მელანო ზუკაკიშვილი - იმედისფერი

დაბრუნდებიან, უსათუოდ დაბრუნდებიან,
სიშორის ნისლში მიმალული თეთრი მტრედები.
ეს ოცნებებიც სათითაოდ ასრულდებიან,
მე რწმენისა და იმედების ფერებს ვნებდები.

ამღერდებიან, უსათუოდ ამღერდებიან,
არ მოიკლავენ თავს ამაღამ, თეთრი გედები.
გაქროლდებიან, ეს ეტლებიც გაქროლდებიან,
იშრიალებენ სიხარულით თეთრი ვერხვები.

გათოვდებიან, ფანტელებად გათოვდებიან,
შეხვედრის ელდით წამოსული თბილი ცრემლები.
არ მოკვდებიან, არასოდეს არ მოკვდებიან,
ჩვენი ცხოვრების ტკბილზე-ტკბილი მოგონებები.

აჟღერდებიან, სიყვარულზე აჟღერდებიან,
ბედის თავნება, მოელვარე ოქროს სიმები.
კვლავ აღსდგებიან, იმედებად კვლავ აღსდგებიან,
ეს სევდისფერი, დარდიანი ჩემი ლექსები

და დაბრუნდება სამყაროში იმედის სხივი,
ყველა ვიპოვით იმ სინათლეს, რასაც ვეძებდით.
ისევ გვაჩუქებს მზე საოცარ სითბოს და ღიმილს
(და კვლავ მომავლის მოლოდინში, აწმყოს ვნებდებით).

Melano Zukakishvili - Imedisferi
მელანო ზუკაკიშვილი - იმედისფერი

No comments:

Post a Comment