მელანო ზუკაკიშვილი - მოპარული წამები

ვერცხლისფერ ხომალდს დაულეწა ქარმა აფრები,
და ფრთამოტეხილ თეთრ თოლიას სუნთქვა უჭირდა.
ქვეყნიერების სამართალო, როდის აღსდგები?!
ამ დაუნდობელ სიცოცხლესთან ბრძოლა მომინდა.

სუნთქვა შევწყვიტე, გავაჩერე სისხლის დინება,
გული არ ფეთქავს, გაირინდა, როგორც თოლია.
მთელი სხეული აზვირთებულ ტალღებს მინებდა,
ეს წამები კი, უკვე ვგრძნობ, რომ მოპარულია.

ფსკერზე მიმაფრენს ვერცხლისფერი იალქანი და
ზეცისკენ მიჰქრის ჩემი სულის ამოძახილი.
მახსოვს ბავშვობის თბილი წლები იას აწვიმდა
და დღეს ცხოვრების გასაყარზე, მე ვარ დაღლილი.

თანდათან სუნთქვა მიძნელდება დედამიწაზე,
ჩემი სამყაროს მზეც საოცრად დათრგუნულია.
მოდი და ქვეყნად სამართალი კიდევ იწამე,
წამო, ვიფრინოთ ღრუბლებს მიღმა, ჩემო თოლია.

Melano Zukakishvili - Moparuli Wamebi
მელანო ზუკაკიშვილი - მოპარული წამები

No comments:

Post a Comment