მუხრან მაჭავარიანი - ზღვიდან ამოდის ხოლმე ამ დროს რუსთველის ლანდი

თუმცა ზოგისთვის ეს ცხოვრება ავბედითია,
ჯერ კიდევ ბევრგან, სამწუხაროდ, ისმის: - ვაიმე!
ადამიანის დღეს აღმასვლა ისე დიდია, -
ძნელია, შესძლო, გაოცების გარდა, რაიმე.

მნიშვნელოვანი, ღირსეული და თვალსაჩინო -
ჩემშიც გროვდება ყველაფერი, რაც ხდება ირგვლივ...
ენამზეობა თუ ოდესმე იყო საჭირო,
ყველაზე მეტად საჭიროა ამჟამად იგი.

მოგზაურობა გამიგია ქვეყნის გარშემო,
მიღწევაც ვიცი არაერთი ჩვენი თუ სხვისი,
ვიცი:
არსებობს ტელეფონი,
არის რადიო,
ტელევიზორიც,
ელექტრონიც
არსებობს, ვიცი,

მაგრამ...
მთვარისკენ, ვესპერისკენ აღება გეზის, -
რაც მართალია - მართალია -
პირველად მესმის!..

- ვინ? ჟიულ ვერნი? წაგვიკითხავს,
ჩვენც ვიცით იგი,
მაგრამ დღეს არა
ფანტაზიის უნარი გვიკვირს,
არამედ
ფაქტი,
სინამდვილე,
ხორცშესხმა ფიქრის,
თანამედროვის
ცათასწორი გონება ქველი,
ფაქტი -
დღე-დღეზე,
აგერ-აგერ,
რომელიც გველის.

ეს ყველაფერი პროლოგია, პროლოგი, ვიცი...
გასაოცებლად
რაც გაკეთდა, -
მყოფნიდა ისიც...
ძველ საოცრებას ეს ახალიც დაერთო ახლა,
და...
აღარ ვიცი,
აღარ ვიცი,
ღმერთმანი,
რა ვქნა!

- ან გამოხადე ეპოქა შენი,
ანდა წერაზე აიღე ხელი!
ამოირჩიე ორიდან ერთი! -
სხვა გზა არც იყო,
არც არის შენთვის! -

აქედან მესმის, იქიდან მესმის,
დაბლიდან მესმის,
მაღლიდან მესმის...
ვაპირებ კიდეც...
ჯიუტობს ლექსი...
- ახ, მთვარევ, მთვარევ! -
ვიღაცა მღერის,
რჩეულიშვილის გამოდის ლანდი,
ყაბაღის ღამე...
ამბორი ხელის...
ბაკენბარდები და ექსელბანტი...
ცაში კი მიჰქრის თანამგზავრი,
მიჰქრის და მიჰქრის...
ტრამვაის ხაზი,
რკინიგზის ქსელი,
ვით ნერვიული სისმტემა ჩემი...
სკრეპერით, ლიფტით,
სპიდომეტრით -
სავსეა ფიქრი...
ვიზრდები, როგორც მომავალი შორიდან გემი.

ვგრძნობ:
ბევრი გრძნობა დავკარგე ძველი,
ვგრძნობ:
ვიძენ გრძნობებს - სრულიად ახალს.
-ახ, მთვარევ, მთვარევ! -
კვლავ ვიღაც მღერის, -
ვიცინი, მივქრი
მაღლა,
სულ მაღლა.

მივქრი და მივქრი მაღლა და მაღლა, -
დედამიწიდან სულ ღარ ვჩანვარ, -
პატარავდება მიწაზე ალვა,
პატარავდება დიდრონი მთები,
ვადიდებ -
ეს გზა ვინც დამისაგნა...
პატარავდება,
პატარავდება...
და...
დედამიწა სრულიად გაქრა.

მანიჭებს ლხენას,
უსაზღვრო ლხენას,
რაც თვალწინ ხდება
და, რასაც ვხედავ, -
ტანს ვატან ლურჯი ჰაერის რხევას,
და...
სიხარულში ურევია პატარა სევდაც...

ვხედავ:
გაშლილა ზღვათათანა სამშობლო ჩემი, -
თავის აპრილით, მკათათვით და იანვარითურთ.
ისე მცირეა აქედან ის,
ზღვა ისე ვრცელი, -
ვშიშობ,
ვწრიალებ,
ვერ ვისვენებ,
ვფიქრობ:
- ვაითუ!..

ზღვიდან ამოდის ხოლმე ამ დროს
რუსთველის ლანდი,
ამოდის ლანდი -
ფერთა სამთა მახარობელი,
ამოდის ლანდი,
ამოდის და...
ეს ის ლანდია -
არის რომელიც,
ჭეშმარიტად არის რომელიც -
ქართული სიტყვის უკვდავების
მძლე გარანტია!

Muxran Machavariani - Zgvidan Amodis Xolme Am Dros Rustvelis Landi
მუხრან მაჭავარიანი - ზღვიდან ამოდის ხოლმე ამ დროს რუსთველის ლანდი

No comments:

Post a Comment