სიცოცხლით სავსე,
ვითარცა კვერცხი,
არის დუმილი, -
აღმძვრელი შიშის;
არე და მარე
ჭედილა ვერცხლით,
ზღვა იმყოფება
ყველაფრის პირში.
ხმის ამოღება,
თუნდ ერთი სიტყვა,
ვინმემ გაბედოს, -
კარგი ბიჭია!...
არამც თუ შაშვმა,
არამც თუ გვრიტმა,
თვით იადონმაც
შორს დაიჭირა.
ხენი, ვით ქვანი
სიჩუმეს ესვენ,
ასე განსაჯე, -
სიოც არ უსტვენს...
რომ დაარღვიოს
დუმილი ესე, -
გაუჭირდება
ალბათ თვით რუსთველს...
ანაზდად, სადღაც
აყეფდა ძაღლი,
ანაზდად, ღმერთო,
ყივილი მამლის!...
და, რაღა გეთქმის
კაცს ამის მერე?!...
და, მე ვიხილე
ღიმილი ღამის
ვით განეფინა
ზღვასა და ხმელეთს.
Muxran Machavariani - Gamis Gimili
მუხრან მაჭავარიანი - ღამის ღიმილი
No comments:
Post a Comment