალა ზეცას.
ჩუმი სიამით უბრწყინავს სახე.
ჰაერი - თბილი დუმილით სავსე -
მძიმე ქსოვილის სილბოთი იძვრის.
სძინავს ნაცრისფერ ბეღურას სარზე,
გამდგარა ირგვლივ სურნელი მიწის.
. . . . . . . . .
შორს, ამ მდუმარე მინდვრების იქით,
გორისის გზაზე მანქანა მიჰქრის.
. . . . . . . . .
კომბაინერი თამქაბოს ახვევს...
მცენარეები მიცქერენ მშვიდად.
შეექცევიან ალორთქილ მწვანეს
დარბაისელი წაბლა და შვინდა.
სძინავს ნაცრისფერ ბეღურას სარზე.
მესმის მანქანის გუგუნი შორი.
ავხედავ ზეცას. დავხედავ მიწას.
ვიტყვი: -
სიკვდილი
ჭორია,
ჭორი!
Muxran Machavariani - Vityvi!
მუხრან მაჭავარიანი - ვიტყვი!
No comments:
Post a Comment