მუხრან მაჭავარიანი - ორი სტუდენტი

ოცი წლის წინათ,
არ მესმოდა სიბერე როცა,
(ხეირიანად, კაცმა რომ თქვას,
არც ახლა მესმის,) -
გამოვაქვეყნე
ოდეს სულხან-საბაზე ლექსი:
ორი სტუდენტი, -
ერთი სვანი,
ერთი იმერი, -
ამ ლექსის გამო
თქმა მადლობის
 გულით რომ სურდათ, -
გამიმასპინძლდნენ,
მახსოვს,
თითო ნოღრათო ლუდით,
(სვანთან რომ ვიდექ, -
მაშინ თოვდა,
იმერთან - წვიმდა)

რამდენი ტაში მიმიღია
მაშინაც,
მერეც,..
რამდენ სუფრაზე
თქმულა ჩემი გულწრფელი ქება,
მაგრამ ვერაფერს
სტუდენტების იმ გულის ძგერას,
იმ ლუდს,
იმ ღიმილს,
ვერ ვადრი და, -
არც შეედრება

Muxran Machavariani - Ori Studenti
მუხრან მაჭავარიანი - ორი სტუდენტი

No comments:

Post a Comment