მელანო ზუკაკიშვილი - ფიქრით დაორთქლილი

ისევ ცივი, ბანალური ლექსები და
გრძნობებისგან გაწურული ემოცია.
პლებეები ჩემს ნაფიქრალს ვერ ხვდებიან,
მუზამ ისევ შუაღამეს შემომცინა.

როგორ მზარავს ამ სიტყვათა ფორიაქი,
გარითმული აზრებიდან სისხლის დენა.
დარდს ვერ ჰკურნავს ერთი ჭიქა კონიაკი,
მისი უტყვი მკურნალია მხოლოდ რწმენა.
   
ყინვისაგან ჩამომსხვრეულ ჩემს სარკმელზე
მომაკვდავი მზის სხივები ასვენია.
ეს წამები ცხოვრებისთვის დროს მართმევენ,
ან ეს ღამის დარაჯები რას მერჩიან.

სასთუმალთან ჩამოჰკრავენ სევდის ზარებს
და მომაკვდავს სიმშვიდეს არ მაღირსებენ.
მოჰყვებიან ამ სამყაროს მტანჯველ ამბებს,
სულს დარდით და ტკივილებით ამივსებენ.

მერე ვითვლი ნამთვრალევი თეთრ ღამეებს,
გათოვდება ღამენათევ ჰორიზონტზე.
უკვე ვგრძნობ, რომ წერას თავს ვერ დავანებებ,
მე სხვაგვარად სიმშვიდეს ვერ მოვიპოვებ.

ახლა მე ხომ მთელი სულით ჭაობში ვარ,
ან პირიქით ზეცას მივწვდი პოეტივით.
ეს სამყარო ჩემი ფიქრით დაორთქლილა,
მე კი თითით მივახატე მზე და სხივი.


Melano Zukakishvili - Fiqrit Daortqlili
მელანო ზუკაკიშვილი - ფიქრით დაორთქლილი

No comments:

Post a Comment