გაჩუმდი, ძვირფასო, ისწავლე დუმილით,
თვალებში ჩამდგარი გრძნობების წაკითხვა.
არ გვინდა სიტყვები, არ გვინდა წუხილი,
იმაზე რაც უკვე იყო და არ ითქვა.
გავბედავ და გეტყვი, რომ ისევ მაფიქრებს,
მაგ შენი გრძნობებით აღვსილი სამოთხე.
ოდესღაც სამყაროს ჩუქებას დამპირდი
და თუკი ვერ შეძლებ მინდა, რომ გამოტყდე.
ან იქნებ პირიქით, კვლავ გინდა მაჩუქო,
სივრცეში მფეთქავი, მთელი გალაქტიკა.
სიცოცხლით ამივსო გრძნობების საწუთრო,
მოდი გავიხსენოთ, თორემ დაგვავიწყდა
პირველი შეხვედრა, პირველი სიტყვები,
თვალებით ნათქვამი უკვდავი სრტოფები.
ფიცი, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები,
ამბები ზღვის პირას ჩუმად რომ მოვყევით.
მთრთოლვარე თითების პირველი შეხება,
ყოველი დანახვის გულის არითმია.
გრძნობების გამხელა საოცარ ლექსებად,
წვიმაში შეხვედრის წამიც დაგვითვლია.
თეთრად გათენებულ ფიქრიან ღამეებს
მახსოვს ვუყვებოდი უსაზღვრო გრძნობებზე,
ქუჩაში დანიშნულ ზაფხულის პაემნებს
დავარქვი სიგიჟე და ისე მოგენდე,
რომ დღემდე მოგყვები ცხოვრების ბილიკზე,
მე შენი მჯერა და წამოვალ ბოლომდე.
იცოდე, იმ წამებს არასდროს ვივიწყებ,
ცეკვისას მუსიკას ''ჩვენი'' რომ ვუწოდეთ.
ახლაც მახსენდება სიმორცხვის სიწითლე,
დახრილი თვალებით ნათქვამი სიტყვები.
მე ისევ ვოცნებობ ''ჯადოსნურ ივლისზე'',
მე ისევ წარსულის მოტივებს მივყვები.
ვიხსენებ ოცნებას საოცარ ღიმილზე,
გპირდები, რომ მუდამ ამაყი ვიქნები,
რადგან ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქეთ ასეთი,
საოცარი გრძნობის უკვდავი რითმები.
ისეთი, როგორსაც ჰყვებიან ზღაპრებში
და ახლა, რომ დადგეს ქვეყნის აღსასრული,
სამყაროს წინაშე დავდგები თავდებში,
რომ ასეთ სიყვარულს, არ აქვს დასასრული.
Melano Zukakishvili - Jadosnuri Ivlisi
მელანო ზუკაკიშვილი - ''ჯადოსნური ივლისი''
No comments:
Post a Comment