მუხრან მაჭავარიანი - სისხლი და თოვლი

თოვლს გვახარბებენ
აღწეული ცამდე ქედები,
ვერ იქათქათებ,-
თუ არა ხარ თურმე მაღალი,
გასაკეთებლად
წინა წლებში გაუკეთებლის! -
ვით არაერთხელ, -
წელი დადგა
წელსაც ახალი.
წრიალებს რწმენა , -
მარად მწვანე,
როგორც კედარი.
მიზნის ფეხებთან
წინაპართა ჰყრია ფარ-ხმალი.
შესამოწმებლად
წინა წლებში განაკეთარის! -
ვით არაერთხელ, -
წელი დადგა
წელსაც ახალი.
აღმოფხვრილიყოს
ბევრი რამე, - ჯერ კიდევ მყოფი.
რაც ჯერ არ არის, -
ბევრი რამე გვეხილოს მათგან.
არ დაგვეზოგოს
იმისათვის სისხლი და ოფლი! -
წელი ახალი,
ერთი სიტყვით,
რისთვისაც დადგა.

Muxran Machavariani - Sisxli Da Tovli
მუხრან მაჭავარიანი - სისხლი და თოვლი

No comments:

Post a Comment