— მუხრან! — ვეკითხები საკუთარ თავს, —
გახსოვს?! —
შენ როცა პატარა იყავი:
— ექიმი მოვაო! — მამიდამ თქვა
და,
მართლაც, უეცრად გაიღო ჭიშკარი...
ეზოში შემოვიდა ლამაზი ქალაქელი.
გასინჯა დედაშენი.
იხუმრა.
გააცინა,
ხელები გადიბანა.
მამიდა გაამხნევა,
გამოგემშვიდობათ.
ბაბუამ გააცილა.
დაღამდა.
შენ დაწექი და დაიწყე ოცნება:
როცა გავიზრდები, —
ლამაზი ვიქნები მეც.
ვიქნები მეც ექიმი.
და,
დედა როდესაც ცუდად შეიქნება, —
მამიდას
აღარ დასჭირდება სხვაგან სირბილი:
მე თვითონ მივხედავ დედას.
გადვიბან ხელებს,
გავამხნევებ მამიდას;
მე ბაბუა შემომთავაზებს პაპიროსს,
როგორც შესთავაზა იმ ექიმს.
— გმადლობთ,
არ ვეწევი, მაგრამ თქვენი ხათრით, —
ვიტყვი მე,
როგორც იმ ექიმმა თქვა
და
გავაბოლებ მე,
როგორც გააბოლა იმ ექიმმა.
დიახ! —
გავიზრდები თუ არა, —
მეც უსათუოდ ,
უსათუოდ ექიმი ვიქნები.
დილით შენ შენი ნაფიქრალი დედას უამბე.
ეამა დედას:
— აბა, შენ იცი, შვილოო! — გითხრა.
გავიდა ხანი.
დღეს შენ უკვე ვაჟკაცი ხარ.
შენ არა ხარ ექიმი.
ლექსებს წერ შენ
და მე გეკითხები შენ:
— რატომ გააწბილე პატარა მუხრანი?!
Muxran Machavariani - Ratom?!
მუხრან მაჭავარიანი - რატომ?!
No comments:
Post a Comment